GE

„გამოსავალი ერთობლივი მუშაობაა“ – რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს მოსწავლის ჯანმრთელობაზე სკოლაში არსებულ დარღვეულ სანიტარულ პირობებს

პედიატრი, მედიცინის დოქტორი თამარ ობგაიძე თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მაგალითზე საუბრობს და ხსნის, თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობაზე სკოლაში არსებულ დარღვეულ სანიტარულ პირობებს.

იმ უმნიშვნელოვანესი პრობლემის გადაწყვეტა, რომელზეც ის წერილში საუბრობს, როგორც თამარ ობგაიძემ 10 ოქტომბერს, EDU.ARIS.GE-სთან საუბარში განმარტა, სახელმწიფოს ჩართულობის გარეშე ვერ მოხერხდება.

“გამოსავალი მესახება ასე- სკოლის ადმინისტრაციის, მშობლებისა და სკოლის ექიმის ერთობლივი, კოორდინირებული მუშაობა. რაც შეეხება როგორი შეიძლება იყოს განათლების სამინისტროს ჩართულობა, ვფიქრობ, ფონანსური – თუ სკოლას არ აქვს შესაბამისი მხარდაჭერა, მას არ ექნება საშუალება, რომ ჩაატაროს რემონტი ან იქირავოს უფრო მეტი დამლაგებელი. ამიტომ, განათლების სამინისტროს ჩართულობის გარეშე ეს საკითხი, რა თქმა უნდა, არ გამოვა”, – აცხადებს თამარ ობგაიძე.

რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობაზე სკოლაში არსებულ დარღვეულ სანიტარულ პირობებს

როგორც ექიმს, რამდენიმე მშობელმა მომმართა კითხვით, რა გავლენის მოახდენა შეუძლია მათი შვილების ჯანმრთელობაზე ზოგიერთ სკოლაში არსებულ დაბალ სანიტარულ-ჰიგიენურ პირობებს.

მოდით, განვიხილოთ, რა საფრთხეები შეიძლება დადგეს, როცა სკოლაში ირღვევა სანიტარულ-ჰიგიენური პირობები.

ინფექციები

ყველამ კარგად იცის – ანტისანიტარია ინფექციების წყაროა. ბავშვთა თავშეყრის ადგილებში ინფექციები მარტივად ვრცელდება და სკოლების გაცდენის, დაბალი აკადემიური მოსწრების მიზეზი ხდება. მათი თავიდან აცილებისთვის ხელების დაბანა უმნიშვნელოვანესი საკითხია. უნდა იყოს თუ არა საპონი ხელსაბან ნიჟარასთან, ამაზე პასუხი, რა თქმა უნდა, ყველამ ვიცით.

საშარდე და კუჭ-ნაწლავის სისტემების დაავადებები

სკოლის ტუალეტებში არსებული ანტისანიტარია ხშირად მოშარდვის და დეფეკაციის შეკავების მიზეზი ხდება, რადგან ბავშვი თავს არიდებს ტუალეტში შესვლას. ზოგადად, ადრეულ ასაკში ბავშვებს ისედაც აქვთ დისკომფორტის შეგრძენება სახლის გარეთ, სხვა ტუალეტში შესვლისას და ცდილობენ ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების შეკავებას, მაგრამ როცა ამას ემატება ანტისანიტარია, არსებული უსიამოვნო სუნი, მდგომარეობა კიდევ უფრო რთულდება.

შარდის ხანგრძლივმა, სისტემატურმა შეკავებამ შესაძლოა ხელი შეუწყოს დროთა განმავლობაში შარდის ბუშტის მოცულობის ზრდას, მისი კედლების ელასტიურობის დაკარგვას და საშარდე გზების ინფექციების რისკის მატებას.

დეფეკაციის სისტემატური შეკავება ნაწლავთა შეკრულობის მიზეზი ხდება, რაც მოზარდებში ხანგრძლივი დისკომფორტის, მისი ცხოვრების ხარისხის დაქვეითების მიზეზი ხდება და ხშირად ხანგრძლივი მკურნალობა სჭირდება.

რეპროდუქციული ჯანმრთელობა

საკმაოდ მძიმე პირობებში არიან მოზარდი გოგონები, რომლებიც ცდილობენ, მენსტრუაციის დროს არ წავიდნენ სკოლაში, სადაც ჰიგიენის არადამაკმაყოფილებელი პირობებია, რადგან ჰიგიენური პირობების დაცვა ამგვარ ტუალეტში შეუძლებელია და რისკის შემცველიც.

ამ დროს არსებული ანტისანიტარია ხელს უწყობს საშარდე და რეპროდუქციული სისტემების ადვილად ინფიცირებას, რაც, შესაძლოა, შემდგომში რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახოს.

რესპირაციული ავადობა

საკლასო ოთახში არსებული დაობებული კედლები საფრთხეს უქმნის ბავშვის სასუნთქ სისტემას. ობის სოკო გამოყოფს სპორებს, მიკოტოქსინებს, სხვადასხვა ორგანულ ნაერთს, რაც იწვევს სასუნთქი გზების ჰიპერმგრძნობელობას, ალერგიის და ასთმის განვითარების რისკს, ზრდის სასუნთქი გზების ინფექციებით ავადობის სიხშირეს.

განათლება ქვეყნისათვის პრიორიტეტული უნდა იყოს! დიახ, სწორედ მასზე დგას ამ ქვეყნის მომავალი და განათლების მიღებასთან ერთად, ეს მომავალი უნდა იყოს ჯანმრთელი.

საკუთარ წერილს ექიმი სკოლაში გადაღებულ ვიდეოს ურთავს და წერს, რომ ვიდეო, რომელიც მის წერილს ერთვის, ერთ-ერთმა მშობელმა მიაწოდა და ასახავს მისი შვილის საკლასო ოთახის მდგომარეობას თბილისის ერთ-ერთ სკოლაში.

ასევე იხილეთ:

„უნივერსიტეტში მიღების ახალი მოდელის შემუშავება“ – რას აანონსებს მთავრობა და რა ინფორმაციამ გამოიწვია კერძო სკოლების „შოკი“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური