GE

განათლების კომიტეტში მედიკოსების ინიციატივა დაიწუნეს – „სკოლებში ექიმებს განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროები დაადგენენ“

საქართველოს კლინიკების ასოციაციამ და სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდმა საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართა და კანონში, რომელიც სკოლებში სამედიცინო კაბინეტის შექმნას ეხება, ცვლილებების შეტანა ითხოვა. საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის ბიურომ განსახილველად განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს გადაუგზავნა, რომელმაც საკითხი 28 თებერვალს განიხილა.

საკანონმდებლო წინადადების ავტორებს მიაჩნიათ, რომ მიღებულ, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სკოლების სამედიცინო პერსონალით დაკომპლექტების კანონში ასახული ნორმა, რომელიც ითვალისწინებს სკოლის ექიმის სტანდარტის განსაზღვრას ორი სამინისტროს მიერ – განათლებისა და მეცნიერების და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის, – უნდა შეიცვალოს და კანონში უნდა გაიწეროს სკოლის ექიმის საკვალიფიკაციო მოთხოვნები. კერძოდ, საკანონმდებლო წინადადებაში აღნიშნულია, რომ ამ სამინისტროებმა უნდა შეიმუშაონ და დაამტკიცონ სკოლის სამედიცინო პერსონალის შესარჩევი კრიტერიუმები, მათ შორის მოითხოვონ, რომ სკოლის ექიმი ფლობდეს სახელმწიფო სერტიფიკატს სპეციალობებში: საოჯახო მედიცინა, პედიატრია, თერაპია ან ნებისმიერი სხვა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა. მათ შორის, ქირურგია, სტომატოლოგია, სპორტული რეაბილიტაცია და ა. შ.

საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები კანონმდებლებს ასევე სთავაზობენ, რომ ამ ორმა სამინისტრომ, ერთობლივად, დარგობრივი ასოციაციების ჩართულობით, პერიოდულად განახორციელოს სკოლის ექიმების საკვალიფიკაციო გადამზადება და განსაზღვრონ ასევე სამედიცინო პერსონალის გადამზადების მოდული.

ცვლილებების ინიციატორები ირწმუნებიან, რომ მოცემული დამატებები უზრუნველყოფს ქალაქებსა და სოფლებში სკოლის ექიმების დეფიციტის აღმოფხვრას და ქმედით ხასიათს შესძენს კანონმდებლობას, რითაც ხელი შეეწყობა კანონმდებლის ნების რეალურ ცხოვრებაში არსებითად რეალიზაციას.

კომიტეტმა წარმოდგენილი ინიციატივა დაიწუნა. 28 თებერვლის სხდომაზე აღინიშნა, რომ მიღებული კანონი, რომელიც ითვალისწინებს სკოლის ექიმის სტანდარტის განსაზღვრას სამინისტროების მიერ ერთობლივად, უფრო მოქნილი მექანიზმისაა და იურიდიულადაც გამართულია. “სკოლის ექიმი კი უნდა დაადგინონ დარგობრივმა სამინისტროებმა, რომლებსაც აქვთ უფრო მეტი კომპეტენცია”. რაც შეეხება ექიმების გადამზადებას, მათი კომპეტენცია უწყვეტი განათლების ფარგლებში მუდმივად უნდა მყარდებოდეს.

„გაწერილია სამოქმედო გეგმა, ვადები, კრიტერიუმები, სტანდარტები… ამიტომ, ახლა ვფიქრობთ, რომ დამატებითი ცვლილებები არ არის აქ საჭირო. პირიქით, ამის შესრულებაა საჭირო. ჩვენ ვთხოვთ სამინისტროს, რომ ამ ასოციაციებთან იმუშაონ, თუმცაღა დღევანდელი საკანონმდებლო ინიციატივა ვერ იქნება ამ ფორმით გაზიარებული, რაც იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ მათთან თანამშრომლობას არ გავაგრძელებთ“, – თქვა სხდომის დასასრულს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარმა.

შეგახსენებთ, რომ „ზოგადი განათლების შესახებ კანონში” ცვლილება, რომელიც ყველა საჯარო და კერძო სკოლას სამედიცინო პუნქტის ქონას ავალდებულებს, პარლამენტმა 2021 წლის მარტში დაამტკიცა.

ასევე იხილეთ:

დიდ სკოლებში სამედიცინო კაბინეტები მოეწყობა, რეგიონებში კი, სკოლის მოსწავლეებს სოფლის ამბულატორია მოემსახურება – ვადები

რომელ სკოლებში გაიხსნება მყისიერად სპეციალური სამედიცინო კაბინეტები – გარემონტებული სკოლების უპირატესობა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური