„სქემა გაიყოფა“ – სიახლეს 1-ელი ივლისიდან ელოდებიან – რა თქვა განათლების მინისტრმა მასწავლებლის სქემის ცვლილებაზე
მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში ცვლილებები პირველი ივლისიდან არის მოსალოდნელი. ამის შესახებ EDU.ARIS.GE-ს ინფორმაცია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში 30 აპრილს მიაწოდეს.
როგორც გავარკვიეთ, დამატებითი დეტალები ამ მომენტისთვის არც მასწავლებლის სახლში იციან, თუმცა აღნიშნავენ, რომ მინისტრთან სამუშაო შეხვედრები მიმდინარეობს და პროცესში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტები არიან ჩართული.
ვიდრე განათლების სამინისტრო ვიწრო ჯგუფებში განხილულ სიახლეებს დღის შუქზე გამოიტანს, პირველი განცხადებები სქემასთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ალექსანდე წულაძემ გააკეთა.
რა თქვა განათლების მინისტრმა მასწავლებლებსა და სქემაზე
მასწავლებელი, როგორც განათლების საზომი ქვეყანაში:
“პირველ რიგში, მსურს აღვნიშნო, რომ, რა თქმა უნდა სკოლის მასწავლებელი არის ჩვენი სისტემის მთავარი ხერხემალი. სკოლის მასწავლებელია რეალურად მთავარი საზომი ასევე იმისა, თუ რა დონის განათლება გვექნება ჩვენ საჯარო სკოლებში. აქედან გამომდინარე, ჩვენი, როგორც სამინისტროს, ისე მთელი სისტემის განსაკუთრებული ყურადღება არის დათმობილი თითოეული მასწავლებლისადმი და ჩვენი პოლიტიკა არის, რომ არც ერთი მასწავლებელი არ დარჩეს ყურადღების მიღმა. ამ პროცესში, რა თქმა უნდა, ერთის მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია ახალი კადრების მოზიდვა და ზოგადად ჩვენი პროფესიის პოპულარიზაცია და მიმზიდველობა. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, უკვე შემოსულებისთვის და არსებული მასწავლებლებისთვისთვის კარიერული წინსვლის და პროფესიული განვითარების სქემის არსებობა”.
განათლების მინისტრს ზოგადი განათლების ახალი ხედვა აქვს – რა შეიცვლება მიმართულებაში
მასწავლებელი სკოლის მართვაში – რა შესაძლებლობას მისცემს მასწავლებელს შეცვლილი სქემა:
“მთავარი სიახლე, ალბათ რაც იქნება, ჩვენი მიზანია, თითოეულ მასწავლებელს, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, ჰქონდეს სკოლაში, ანუ მის სამუშაო სივრცეში განვითარების საშუალება. პირობითად, მასწავლებელი, რომელიც დაინტერესებულია სწავლა-სწავლების პროცესით, მას ჰქონდეს ამ მიმართულებით კვალიფიკაციის ამაღლების და შემდგომ, უკვე სასკოლო საზოგადოებაში, საკუთარი რესურსის რეალიზების საშუალება. და მასწავლებელი, რომელიც დაინტერესებულია ადმინისტრირებით, ანუ მას ჰქონდეს ამ მიმართულებით კარიერული წინსვლის საშუალება. ვგულისხმობ მათ, ვისაც აქვთ სურვილი, მაგალითად გახდნენ სასწავლო ნაწილი, დირექტორი, დირექტორის მოადგილე ან რესურსცენტრის ხელმძღვანელები; ხოლო მასწავლებლები, ვინც დაინტერესებული არიან კონკრეტული საგნით, საგნობრივი სპეციალიზაციით, მათ ჰქონდეთ ამის საშუალება.
ანუ, დღევანდელი სისტემა თითქოს ერთი სქემა იყო ყველასთვის და ჩვენი სურვილი არის, რომ დაიყოს და რაც შეიძლება მეტი გზა არსებობდეს კარიერული წინსვლისთვის თითოეული მიმართულებით.
პირობითად, თუ მე ვარ ფიზიკოსი და მე მაქვს სურვილი, გავხდე არა სასწავლო ნაწილი ან, სკოლის დირექტორი ან რესურსცენტრის ხელმძღვანელი, არამედ გავხდე მაგალითად ფიზიკის განსაკუთრებული მასწავლებელი – წამყვანი, უფროსი და მენტორი საბოლოოდ, აი ამის საფეხურები იქნება სამივე მიმართულებით. ჩვენ ეს შევთავაზეთ, განვიხილეთ სასკოლო საზოგადოებასთან ერთად. ასევე დაგეგმილი გვაქვს, რომ არამხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებშიც შევხვდეთ მასწავლებლებს და მათაც შევთავაზოთ აღნიშნული მოდელი.
ჩვენი სურვილია, რომ ეს ყველა გადაწყვეტილება პირველ რიგში განვიხილოთ მასწავლებლებისა და სასკოლო საზოგადოების, მათ შორის სკოლის მოსწავლეების მშობლების ჩართულობით. მივიღოთ ეს გადაწყვეტილებები, შემდეგ უკვე შევიტანოთ საპილოტე რეჟიმში სკოლებში და საბოლოოდ უკვე დავნერგოთ როგორც მოდელი”, – თქვა ალექსანდრე წულაძემ.
ასევე იხილეთ:
რა ცვლილებები და სიახლეები ელოდებათ მოსწავლეებს სკოლაში – განათლების მინისტრი გეგმებზე
-
ყველაფერი, რაც სასკოლო ცხოვრებაში შეიცვლება – ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის დოკუმენტი
by ARIS.GE-განათლება
-
„სასკოლო პროცესში მობილური ტელეფონების გამოყენება აიკრძალება“ – ახალი გადაწყვეტილება
by ARIS.GE-განათლება
-
მინისტრი: „მე-11 კლასში ე.წ. რეპეტიტორიუმი შემოგვაქვს“ – რას ისწავლიან მოსწავლეები ბოლო კლასში
by ARIS.GE-განათლება