GE

„გამოდის, რომ გამოცდებში მონაწილეობას აზრი არ აქვს?!“ – რას ამბობენ მასწავლებლები სტატუსის ცვლილების ისევ გადაწევაზე

2025 წლის ივლისი მიიწურა, თუმცა მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა არათუ ორად გაიყო, როგორც ამას განათლების მინისტრი გვპირდებოდა და პირველი ივლისიდან ველოდით, არამედ განათლების ახალი მინისტრი გვყავს, მასწავლებელთა კარიერული საფეხურის ცვლილების პროცესი კი 2026 წლის 1-ელ იანვრამდეა შეჩერებული.

განათლების სამინისტრომ მასწავლებელთა ახალი სქემის შექმნის დრო 2026 წლის 1 იანვრამდე გადაწია – ბრძანება

სქემის გაყოფა მიმდინარე წლის 1-ელი ივლისიდან იყო მოსალოდნელი, თუმცა 30 ივნისს, იმ დღეს, როცა ალექსანდრე წულაძემ განათლების მინისტრის თანამდებობა დატოვა, გამოქვეყნდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ბრძანება, საიდანაც გაირკვა, რომ მასწავლებელთა სქემაში არათუ ცვლილებები შევიდოდა, არამედ ახალი სქემის შექმნის დრო 2026 წლის 1-ელ იანვრამდე გადაიწეოდა და ამ დრომდე სტატუსის ცვლილების გზების შესახებ სქემის ზოგიერთი მუხლი მთლიანად შეჩერდებოდა. ბრძანების საფუძველზე შეჩერდა მათ შორის ისეთი მუხლების მოქმედება, როგორიცაა: წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მინიჭება, მენტორი მასწავლებლის სტატუსის მინიჭება, წამყვანი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მინიჭება, მენტორი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მინიჭება და ა.შ.

რას უნდა ელოდოს სასკოლო საზოგადოება მომავალი წლის 1-ელი იანვრიდან და/ან რა გახდა მიზეზი ახალი სქემის შექმნის დროის გადაწევის – აღნიშნულ საკითხებზე დამატებითი განმარტება არც ალექსანდრე წულაძის შემცვლელს, განათლებისა და მეცნიერების ახალ მინისტრს, გივი მიქანაძეს გაუკეთებია.

განათლების სისტემის მთავარ რგოლს, მასწავლებლებს კი სქემასთან დაკავშირებული გაურკვევლობის ფონზე, არაერთი შეკითხვა და ვარაუდი აქვთ, რომელსაც EDU.ARIS.GE-ს უზიარებენ.

უფროსი მასწავლებელი, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთი რეგიონის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლებას ასწავლის და რომელსაც მასწავლებლის საგნის გამოცდის ჩაბარების შემდეგ ვესაუბრეთ, რიტორიკულ კითხვას სვამს: „გამოდის, რომ გამოცდებში მონაწილეობას აზრი არ აქვს?!

„წინასწარმეტყველი უნდა ვიყო, რომ ამასთან დაკავშირებით რაღაც დასკვნა გავაკეთო. კარგი იყო ის, რაც აქამდე იყო – კომპეტენციის დადასტურება, იმიტომ, რომ პედაგოგების ცოდნის დონემ უფრო აიწია. მოვიდნენ უფრო ღირსეულები, რადგან მათი კომპეტენცია უფრო მაღალია, მით უფრო 10-კრედიტიანების შემთხვევაში. 1-2 კრედიტით გადალახულებიც ვიცით, როგორებიც არიან. მე არ ვფიქრობ, რომ უნდა შეჩერებულიყო. არ ვიცი, რა ვთქვა – იქნებ არსებულზე ბევრად უკეთესი პროექტი აქვთ. ვნახოთ, იქნებ ახალი ძველს სჯობდეს“,- გვეუბნება პედაგოგი, რომელმაც მასწავლებლის გამოცდა ისტორიაში ჩააბარა.

მოლოდინის რეჟიმი და გაურკვევლობა აწუხებს თბილისის ერთ-ერთი სკოლა-ლიცეუმის დაწყებითი კლასების პედაგოგ ნანი ივანიშვილს. ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდიდან გამოსული მასწავლებელი EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას ამბობს, რომ მსგავს საკითხებზე ფიქრს პედაგოგი განათლებაზე ორიენტირებული სწავლების ნაცვლად, სულ სხვა რელსებზე გადაჰყავს:

„არის სათავეში ისეთი ხალხი, ვინც ძალიან კარგად იცის, რას მოუტანს ეს გადაწყვეტილება თითოეულ მასწავლებელს. როდესაც მასწავლებელი იმყოფება ისეთ მდგომარეობაში, რომ არ იცის, ხვალ და ზეგ რა და როგორ იქნება, მისი მუშაობის ხარისხი იკლებს. პედაგოგი სტრესულ მდგომარეობაში არ უნდა იყოს. ფიქრი იმაზე, მე რას მომთხოვენ, რა ვალდებულებების წინაშე შეიძლება, აღმოვჩნდე, მასწავლებელს იმ სავალი ნაწილიდან აცდენს, რომელსაც ბავშვის განათლება ჰქვია – ართმევს დროს და ფაქტობრივად, სხვა რელსებზე გადაჰყავს. რა თქმა უნდა, არ მომწონს შეჩერება. არ ვიცით, რა იქნება – ყველაზე ცუდი მოლოდინის რეჟიმი და გაურკვევლობაა. რისთვის ვიყოთ მზად, ისიც კი არ ვიცით“.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი თონეთის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების უფროსი მასწავლებელი დავით ბადალაშვილი კი, მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებასა და სტატუსების ცვლილებასთან დაკავშირებული მუხლების 2026 წლის 1-ელ იანვრამდე შეჩერებას უსამართლო გადაწყვეტილებას უწოდებს და სახელფასო პოლიტიკასთან დაკავშირებითაც უკმაყოფილებას გამოთქვამს.

„შეჩერება უსამართლოა იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც წლები დახარჯეს იმისთვის, რომ სტატუსი მოეპოვებინათ. ასე ხელაღებით შეჩერება არ შეიძლებოდა. ეს ჩვენი სუბიექტური აზრია. ადამიანებმა ბევრი იწვალეს, რომ შედეგებისთვის მიეღწიათ. თუნდაც ველოდი, რომ უფრო ღირსეული ანაზღაურება ექნებოდათ. მე უფროსი მასწავლებელი ვარ და ვფიქრობ, რომ წამყვანი და მენტორი ჩემზე მაღალ საფეხურზე დგას და მეტი ანაზღაურება უნდა ჰქონდეთ“, – აცხადებს დავით ბადალაშვილი EDU.ARIS.GE-სთან.

ასევე იხილეთ:

„სქემა გაიყოფა“ – სიახლეს 1-ელი ივლისიდან ელოდებიან – რა თქვა განათლების მინისტრმა მასწავლებლის სქემის ცვლილებაზე

ესაუბრა მარიამ იმერლიშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური