ალტე უნივერსიტეტის START-UP მარათონის რჩეული გუნდები გამოვლინდნენ
ახალგაზრდებში მეწარმეობის, ინოვაციური აზროვნებისა და ბიზნეს-უნარების განვითარების ახალი შესაძლებლობა – ასე შეიძლება შეფასდეს ალტე უნივერსიტეტის მასშტაბური სასკოლო პროექტი – START-UP მარათონი 2026, რომლის ფინალური ღონისძიებაც 2 აპრილს გაიმართა.
პროექტმა, საქართველოს მასშტაბით, X, XI და XII კლასის მოსწავლეები გააერთიანა და ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით დაინტერესებულ უფროსკლასელებს მისცა უნიკალური შესაძლებლობა, START-UP იდეები სიცოცხლისუნარიან ბიზნეს-მოდელებად ექციათ.
წლევანდელი მარათონი, როგორც საპრიზო ფონდის, ისე დაინტერესების კუთხით, განსაკუთრებით მასშტაბური გამოდგა. კონკურსში მონაწილეობის სურვილი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან 500-ზე მეტმა მოსწავლემ გამოთქვა, საერთო საპრიზო ფონდი კი, 13 000 ლარს შეადგენდა და გამარჯვებული გუნდებისთვის არამარტო ფინანსურ, არამედ ინტელექტუალურ მხარდაჭერასაც მოიცავდა.
მარათონის სარეგისტრაციო ეტაპის დასრულების შემდეგ, ალტე უნივერსიტეტის ბიზნესისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სკოლების კვალიფიციურმა წარმომადგენლებმა, ინოვაციური იდეების საფუძველზე, 78 უფროსკლასელი შეარჩიეს. შემდეგ მოსწავლეები 3-4-კაციან გუნდებად დაკომპლექტდნენ და ჯამში, 23-მა გუნდმა ნახევარფინალურ ეტაპზე, ონლაინ ტრენინგ სესიებში მონაწილეობასთან ერთად, საკუთარი START-UP იდეების განვითარებასა და დახვეწაზე დაიწყო მუშაობა. საბოლოოდ კი, ალტე უნივერსიტეტის კამპუსში გამართულ ფინალურ ღონისძიებაზე, კომპეტენტური ჟიურის წინაშე 10 გუნდი წარსდგა.
თითოეული გუნდის მიერ პრეზენტაციის წარდგენის შემდეგ, დრო კითხვა-პასუხის რეჟიმსაც დაეთმო – მოსწავლეებმა ჟიურის წევრების შეკითხვებს უპასუხეს და მათი შეფასებებიც მოისმინეს. START-UP მარათონი 2026-ის კულმინაცია გამარჯვებული გუნდების გამოვლენა და დაჯილდოების ცერემონია გახდა. 6-კაციანი ჟიურის გადაწყვეტილებით, კონკურსში მონაწილე გუნდებიდან ხუთს – Blupatch-ს, Armmo-ს, Protoblast-ს, Future intelligent teacher-სა და Athle track-ს, სხვადასხვა პრიზი ერგო:
ალტე უნივერსიტეტის რჩეული გახდა Blupatch – გუნდს, იდეის განხორციელების მხარდასაჭერად, 5 000 ლარი გადაეცა. გარდა ამისა, უნივერსიტეტის „ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის“ მხარდაჭერით, გამარჯვებულ გუნდს შესაძლებლობა ექნება, განავითაროს საკუთარი პროექტი და მოიძიოს ინვესტორები. ალტე უნივერსიტეტმა დაასახელა კიდევ ერთი გუნდი – Future intelligent teacher, რომელსაც უნივერსიტეტი მხარდაჭერას გაუწევს;
პროექტის გენერალური სპონსორის – „ლიბერთი ბანკის“ რჩეული გახდა Armmo, რომელიც 5 000 ლარით დასაჩუქრდა. „ლიბერთი ბანკი“ მონაწილეებს ასევე შესთავაზებს: სტაჟირებას (3 მოსწავლეს), სპეციალურად გოგონებისთვის შექმნილ ლიდერშიფის ტრენინგს, წვდომას LMS სასწავლო პლატფორმაზე, AI მასტერკლასებს, სოც.მედია მხარდაჭერას;
პროექტის სპონსორის – Easy Pay-ის რჩეული გახდა და 3 000 ლარი მიიღო Athle track-მა;
FINO-ს რჩეულები გახდნენ Armmo და Future intelligent teacher, რომლებსაც კომპანიის წარმომადგენელმა 3 000-3 000 ლარის ღირებულების სერვის პაკეტი გადასცა;
Entrepreneur Georgia-ს რჩეულის ტიტული სამმა გუნდმა – Blupatch-მა, Armmo-მ და Protoblast-მა მიიღეს. Entrepreneur Georgia გუნდებს მედია მხარდაჭერით უზრუნველყოფს;
GITA-ს რჩეულებად Armmo, Athle track და Blupatch დასახელდნენ. GITA Tech Park-ი გუნდებს პროტოტიპის შექმნაში დაეხმარება.
