როგორ დავგეგმოთ პირველი გაკვეთილი პირველკლასელი მოსწავლისთვის – ინსტრუქცია კოლეგებს მასწავლებლობის 18-წლიანი გამოცდილების შემდეგ
15 სექტემბერს სკოლაში მისასვლელად 60 000-მდე პირველკლასელი ემზადება. 2023-2024 სასწავლო წელი მათთვის ზოგადი განათლების მიღების დასაწყისია. პირველი დღე სკოლაში ყველასათვის ემოციური და ამაღელვებელია, მათ შორის პედაგოგებისა და მშობლებისთვის.
მასწავლებლებს კი ამ დღეს ყველაზე დიდი გამოცდა ელით – ისე დაგეგმონ გაკვეთილი, რომ არავინ დარჩეს უკმაყოფილო, მით უმეტეს ბავშვი.
თუ მასწავლებელს პირველკლასელი აცრემლებული თვალებით შეხედა და მისგან ასეთი ფრაზები მოისმინა; „სახლში მინდაა!“ „მამა და დედა სად წავიდნენ?!“, „არ მინდა სკოლა..“ გამოდის, რომ ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც საჭიროა.
მაშ როგორ მოვახერხოთ, რომ პირველმა გაკვეთილმა იდეალურად ჩაიაროს? თემაზე EDU.ARIS.GE -ს გორის მე-8 საჯარო სკოლის პირველკლასელთა დამრიგებელი და 18-წლიანი გამოცდილების მქონე პედაგოგი, ელენე ბეთლემიშვილი ესაუბრა.
ელენე ბეთლემიშვილი: მასწავლებლები პირველკლასელთა მისაღებად იმ წამიდან ვემზადებით, რა წამსაც ახალი იდეა მოგვდის თავში, ან სიახლეს წავაწყდებით საგანმანათლებლო სივრცეში, ან სულაც ახალ მეთოდოლოგიურ აღმოჩენას ვაკეთებთ და ვხვდებით – „ეს პირველკლასელებთან კარგად იმუშავებს“. მერე ამ აღმოჩენებს ვინახავთ ან ჩვენი ტვინის საცავებში ან კომპიუტერის დისკზე და იმ დროს ამოვალაგებთ, როცა უკვე ფიზიკურად მოგვიახლოვდება პირველკლასელებთან შეხვედრა. ჩვენი ტვინი არ ისვენებს არც დასვენების დღეებში და არც არდადეგებზე. ახლა ბოლო დღეებია და დიდი სამზადისი გვაქვს, ვფიქრობთ როგორი გარემო დავახვედროთ პატარებს, როგორი საკლასო ოთახი და გარემო შევქმნათ ფოტოსესიისთვის, რომ მშობლებთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღონ და კიდევ მრავალი საფიქრალი გვაქვს პირველი დღისთვის.
– ქალბატონო ელენე, როგორ უნდა დაიგეგმოს სწორედ პირველკლასელის პირველი გაკვეთილი?
– პირველი გაკვეთილი გაცნობითი ხასიათისაა. ბავშვებმა უნდა გაიცნონ ერთმანეთი, მასწავლებელი, დაათვალიერონ საკლასო ოთახი, სკოლა და სკოლაში არსებული მნიშვნელოვანი ადგილები, რითაც სარგებლობა შეუძლიათ. შესაძლოა, ეს ერთ დღეში სრულად ვერ მოხერხდეს, მაგრამ დასაწყისისთვის ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია. პირველ გაკვეთილზე მერხებსა და სკამებს აუცილებლად წრეზე ვალაგებ ხოლმე. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვები გაცნობისას ერთმანეთს ხედავდნენ. საუბრის დასაწყისშივე უნდა ვიცოდეთ მათი სახელები და აგრეთვე აუცილებელია, რომ მათ სახელები კლასში ხმამაღლა გაჟღერდეს, როგორც თავად მოსწავლის, ასევე მთელი კლასის მიერ. შეიძლება სხვადასხვა აქტივობის მოფიქრება.
– პირველი შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებს ხოლმე, რა შეცდომა არ უნდა დაუშვას მასწავლებელმა ასეთ დროს?
– შეცდომებისგან მასწავლებლებიც არ ვართ დაზღვეული, ჩვენთვისაც ამაღელვებელი დღეა. მთავარია, ყველა მოსწავლეს თანაბრად გავუზიაროთ ყურადღება, მივმართოთ სახელით, მოვუსმინოთ ყურადღებით, თუ რაიმეს თქმა სურს. ხოლო თუ ჩუმად ყოფნას ირჩევს, შეიძლება, პირველ დღეს ესეც ვაცადოთ.
– თქვენ თუ გაიხსენებთ შემთხვევას, როცა პირველკლასელმა იტირა, როგორ დაეხმარეთ მას და რას ურჩევდით სხვა მასწავლებლებს?
– ასეც ხდება, რომ პირველკლასელები ტირიან სკოლაში. მნიშვნელოვანია რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინება: მათ სჭირდებათ თანაგრძნობა, აქტიური მოსმენა. საუბრისას მარტივი ენა უნდა გამოვიყენოთ და თუ შესაძლებელია დავეხმაროთ და გადავჭრათ პრობლემა. ან სულაც შეიძლება, მსუბუქად ვცადოთ მისი ყურადღების სხვა რამეზე გადატანა. ასეთი შემთხვევების დროს ვცდილობ, რომ ჩვენი კომუნიკაცია შედგეს. ამისათვის ჩავიმუხლავ ხოლმე, მის სიმაღლეზე ვდგები და ვცდილობ, ხმადაბლა ვკითხო მიზეზი. შესაძლოა, რომ მშობელთან განშორება უჭირს, ან რაიმე ნივთი სჭირდება, ან კონკრეტულად რომელიმე თანაკლასელის გვერდით ყოფნა უნდა. თუ შესაძლებელია, შევეცდები მისი პრობლემა გადავჭრა, მას სჭირდება თავი უსაფრთხოდ იგრძნოს. ყოფილა შემთხვევები, როცა მათი სევდიანი განწყობა სხვა საინტერესო საქმიანობით გაფანტულა. მნიშვნელოვანია, საკლასო გარემო საინტერესოდ იყოს მოწყობილი, საკლასო ოთახში იყოს სხვადასხვა სივრცეები, მაგალითად ადგილი, სადაც პირველკლასელთათვის შესაფერისი წიგნები მათთვის ხელმისაწვდომ ადგილზე იქნება დალაგებული და ბავშვებს ექნებათ შესაძლებლობა, დაათვალიერონ.
– თუ ბავშვი ითხოვს, რომ მშობელი გაკვეთილზე გვერდით ჰყავდეს, სასურველია მისი დასწრება? რა გზას შეიძლება მიმართოს პედაგოგმა ასეთ დროს
– თუ ბავშვი დაჟინებით ითხოვს, რომ გაკვეთილზე მშობელიც იყოს, ნუ შეეწინააღმდეგებით. თუ თქვენი გაკვეთილი მოსწავლის აქტიურ ჩართულობაზეა ორიენტირებული, მერწმუნეთ, მალე ჩაერთვება პროცესებში, მიხვდება რომ არ ემუქრება საფრთხე, თავს კომფორტულად იგრძნობს და მალე შეძლებს, რომ გაკვეთილებს მშობლის გარეშე დაესწროს.
– დაგვისახელეთ უნივერსალური აქტივობა, რომელიც ფიქრობთ, რომ პედაგოგმა სწავლის დაწყების პირველ დღეს უნდა დაგეგმოს
– მე აღვწერ ერთ-ერთ აქტივობას, რომელიც შესაძლებელია, პირველ დღეს ჩაატაროს მასწავლებელმა. ამ აქტივობას „ყინულმჭრელ“ აქტივობასაც ეძახიან.
გაიცანი თანაკლასელი
მიზანი: ამ აქტივობის მიზანია, ბავშვებმა გაიგონ ერთმანეთის შესახებ და ერთმანეთის ინტერესებზე. ეს ხელს შეუწყობს კლასში კომფორტული და მეგობრული გარემოს შექმნას.
საჭირო მასალა: ბავშვების ფოტოები
ინსტრუქცია: მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს თანაკლასელების ფოტოებს (1 ბავშვს – 1 ფოტო) და უხსნის თამაშის ინსტრუქციას: მათ უნდა მოძებნონ ფოტოზე გამოსახული თანაკლასელი და გაიგონ მისი სახელი და 2 (ან სულაც ერთი ან სამი რამ) საინტერესო რამ მის შესახებ. (შეიძლება, დავეხმაროთ და ვუთხრათ გაიგონ – ჰყავს თუ არა შინაური ცხოველი, უკრავს თუ არა მუსიკალურ ინსტრუმენტზე, ან რა არის მისი საყვარელი ფერი, ან საყვარელი საჭმელი). ამისათვის მათ აქვთ 10 წუთი. შემდეგ ბავშვები სხდებიან წრეზე და რომელი მოსწავლეც შეხვდათ ფოტოზე და გაიცნეს, მას ჩაკიდებენ ხელს, კლასის წინაშე წარადგებიან და ისაუბრებენ რაც მასზე გაიგეს.
ასევე იხილეთ:
როგორ ვამეცადინოთ პირველკლასელი – სპეციალისტის ინსტრუქცია მშობლებისთვის
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება