განათლების მინისტრის პასუხი უგამოცდოდ უმაღლესში მოხვედრის მსურველებს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა დღეს განათლების სამინისტროსთან გამართულ აქციას გამოეხმაურა.
მინისტრის თქმით, აქციის მონაწილეების მოთხოვნა, გამონაკლისი დაუშვან მათთვის, ვინც ეროვნული გამოცდების გვერდის ავლით საზღვარგარეთის უნივერსიტეტებში ჩააბარა და ახლა ქართულ უნივერსიტეტებში უნდათ გადმოსვლა, პრინციპულად დაუშვებელია.
„აქციის მონაწილეებისთვის გამონაკლისის დაშვება ნაწილობრივ ნიშნავს იმას, რომ ეროვნული გამოცდების გვერდის ასავლელი მეთოდი ჩნდება, რაც პრინციპულად დაუშვებელია. ალტერნატიული გზა გამონახეს რაღაც ორგანიზაციებმა, მე ძალიან ვწუხვარ ამასთან დაკავშირებით. მეთოდი არის ასეთი – ის ხალხი, ვინც ეროვნული გამოცდები ვერ ჩააბარა, მაინც მოხვდნენ უმაღლეს სასწავლებლებში.
ეს ქვეყნები რომ მოიკითხოთ, ნახავთ, რომ არც ერთი დასავლური და ევროპული ქვეყანა არ არის. არის სომხეთი, უკრაინა, ჩვენი ახლო მეზობლები. ანუ იქ გამოჩდნენ ნიჭიერი ბიზნესმენები, რომლებიც ფულს ართმევენ ამ ხალხს და აძლევენ დოკუმენტს, რომ იქ ისწავლეს. გამოდის, რომ თქვენმა შვილმა, ან მეგობარმა თუ ვერ ჩააბარა, უჩნდება ალტერნატიული გზა. ეს არარეალობაა. ჩვენ მინისტრის ბრძანებით დავადგინეთ, რომ დროის გარკვეული პერიოდი უნდა ჰქონდეს იმ ქვეყანაში გატარებული, ანუ ფაქტობრივად, კონტროლი შემოვიღეთ, მართლაც სწავლობდა ეს ადამიანი იმ ქვეყანაში, თუ არა.
არც სომხეთის წინააღმდეგები ვართ და არც უკრაინის, თუ მართლა სწავლობდა. ამ ბავშვების შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ ზოგი საერთოდ არ ყოფილა, ან ყოფილან იქ ძალიან ცოტა ხნით, ანუ რეალური სწავლის ფაქტი არ დასტურდება. სამწუხაროდ, ამ ხალხს იმედი ჰქონდა. მეორე მხრივ, კი იცოდნენ, რომ იქ რეალურად კი არ სწავლობდნენ, არამედ რაღაც ალტერნატიულ გზას პოულობდნენ. შესაბამისად, ამ ეტაპზე ამათი გამონაკლისის დაშვება ნაწილობრივ ნიშნავს იმას, რომ ეროვნული გამოცდების გვერდის ასავლელი მეთოდი ჩნდება, რაც პრინციპულად დაუშვებელია“, – განაცხადა ჯეჯელავამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს განათლების სამინისტროსთან „იურისტთა საერთაშორისო სახლისა“ და „პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის“ ორგანიზებით აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები იმ სტუდენტებისთვის ითხოვდნენ საქართველოში სწავლების უფლების მინიჭებას, რომლებმაც უგამოცდოდ ჩააბარეს საზღვარგარეთ, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრმა კი მათზე გასცა სწავლის აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, მაგრამ განათლების ყოფილი მინისტრის თამარ სანიკიძის ბრძანებით, ეკრძალებათ ქართულ უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელება.
ცვლილებები, რომლებიც განათლების სამინისტროს ინიციატივით 2015 წლის ნოემბრეში „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შევიდა და შემდეგ მინისტრის ბრძანებებით დაზუსტდა, პირველ რიგში, იმ სტუდენტისგან, რომელიც საზღვარგარეთ სწავლობენ და საქართველოს უნივერსიტეტებში სურთ გადმოსვლა, მოითხოვს 1-წლიანი ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენას.
ამ საკითხით EDU.ARIS.GE ადრე დაინტერესდა და გაარკვია, რომ სამინისტროს ამ ცვლილებას წინ „უგამოცდოდ საზღვარგარეთ ჩარიცხულთა“ დიდი რაოდენობა უძღოდა. ჩვენი მეზობელი ქვეყნების, აზერბაიჯანისა და სომხეთის სასწავლებლებში, ასევე უკრაინაში, ქართველი აბიტურიენტები შუამავალი კომპანიების დახმარებით უგამოცდოდ ირიცხებოდნენ, ერთი წელი, ან სემესტრი სწავლობდნენ იქ და შემდეგ საქართველოს უნივერსიტეტებში მობილობით გადმოდიოდნენ, შესაბამისად, ეროვნული გამოცდების ჩაბარება არ უწევდათ. ეს სტუდენტები, ხშირ შემთხვევაში არც სწავლობდნენ საზღვარგარეთ და მხოლოდ თანხის გადახდის სანაცვლოდ იღებდნენ სწავლების დამადასტურებელ დოკუმენტაციას. შესაბამისად, არც ცხოვრობდნენ მითითებულ ქვეყნებში.
დღევანდელი საპროტესტო აქციის ორგანიზატორები კი სამომავლოდ პერმანენტურ საპროტესტო ტალღას აანონსებენ.
უგამოცდოდ უნივერსიტეტში – პრობლემა, რომელსაც განათლების სამინისტრო ვერ ან არ აგვარებს
მკაცრდება თუ არა უმაღლესი სასწავლებლებისთვის ავტორიზაციისა და აკრედიტაციის მინიჭების პროცედურა
ცისანა არის© შერგილაშვილი
- რამდენია თანამდებობრივი სარგოები განათლების სამინისტროში თანამდებობების მიხედვით – განკარგულება განახლდა by ARIS.GE-განათლება
- სახელთა კუმშვასა და კვეცასთან დაკავშირებული მართლწერის საკითხები და სავარჯიშოები მეცადინეობისათვის by გრამატიკული ცნობარი
- ვასწავლოთ და ვისწავლოთ ასო-ბგერები „ბ“, „გ“, „დ“, „თ“, „კ“, „უ“, „ღ“, „ს“, „ხ“ – მასწავლებლის 9 პრეზენტაცია by განათლებული ბლოგი