განათლების მინისტრი: წლის ბოლომდე არ დარჩება მასწავლებელი, ვისაც ეს სიახლეები არ გაუხარდება
“წლის ბოლომდე არ დარჩება მასწავლებელი, ვისაც ჩვენს მიერ დაგეგმილი სიახლეები არ გაუხარდება”, – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა დღეს, 11 სექტემბერს, პირდაპირ ეთერში საუბრისას განაცხადა, სადაც ახალი სასწავლო წლის დაწყების შესახებ საუბრობდა.
“ყველაზე მეტი, თუ რამეზე სამინისტროში ჯერ-ჯერობით დრო დაგვიხარჯავს, ეს არის სკოლა, ზოგადი განათლება და მათ შორის, რა თქმა უნდა, მასწავლებელი, მასთან დაკავშირებული უამრავი პრობლემა, მათი კვალიფიკაციის ამაღლება-გადამზადება, მათი პროფესიის დაფასება, მათთვის უკეთესი ფინანსური და სხვა სოციალური პაკეტების შეთავაზება და ამას უახლოეს თვეებში, საჯაროდ, სრული პასუხისმგებლობით ვპირდები, წლის ბოლომდე ჩვენ გვაქვს გეგმაზომიერი გეგმა იმ გადაწყვეტილებების, რომელსაც წლის ბოლომდე მივიღებთ და დარწმუნებული ვარ, არ დარჩება არც ერთი მასწავლებელი, ვისაც ეს სიახლეები არ გაუხარდება”, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
ერთ-ერთი სიახლე, რომელზეც მინისტრმა გააკეთა აქცენტი მასწავლებელთა ტრენინგებს შეეხება. მისი თქმით, მასწავლებლებისთვის პროფესიული წინსვლის საკითხში სამინისტრო ტრენინგების შეთავაზების მიდგომას შეცვლის და სახელმწიფოს თუ სხვა განმახორციელებელ ორგანიზაციებს, პედაგოგი თავად დაუკვეთავს, რა მიმართულებით სჭირდება მას განვითარება.
“გვინდა, ფილოსოფიურად შევცვალოთ ერთი მიდგომა. სახელმწიფო მასწავლებლებს აქამდე სთავაზობდა სხვადასხვა ტრენინგ მოდულებს, კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს, რომელსაც სამინისტროში გადაწყვეტდნენ რომ მნიშვნელოვანი იყო. მაგრამ მინიმალური იყო მასწავლებლების ჩართულობა და იმის კითხვა, რომ ჩვენ მასწავლებლებისთვის გვეკითხა -თქვენთვის რა უფრო სასურველი იქნება. შესაძლოა, თქვენ საგნობრივი კვალიფიკაცია კარგი გაქვთ და უფრო მეთოდიკაში გნებავთ გადამზადება და უნარების გაძლიერება… აი, ამის ცვლილება მიდის ახლა ფილოსოფიურად სამინისტროში, რომ ჩვენ მასწავლებელი კვალიფიკაციის ამაღლებაში გავხადოთ მთავარი აქტორი და ის თავად იყოს დამკვეთი სახელმწიფოსთვის, თუ რა უნდა მას.
განათლების მინისტრს კომენტარი არ გაუკეთებია, რამდენ სკოლაში ვერ დაიწყება სასწავლო პროცესი შენობის რეაბილიტაციისა თუ სხვა მიზეზით და ზუსტად რამდენი მოსწავლე ვერ დაიწყებს სასწავლო პროცესს მშობლიურ სკოლაში.
მისი თქმით, “200 სკოლა ვგაქვს, საიდანაც ბავშვები სხვა სკოლებში არიან გადანაწილებული” და საზოგადოებას, მოსწავლეთა მშობლებს თანადგომისკენ მოუწოდა.
ასევე იხილეთ:
- დამტკიცდა საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის 2025 წელს სწავლების ხელშეწყობის პროგრამა by ARIS.GE-განათლება
- არჩევნები სტუდენტთა პროტესტის ფონზე – ბსუ-ის რექტორი ტიტე აროშიძე გახდა by ARIS.GE-განათლება
- მოსწავლეებისა და მშობლების საპროტესტო აქცია საჯარო სკოლის მშენებლობის დაწყების გაჭიანურების გამო by ARIS.GE-განათლება