მარათონის ფინალში მონაწილე ყველა გუნდის წევრებს ასევე გადაეცათ სერტიფიკატები.
ღონისძიების დასასრულს, EDU.ARIS.GE რჩეული გუნდების წევრებს ესაუბრა და მათ მიერ წარდგენილ იდეებსა და გამარჯვების ემოციებზეც მოისმინა. როგორც ალტე უნივერსიტეტის რჩეული გუნდის – Blupatch-ის წევრმა, თბილისის 177-ე საჯარო სკოლის მოსწავლემ, ლუკა ჩხობაძემ გვითხრა, გამარჯვება დიდი მოტივაციაა საიმისოდ, რომ საკუთარი იდეა კიდევ უფრო მეტად დახვეწონ და განავითარონ:
„ჩვენი გუნდი შედგება სხვადასხვა სკოლის ოთხი მე-11 კლასის მოსწავლისგან. დიდი შრომა ჩავდეთ და ნამდვილად დაფასდა. საკმაოდ ამაღელვებელი დღეა. ძალიან გვიხარია, რადგან არა ერთი, არამედ სამი ჯილდო მოვიპოვეთ. მადლობა ყველას. ჩვენი იდეა შეეხება ინოვაციურ პლასტირს, რომელიც ლურჯი ნათების საშუალებით დაზიანებულ კანზე ბაქტერიებს ანადგურებს. გამარჯვების შემდეგ ვაპირებთ, რომ ჩვენს იდეაზე მუშაობა გავაგრძელოთ. ახლა მეტი მოტივაცია გვაქვს“.
„ლიბერთი ბანკის“ რჩეული გუნდის – Armmo-ს წევრი, ბრიტანულ-ქართული აკადემიის მე-12 კლასის მოსწავლე თეკლა თუთბერიძე კი სამომავლო გეგმებზე დეტალურად გვესაუბრა და მარათონის ფინალურ ეტაპზე წარდგენილი პროექტიც სიამაყით გაგვაცნო.
„ჩვენ ვართ სხვადასხვა სკოლის მეთორმეტეკლასელები. 4 მოსწავლის მიერ შექმნილი პროექტი უკავშირდება ხელის ეგზოსკელეტს, რომელიც ზედა კიდურების მოტორული უნარების აღდგენას უწობს ხელს ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროში. ერთი თვის განმავლობაში ვემზადებოდით მარათონისთვის. რაღაც დაბრკოლებების გადალახვაც მოგვიწია. მუდმივად ტონუსში ვიყავით და გვინდოდა, რომ კარგი წარდგენა გვქონოდა. ძალიან ბედნიერები ვართ. ახლა, რა თქმა უნდა, გვინდა განვითარება. ჯერჯერობით მხოლოდ ერთი ეგზოსკელეტი გვაქვს დამზადებული, თუმცა გადავწყვიტეთ, მიღებული თანხით სამი პროტოტიპი დავამზადოთ. ასევე, გვინდა, რომ თანხის რაღაც ნაწილი აპლიკაციის დახვეწისთვის გადავდოთ და პარალელურად, მარკეტინგზეც ვიფიქროთ“, – გვითხრა მოსწავლემ.
მარათონის შესახებ მოსაზრება გაგვიზიარა პროექტის სპონსორის – Easy Pay-ის ტექნიკურმა დირექტორმა, იმედა კლდიაშვილმა. მან EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას დაასახელა ის მთავარი კრიტერიუმებიც, რომელთა საფუძველზეც Easy Pay-ს რჩეული გუნდი გამოვლინდა:
„ჩვენი რჩეული გახდა გუნდი, რომელსაც წარმოდგენილი ჰქონდა სრულყოფილი პროტოტიპი, სწორი ისტორია, მომხმარებელიც ჰყავდა და ამ თემის განვითარებაც შესაძლებელია საკმაოდ დიდ ბიზნესში. სწორედ ამ კრიტერიუმებით ვიხელმძღვანელეთ ჩვენ, როდესაც Easy Pay-ის რჩეული გუნდი გამოვავლინეთ. უნივერსიტეტი, სკოლა – ეს არის ადგილი, სადაც ბავშვებმა უნდა განივითარონ შესაძლებლობები. ყოველგვარი ასეთი მარათონი, ჰაკათონი არის გამოწვევა, რომლის საშუალებითაც, მათ შეუძლიათ უნარები გაიუმჯობესონ იმისთვის, რომ გადამწყვეტ მომენტში იყვნენ კონკურენტუნარიანები სხვებთან შედარებით. დღეს ჩვენ ვნახეთ, რომ ბავშვები AI-ის უკვე ეუფლებიან, ტექნოლოგიებში ახსენებენ და იყენებენ. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს არამარტო მათთვის, არამედ მათთვისაც, ვინც ცდილობს, რომ კარგი კადრები და ჭკვიანი ადამიანები შემოიკრიბოს“.
შეჯამების სახით, START-UP მარათონის მნიშვნელობაზე ვკითხეთ მარკეტინგისა და ბიზნესის განვითარების მიმართულებით ალტე უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტ ანი ამირანაშვილს. მისი თქმით, პროექტს რამდენიმე მთავარი მიზანი აქვს, მათ შორის კი ნიჭიერი მოსწავლეების იდეების აღმოჩენა და მათი მხარდაჭერაა.
„ინოვაციები და მეწარმეობა, როგორც ფოკუსი, ალტე უნივერსიტეტისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ამ მიმართულებით ჩვენ არაერთ პროექტს ვახორციელებთ ყოველწლიურად და მათ შორის არის START-UP მარათონიც. ჩვენი მიზანია, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ მეტი ინფორმაცია როგორც ინოვაციების, ისე მეწარმეობის კუთხით და აღმოვაჩინოთ მეტი მოტივირებული ახალგაზრდა, რომელიც ამ მიმართულებებზე ფიქრობს. შეიძლება, დიდი ცოდნა ან რესურსი თავიანთი იდეების განხორციელებისთვის ჯერჯერობით არ აქვთ, მაგრამ ამისთვის ვართ სწორედ ჩვენ. START-UP მარათონი უკვე ოთხი წელია, ხორციელდება და ყოველწლიურად 500-ზე მეტ მოსწავლეს აერთიანებს. ძალიან გვეამაყება, რომ ამ ინიციატივაში მუდმივად გვყავს მსხვილი პარტნიორი ორგანიზაციები. მარათონს ორი მთავარი მიზანი აქვს. ერთი ეს არის ინოვაციებისა და მეწარმეოების მიმართულებით ცოდნის გაზიარება, ინფორმირება საზოგადოების და მოსწავლეების დატრენინგება და მეორე – ნიჭიერი მოსწავლეების, მათი იდეების აღმოჩენა და მხარდაჭერა, რათა ეს იდეები არ დარჩეს იდეებად და იქცეს რეალობად“, – აღნიშნა ანი ამირანაშვილმა EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას.
-
ალტე უნივერსიტეტის დელეგაცია პორტუგალიის წამყვან უნივერსიტეტებს სამუშაო ვიზიტით ეწვია
by ალტე უნივერსიტეტი
-
ალტე უნივერსიტეტში „ესეების კონკურსის“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
by ალტე უნივერსიტეტი
-
რობოტიკისა და ელექტრონიკის სიმპოზიუმი სკოლის მოსწავლეებისათვის – ალტე უნივერსიტეტი
by ალტე უნივერსიტეტი



