„უნივერსიტეტში მიღების ახალი მოდელის შემუშავება“ – რას აანონსებს მთავრობა და რა ინფორმაციამ გამოიწვია კერძო სკოლების „შოკი“
2024 წლის ბიუჯეტის პირველად პროექტში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელშეწყობის ნაწილში საინტერესო ჩანაწერს ვხვდებით – “უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღების ახალი მოდელის შემუშავება”.
ნიშნავს თუ არა ეს ჩანაწერი ერთიანი ეროვნული გამოცდების დღეს არსებული მოდელის სრულად ამოტრიალებას, დოკუმენტში ამაზე ჩანაწერი არ გვხვდება, მაგრამ EDU.ARIS.GE-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, საქართველოში არსებული სკოლების (კერძო) ნაწილისთვის ცნობილია, რომ სკოლის დამამთავრებელი თუ უმაღლესში მისაღები გამოცდების ფორმატის ცვლილება მოსალოდნელია და ეს მათთვის მას შემდეგ გახდა ცალსახა მოცემულობა, რაც სასწავლო წლის დასაწყისისთვის უკვე შედგენილი საგაკვეთილო ცხრილების შეცვლა მოუწიათ. ცხრილები იმის მიხედვით შეადგინეს, თუ რომელ მოსწავლეს/კლასს რა საგანი სჭირდება უფრო მეტად მისაღები გამოცდებისთვის, განათლების სამინისტროდან მიღებული ინფორმაცია კი, როგორც თავად აცხადებენ, მათთვის “შოკი” იყო, რადგან ცხრილები თავდაყირა დააყენა.
სკოლის საატესტატო გამოცდების დაბრუნების საკითხზე განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ კომენტარი გააკეთა
“ინფორმაცია ადრეც ვიცოდით, მაგრამ ამ დონეზე თუ იყო, არ ვიცოდით. წლევანდელი გამოშვება გაასწრებს ამ ყველაფერს, ეროვნული გამოცდები ჩატარდება იმავე ფორმატით, რა ფორმატითაც ამდენი ხანი ტარდებოდა და 2025 წელს ეს ფორმატი იცვლება მთლიანად. მინისტრის, გუნდის მოსაზრებაა ევროპულ მოდელზე გადასვლა და გულისხმობს იმას, რომ სტემის პროგრამა შემოდის ძალიან ძლიერად. ეს არის ის, რაზეც ბავშვებს ამდენი ხანი უარი ათქმევინეს – ფიზიკაზე, ქიმიაზე, ბიოლოგიაზე… ეს ყველაფერი ემატება და მოკლედ, არ ვიცით, ჯერ როგორი სახით ჩატარდება გამოცდები. ძალიან ბევრი ვიფიქრეთ და მივხვდით, რომ ეს საგნები უნდა დავაბრუნოთ. სტემის საგნები შემოდის უკვე მეთორმეტეშიც და X, XI, XII კლასებში იქნება”, – უთხრა თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის ადმინისტრაციამ მაღალკლასელი მოსწავლეების მშობლებს სკოლაში გამართულ შეხვედრაზე.
მათი ინფორმაციით, ცვლილებები ჯერ პროექტის სახით არის, სამინისტრო განიხილავს სამ სავარაუდო მოდელს და მათ შორის არის ე.წ. კატის პრინციპი, რომელიც წლების წინ გაუქმდა. ასეთი მოდელის შემთხვევაში, კატის ტესტში ყველა საგანი შევა რომელიც სკოლაში ისწავლება და უმაღლეს სასწავლებელში მისაღებად ბარდება.
გარდა ამისა, საუბარია მოსწავლის პორტფოლიოს შესახებ, რასაც შესაძლოა, გავლენა ჰქონდეს უმაღლესში ჩაბარების პროცესში. აი, როგორ ახსნა მოსწავლის პორტფოლიო საგნის მასწავლებელმა:
“გარდა იმისა, რომ ეს კატის გამოცდის პრინციპი უნდა დაბრუნდეს, პორტფოლიო უნდა ჰქონდს თითოეულ ბავშვს და ეს უკვე პირდაპირ არის ჩადებული. მაგალითად, მე [მასწავლებელმა] ჩავატარე რაღაც გაკვეთილი, კომპლექსური დავალება, მივეცი რუკა… ეს ყველაფერი უნდა იყოს იქ – პორტფოლიოში. ზოგიერთმა უმაღლესმა, შესაძლოა, მოითხოვოს, რომ ეს საგანი ხომ ჩააბარა აბიტურიენტმა და ამას პლუს ეს პორტფოლიო მომიტანე. გადაშლიან ფორტფოლიოს და ნახავენ შენს აქტივობებს, რაში მიიღე მონაწილეობა, რამდენად აქტიური იყავი. მოსწავლის ერთგვარი სივი. პორტფოლიოში მოსწავლეს ყველაფერი დასაბუთებულად და ლუსტრირებულად უნდა ჰქონდეს. საშრომი გვემატება, მონიტორინგის ჯგუფი შეიძლება შემოვიდეს და გვკითხოს რა გააკეთე”.
კერძო სკოლების წარმომადგენლები, თავს იკავებენ ღიად ისაუბრონ მედიასთან თუ რა ტიპის ბრძანება ან დოკუმენტი მიიღეს განათლების სამინისტროსგან, რომელმაც მათი გეგმები შეცვალა და შესაბამისად უცნობია როდის გახდება გაანთლების სამინისტროსგან ამ საკითხზე ცნობილი დეტალები, თუკი სულ არ გადაიფიქრებენ ცვლილებებს.
თუმცა ვიცით ის, რომ 2024 წელს უმაღლესი განათლების მიმართულებით სახელმწიფოსგან 163 მილიონ ლარამდე თანხა მიიმართება.
შესასრულებელი საქმეების ჩამონათვალი კი, რომელიც ბიუჯეტის პროექტში მსუყე დაპირებების ფორმატშია წარმოდგენილი შესრულების ვადების გარეშე, ასე გამოიყურება:
უმაღლესი განათლების მიმართულებით: დაინერგება უმაღლესი განათლების დაფინანსების ეფექტიანი სისტემა; შემუშავდება უმაღლესი განათლების სისტემის დაფინანსების ახალი მოდელი, რომელიც ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო დაწესებულებების მდგრად განვითარებას და სასწავლო პროცესის სწავლის შედეგებზე ორიენტირებას; განხორციელდება ღონისძიებები ხარისხის განვითარების მხარდაჭერისთვის; შემუშავდება სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისა და სადოქტორო პროგრამების შეფასების ერთიანი კონცეფცია; სახელმწიფო ხელს შეუწყობს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების მიერ საერთაშორისო აკრედიტაციის მოპოვებას; გაგრძელდება პროგრამა „ვისწავლოთ საქართველოში“;
პროგრამების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით: გაგრძელდება მასწავლებლის მომზადების ერთწლიან საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ პირთა დაფინანსება, ამოქმედდება სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამები, გაგრძელდება სკოლისშემდგომი განათლებისთვის მომზადების პროგრამის განხორციელება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისთვის, გაგრძელდება მსჯავრდებულთა მიერ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე განათლების მიღების ხელშეწყობის ღონისძიებების განხორციელება; გაფართოვდება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები, გაძლიერდება საერთაშორისო თანამშრომლობა, ხელი შეეწყობა უცხოელი მაღალკვალიფიციური აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის მობილიზებას; საქართველო გახდება პროგრამის − „ერაზმუს+“-ის („Erasmus+“) განმახორციელებელი ქვეყანა, რის შედეგადაც, გარდა უმაღლესი განათლებისა და ახალგაზრდობის კომპონენტებისა, მისთვის ხელმისაწვდომი იქნება პროგრამის ყველა კომპონენტი; გაგრძელდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსება მათი ინფრასტრუქტურისა და სასწავლო გარემოს გასაუმჯობესებლად.
უფროსკლასელი მოსწავლეებისთვის საყურადღებო ცვლილება განათლების მინისტრმა 17 სექტემბერს დააანონსა და მისი განცხადება ასეთი იყო: “უახლოეს მომავალში ვგეგმავთ ძალიან დიდ შინაარსობრივ ცვლილებებს სასწავლო პროგრამაში, რომელიც განსაკუთრებით შეეხება მეცხრე, მეათე მეთორმეტე კლასებს, სადაც გვინდა, რომ მეტი არჩევითობა შევთავაზოთ ბავშვებს თავიანთი ინტერესების მიხედვით. თუ თქვენ, მაგალითად, გაქვთ უფრო საბუნებისმეტყველო საგნებისკენ მიდრეკილება, გვინდა დავამუშაოთ გარკვეული მიმართულება და თქვენ ამას გაყვეთ. რა თქმა უნდა, აქ არ იგულისხმება, რომ თქვენ პარალელურად ქართულს ან სხვა, უცხო ენას არ ისწავლით”.
ასევე იხილეთ:
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება