GE

უგამოცდოდ უნივერსიტეტში – პრობლემა, რომელსაც განათლების სამინისტრო ვერ ან არ აგვარებს

საქართველოში, უნივერსიტეტში მოხვედრა ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშეც  შესაძლებელია. ტენდენცია, რომელიც საერთაშორისო მობილობისას გამოიკვეთა, ამაზე მეტყველებს. ჩვენი მეზობელი ქვეყნების, აზერბაიჯანისა და სომხეთის სასწავლებლებში, ასევე უკრაინაში, ქართველი აბიტურიენტები შუამავალი კომპანიების დახმარებით უგამოცდოდ ირიცხებიან. ერთი წელი, ან სემესტრი სწავლობენ იქ  და შემდეგ საქართველოს უნივერსიტეტებში მობილობით გადმოდიან. შესაბამისად, ეროვნული გამოცდების ჩაბარება არ უწევთ. EDU.ARIS.GE ამ სტატიაში აღნიშნულის კონკრეტულ ფაქტებზე გიამბობთ და იმ კანონზეც, რომელიც მიუხედავად ამოქმედებისა, ვერ მუშაობს. მისი რეალურად ამოშავების ამბიცია კიდევ უფრო შორი ჩანს, როდესაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ღიად ამბობს, რომ ამ მიმართულებით სხვადასხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის არანაირ სტატისტიკას არც აწარმოებს და არც ფლობს.

glonti„ერასმუს პლუსის“ პროგრამის კოორდინატორი ლიკა ღლონტი იმ კორუფციულ სქემაზე საუბრობს, რომლის საშუალებითაც გარკვეული ჯგუფები აბიტურიენტების ხარჯზე ხელს ითბობენ, თუმცა ამ უკანასკნელთათვისაც მომგებიანია უგამოცდოდ უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება.

„აბიტურიენტების რაღაც ჯგუფმა იპოვა გამოსავალი, არ ჩააბაროს გამოცდები. გადიან ქვეყნის საზღვრებს გარეთ, აქვე სომხეთში, აზერბაიჯანში. რიგ შემთხვევებში, შორს უწევთ წასვლა, მაგალითად, უკრაინაში. გაუგებარი წარმომავლობის სასწავლებლებში. შემდეგ  უკან ბრუნდებიან  და პირდაპირ  ჯდებიან მობილობით მეორე კურსზე. ამას მიაქცია ყურადღება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, რადგან სტუდენტების ნაკადი წამოვიდა ერთი რეგიონიდან. ხანდახან ერთი და იგივე სკოლის კურსდამთავრებულები იყვნენ.

აქ არის ძალიან ცხადი კორუფციული სქემა. რასაკვირველია, ის აბსოლუტურად არათანაბარ პირობებში აყენებს იმ სტუდენტებს, რომლებმაც გაიარეს ერთიანი ეროვნული გამოცდები და იმ ბავშვებს, რომლებმაც რატომღაც მოინდომეს ერთი წლის გავლა სომხეთსა და აზერბაიჯანში, სადაც ისინი ფიზიკურად არ რჩებიან, რამდენადაც მე ვიცი და შემდეგ ჯდებიან მეორე კურსზე. სამწუხაროა, რომ ამის ქმედითი დამცავი მექანიზმი ჯერ შემუშავებული არ არის. შარშან პირველად გამოიკვეთა აღნიშნული ტენდენცია, წელს კიდევ გამოჩნდა. ამას უკვე  მიეცა მიღებული პრაქტიკის ფორმა“, – ლიკა ღლონტი.

IMG_1702როგორც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი მარინა გედევანიშვილი გვეუბნება, სომხეთიდან 3 სტუდენტი რომ მივიდა მათთან, მაშინ მიაქციეს ყურადღება ამ პრობლემას.

„არაკეთილსინდისიერმა ადამიანებმა შექმნეს კომპანიები, რომლებსაც აკითხავდნენ აბიტურიენტები, რომლებსაც ეუბნებოდნენ, რომ შეეძლოთ, მაგალითად, სომხეთის სასწავლებელში ჩარიცხვა ისე, რომ იქ ცხოვრება აუცილებელი არ იქნებოდა. საკმარისი იქნებოდა, საზღვრის გადალახვა და 1 სემესტრის შემდეგ აქ მობილობით დაბრუნება.  ეს, ძირითადად, ის კონტიგენტია, რომლებმაც ჩვენთან ერთიანი ეროვნული გამოცდებით ვერ მოიპოვეს სტუდენტის სტატუსი.  როგორც მახსოვს, ჩვენთან მოსულმა სტუდენტებმა თქვეს, რომ საკმაოდ სოლიდური თანხა გადაიხადეს იმისათვის, რომ ასეთ სქემაში მოხვედრილიყვნენ. ეს ვფიქრობ, ძალიან ცუდი გზაა, როცა შეიძლება მოხვდე უმაღლეს სასწავლებელში ასეთი არაკეთილსინდისიერი გზით“, – გვითხრა მარინა გედევანიშვილმა.

6ჩვენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრშიც ვიკითხეთ საერთაშორისო მობილობის დროს გამოკვეთილ ამ ტენდენციასთან დაკავშირებით, თუმცა როგორც ცენტრში განგვიცხადეს, აღნიშნულის შეფასება ცდება მათი კომპეტენციის ფარგლებს.

„პირველ რიგში, ეს გარემოება იმ ორგანიზაციამ უნდა დაადასტროს, რომელიც ამ პროცედურას წარმართავს (მაგ.: არეგულირებს შესაბამისი კონტინგენტის ქართულ ავტორიზებულ/აკრედიტებულ სასწავლებლებში გადმოსვლას). ამის შემდეგ კი ასეთი კომენტარი უნდა გააკეთოს იმ უწყების წარმომადგენელმა, ვინც განსაზღვრავს განათლების პოლიტიკას, მუშაობს შესაბამის კანონპროექტებზე (მაგ.: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ). ეს საკითხები სცდება ჩვენი საქმიანობის კომპეტენციას, არა მხოლოდ პროცედურულად – სხვისი საქმიანობის ამ კუთხით შეფასებითაც“, – აღნიშნეს გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

პრობლემას კარგად იცნობენ განათლების სამინისტროს დაქვემდებარებულ უწყებაში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრში, რომელიც მობილობის პროცესს წარმართავს. როგორც  ცენტრის რეესტრის სამმართველოს უფროსმა ნინო წერეთელმა განაცხადა, საამისოდ კანონში ცვლილებაც შეიმუშავეს.

ხშირ შემთხვევაში, უგამოცდოდ ჩარიცხული აბიტურიენტები ე.წ. დაუსწრებელი ფორმატით სწავლობენ, არც კი მიდიან სასწავლებელში და ერთ წელს ისე ხურავენ. ნინო წერეთლის თქმით, ახალი კანონით ერთწლიანი ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა აუცილებელი გახდა.

nino_tsereteli_50086„ეს საკმაოდ მტკივნეული საკითხი იყო ჩვენთვისაც და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება წავიდა „უმაღლესი განათლების შესახებ კანონში“. ეს გახლავთ საერთაშორისო მობილობა, რომელიც ჩვენს მობილობასთან კავშირში არ არის. ამ ქმედებას ასე ჰქვია: უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების საფუძველზე მობილობა. ეს ეხება როგორც უცხო ქვეყნის, ასევე საქართველოს მოქალაქეს. ერთნაირი რეგულაციაა. ნოემბერში შევიდა კანონში ეს ცვლილება. შესაბამისად, თუ სტუდენტი ერთი წელიწადი სწავლობს და ცხოვრობს უცხოეთში, მან ეს უნდა დაადასტუროს. ის მომენტი, რომ აქ ცხოვრობენ და ვითომ უცხოეთში სწავლობენ, დაიბლოკა. დაუსწრებელი სწავლების ფორმატი ჩვენ არ გვაქვს, ბოლონიის პროცესიდან გამომდინარე. შესაბამისად, ამიტომ შევიდა კანონში ცვლილება. ბოლო ერთი წლის სწავლის და ცხოვრების დადასტურება უნდა მოხდეს. საზღვარის გადაკვეთაც გადამოწმდება“, – აღნიშნავს ნინო წერეთელი.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის განათლების დადასტურების სამსახურის უფროსი ანა მაისურაძე ხსნის, კონკრეტულად რა ცვილება შევიდა უმაღლესი განათლების შესახებ კანონში.

„ადრე კანონმდებლობა არ ითხოვდა უცხოეთში ცხოვრების დამადასტურებელ დოკუმენტს იმისთვის, რომ პირს ჰქონოდა საქართველოში საერთაშორისო მობილობის უფლება. შესაბამისად, საკმარისი იყო ერთი სემესტრი უცხოეთში სწავლა, გარკვეული კრედიტების დაგროვება და ამის შემდეგ საქართველოში აღიარების საფუძველზე სწავლის გაგრძელების უფლების მოპოვება. 2015 წლის 27 ნოემბერს  52-ე და 52-ე პრიმა მუხლების ცვლილებით დაუსწრებელი სწავლების ფორმატის მსურველები ვეღარ შეძლებენ რეალურად, თუ ისინი უცხოეთში არ სწავლობენ მთელი ერთი წლის განმავლობაში, საქართველოში სწავლის გაგრძელებას ეროვნული გამოცდების გარეშე“ – ამბობს ანა მაისურაძე.

თუ როგორ უნდა გაკონტროლდეს უცხოეთში სტუდენტის ცხოვრება, განათლების დადასტურების სამსახურის უფროსი ამბობს:

„საზღვრის კვეთის დამადასტურებელ დოკუმენტს ითხოვს განათლების სამინისტრო შინაგან საქმეთა სამინისტროდან. შესაბამისად კონტროლდება სწავლის უფლების მოპოვების მსურველი პირის მიმოსვლა. გარდა ამისა, მოთხოვნილია ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი თვითონ იმ ქვეყნიდან. გააჩნია ქვეყნის სპეციფიკას, ეს შეიძლება ბინადრობის დამადასტურებელი მოწმობა იყოს, ან მხოლოდ პასპორტის ჩანაწერები“, – აღნიშნავს  მაისურაძე.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრში, როგორც აღვნიშნეთ, კარგად იცნობენ გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში მოხვედრის პრობლემას, რადგან სწორედ მათ ევალებათ უცხოეთის უნივერსიტეტებში დაგროვილი კრედიტების აღიარება. EDU.ARIS.GE-ს საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა ერთ თემაზე 2–ჯერ მოუხდა. რა მივიღეთ საბოლოოდ? უწყებამ განგვიმარტა, რომ არ ფლობენ სტატისტიკას, ამ ტენდენციის ფარგლებში რამდენმა სტუდენტმა მოინდომა, უცხოური უნივერსიტეტების გავლით, უგამოცდოდ საქართველოს უნივერსიტეტებში მოხვედრა.

ჩვენს კითხვებზე, რამდენი სტუდენტი გადმოვიდა ე.წ. საერთაშორისო მობილობის ფარგლებში უცხოეთიდან ქართულ უნივერსიტეტებში 2013-14, 2014-15 სასწავლო წლებში; რამდენი იყო მომართვიანობა კრედიტების აღიარების შესახებ და რამდენს უღიარდა უცხოეთში მიღებული განათლება;  2013-14, 2014-15 სასწავლო წლებში საქართველოში უცხოეთიდან მობილობით გადმოსულ სტუდენტთა შორის რამდენი იყო საქართველოს მოქალაქე; რომელი ქვეყნებიდან გადმოვიდნენ ისინი; აქედან რამდენი ჩაირიცხა ქართულ უნივერსიტეტებში და კონკრეტულად რომელ სასწავლებელში? – ცენტრში გვიპასუხეს რომ აღნიშნულზე სტატისტიკას არ აწარმოებენ. მხოლოდ 2013-14, 2014-15 სასწავლო წლებში საქართველოში ჩარიცხულთა რაოდენობა აქაური უნივერსიტეტების და ფაკულტეტების მითითებით, მოგვაწოდეს, საიდანაც აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ ყოველწლიურად ყველაზე მეტი სტუდენტი სამედიცინო ფაკულტეტზე ირიცხება საქართველოს უნივერსიტეტებში. უნდა სწავლობდეს თუ არა ცენტრი ზემოაღნიშნულ ინფორმაციას, დასკვნას მკითხველი უკეთ გააკეთებს.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრმა საერთო სტატისტიკა მოგვაწოდა, იმის შესახებ 2013 წელს ცენტრის მიერ გაიცა 4114 უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი, 2014 წელს – 5987,  2015 წელს- 7230. თავად ეს ციფრებიც ცხადყობს, რომ „მობილობის ბიზნესი“ წლიდან წლამდე მზარდი და შემოსავლიანია.

აღნიშნული სტატისტიკა არაფერს ამბობს იმაზე, რა მასშტაბის პრობლემასთან გვაქვს საქმე, როცა უგამოცდოდ უნივერსიტეტში მოხვედრაზე ვსაუბრობთ. შესაბამისად, ვერ გამოვარკვევთ ამ საერთო სტატისტიკიდან ჩვენი მოქალაქეების რა რაოდენობა გადის საზღვარგარეთ იმ მიზნით, რომ შემდეგ მხოლოდ ფულის გადახდით მოიპოვონ აქაურ უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების უფლება. 

თუმცა რთული დასაჯერებელია, რომ ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა იმ ფაქტების შესახებ არ იცოდეს, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ. მით უმეტეს მაშინ,  როდესაც მათი განხორციელება ცენტრის ჩარევით მოხდა.

კერძოდ, EDU.ARIS.GE-ს მიერ მოპოვებული ფაქტობრივი ინფორმაცით დასტურდება, რომ კანონის ის ნაწილი, რომლის თანახმად მობილობის მსურველმა უნდა დაადასტუროს საზღვარგარეთ ერთწლიანი ცხოვრება, არ მუშაობს.

კერძოდ, „CEU – კავკასიის ევროპული უნივერსიტეტის“ ფეისბუქ გვერდმა 4 მარტს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული  30-მდე სტუდენტის განათლების აღიარების დოკუმენტი გამოაქვეყნა. საინტერესო ამ ამბავში ისაა,  რომ ყველა მათგანი სომხეთში მდებარე ქალაქ გიუმრის უნივერსიტეტ „პროგრესის“ სტუდენტები არიან და მათზე უცხოური განათლების აღიარების გადაწყვეტილება ხარისხის განვითარების ცენტრმა 2016 წლის 2 მარტს მიიღო (ანუ როდესაც კანონით უცხოეთში განათლებამიღებულების მიმართ უკვე მოქმედებდა პირობა, ერთწლიანი ცხოვრების დადასტურების შესახებ. CEU-ში გვითხრეს, რომ ამ სტუდენტებს ერთი წელი სომხეთში არ უცხოვრიათ). უფრო ადრე კი 25 თებერვალს 20-მდე სტუდენტის მსგავსი დოკუმენტები გამოაქვეყნეს, რომლებზე გადაწყვეტილება 24 თებერვალს იყო მიღებული.

„წარმოდგენილი დოკუმენტის თანახმად, გიუმრის უნივერსიტეტ „პროგრესის“  მიერ X-ის (სტუდენტის სახელს და გვარს არ ვასახელებთ პერსონალური მონაცემების დაცვის ინტერესიდან გამომდინარე. თუმცა ფეისბუქზე ყველა სტუდენტის განათლების აღიარების დოკუმენტზე სახელები და გვარებია მითითებული. ავტ.) სახელზე გაიცა საგანმანათლებლო დოკუმენტი.

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, X-ის მიერ უცხოეთში მიღებული განათლება შესაძლებელია აღიარებულ იქნეს საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ (განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის აღიარების შემდეგ თავად უნივერსიტეტები ამოწმებენ სტუდენტის მიერ გავლილი საგნების შესაბამისობას მიმღები უნივერსიტეტის პროგრამებთან და აძლევენ, ან არ აძლევენ თანხმობას მობილობაზე ავტ.) უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში“, -ასეთი ტექსტი წერია ყველა სტუდენტისთვის გაცემულ დოკუმენტზე, რომელსაც ხელს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის განათლების დადასტურების სამსახურის უფროსი ანა მაისურაძე აწერს.

ის, რომ ამდენი ქართველი სტუდენტი სომხეთის  ერთი და იგივე უნივერსიტეტიდან ითხოვს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისგან გავლილი კრედიტების აღიარებას, თავისთავად ეჭვის აღმძვრელია, თუმცა  „CEU – კავკასიის ევროპული უნივერსიტეტის“ ფეისბუქ გვერდზეც შეგვიძლია ვნახოთ  რეკლამა, სადაც პირდაპირაა გაცხადებული, რომ ისინი აბიტურიენტებს უგამოცდოდ ჩაბარებას ჰპირდებიან:

„გახდი სტუდენტი ყოველგვარი გამოცდების გარეშე! კავკასიის ევროპული უნივერსიტეტი გთავაზობთ უკრაინის და სომხეთის ქვეყნებში აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებელში სწავლებას, როგორც დასწრებულ, ისე დაუსწრებელ სასწავლო კურსზე. გაიცემა საერთაშორისო ხარისხის ბაკალავრის დიპლომი, რომელიც აღიარებულია 193 ქვეყანაში. ჩვენთან ჩარიცხულ ყველა სტუდენტს, პირველი სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ, შეუძლია ყოველგვარი გამოცდების გარეშე, სწავლა გააგრძელოს საქართველოში ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებელში. ვაჟები გათავისუფლდებიან სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისგან. სწავლება მიმდინარეობს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე. სწავლის საფასური  უკრაინა: დასწრებული 2950 დოლარი; დაუსწრებელი 2650 დოლარი. სომხეთი: დასწრებული 2650 დოლარი; დაუსწრებელი 2250 დოლარი.
გადახდა შესაძლებელია ყოველთვიურად 200 აშშ. დოლარი-დან“, – მითითებულია კავკასიის ევროპული უნივერსიტეტის მიერ აგვისტოში გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ჩვენ კავკასიის ევროპული უნივერსიტეტს ფეისბუქზე მითითებულ ნომერზე დავუკავშირდით იმის გასარკვევად, მოქმედებდა თუ არა ისევ ეს შეთავაზება და იმოქმედა თუ არა უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შეტანილმა ცვლილებამ მათ „ბიზნესზე“. უნივერსიტეტში გვიპასუხეს, რომ მაისში გაირკვეოდა ახალი პირობები, თუმცა დაგვპირდნენ, რომ აუცილებლად გაგვიკეთებდნენ ყველაფერს საზღვარგარეთ უნივერსიტეტში მოსახვედრად (უნდა აღინიშნოს, რომ EDU.ARIS.GE მათ როგორც აბიტურიენტი, ისე დაუკავშირდა).

„ჯერ-ჯერობით ვერაფერს გეტყვით, მაისიდან დავიწყებთ მიღებას. მარტსა და თებერვალში შუალედური გადაწყვეტილების ფოტოები დავდეთ და სომხეთიდან გადმოგვყავს ბავშვები მობილობით გიუმრის უნივერსიტეტიდან. ერთი წელი არ უსწავლიათ, ერთი სემესეტრიდან გადმოვიყვანეთ. ზოგადად, ერთი კურსი უნდა დახურონ. მაისიდან რაღაცეები იცვლება კანონში. როგორი პირობები იქნება, მერე გვეცოდინება. ერთი წლიდან და ერთი სემესტრიდანაც შესაძლებელია მობილობა. რაც შეეხება ცნობას, რითაც უცხოეთში ცხოვრება ფიქსირდება, ამასაც ჩვენი კომპანია აკეთებს. მთლიანი ფასი ჯერ არ ვიცი. არ არის გადაწყვეტილი. ძველი ფასებზე ნაკლები შეიძლება იყოს. ისე სომხეთსა და უკრაინაში გაგვყავს აბიტურიენტები“, – გვითხრეს კავკასიის ევროპული უნივერსიტეტში.

მისი წარმომადგენლის განცხადებით, კანონში ახალი ცვლილება მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს და ისევ გაიყვანენ სტუდენტებს, რომ შემდეგ აქ უგამოცდოდ მოახვედრონ უნივერსიტეტებში. როგორც უკვე კავკასიის ევროპული უნივერსიტეტის წარმომადგენელმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, 2016 წლის თებერვალსა და მარტში განათლების ხარისხის განვითარების  ცენტრმა ისე მიიღო გადაწყვეტილება სომხეთიდან გადმოსვლის მსურველი სტუდნეტების განათლების აღიარების შესახებ, რომ მათ ერთ სემესტრზე მეტი ქ. გიუმრში არ უცხოვრიათ და უსწავლიათ.

ზემოაღნიშნული ფაქტები  ადასტურებს, რომ ვერც სახელმწიფო და ვერც კანონი ამგვარ ბიზნესს არსებობის უფლებას ვერ ან არ უზღუდავს. კომპანიები ისევ უწყობენ თანხის სანაცვლოდ აბიტურიენტებს ხელს უგამოცდოდ მოხვდნენ ქართულ უნივერსიტეტებში. რაც შეეხება უნივერსიტეტებს EDU.ARIS.GE  მათაც გაესაუბრა. როგორც  მათი ადმინისტრაციების წამომადგენლებმა ჩვენთან აღნიშნეს, არ აქვთ უფლება საერთაშორისო მობილობის დროს სტუდენტებს მიღებაზე უარი უთხრან, თუ მათი კრედიტები აღიარებული განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის მიერ და ასევე შესაბამისობაშია თავად უნივერსიტეტების პროგრამებთან. „შესაბამისობაში“ რომ იქნება ყველაფერი, ამის პასუხისმგებლობას კი, როგორც ვნახეთ შუამავალი კომპანიები თანხის სანაცვლოდ საკუთარ თავზე იღებენ.

აუდიტის სამსახურმა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს მძიმე სისტემური დარღვევები აღმოუჩინა

მკაცრდება თუ არა უმაღლესი სასწავლებლებისთვის ავტორიზაციისა და აკრედიტაციის მინიჭების პროცედურა

ცისანა არის© შერგილაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური