GE

განათლების მინისტრობის კანდიდატი: ჩვენი თვითმიზანი არ არის ერთჯერადი კოსმეტიკური ცვლილებები

განათლების მინისტრობის კანდიდატი მიხეილ ბატიაშვილი დღეს პარლამენტში საკუთარ ხედვას წარმოადგენს, სადაც დეტალურად იქნება საუბარი როგორც გრძელვადიან, ასევე მოკლევადიან მიზნებზე, რომელთა განხორციელებასაც ბატიაშვილი მთავრობასთან ერთად აპირებს. მისივე თქმით, სასკოლო უსაფრთხოება მნიშვნელოვანი პრობლემაა და ნებისმიერ მშობელს სჭირდება გარანტიები, რომ როდესაც მისი შვილი სკოლაშია, იყოს მშვიდად. მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, ამის მისაღწევად გარკვეული ნაბიჯები უკვე გადადგმულია, იგივე მანდატურების ფუნქციების გაფართოებითა და სკოლების ტექნიკური აღჭურვის საკანონმდებლო ინიციატივის მიღებით, თუმცა ბატიაშვილი აღნიშნავს, რომ ეს საკმარისი არ არის და საჭიროა, ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტი ნაბიჯი გადაიდგას.

მინისტრობის კანდიდატი ამბობს, რომ მის სტრატეგიაში განათლება, კულტურა და სპორტი ერთ ხედვაში უნდა იყოს წარმოდგენილი, რაც ერთიან სტრატეგიას და ყველა სფეროს დინამიკურ განვითარებას მოიცავს.

„ყველა სფეროს, ეს იქნება განათლება, მეცნიერება, კულტურა თუ სპორტი, ყველა ამ მიმართულების ბალანსირება და დინამიური განვითარება მოხდება ერთი კოორდინაციის ქვეშ, რაც გულისხმობს კოორდინირებულ მუშაობას ყველა ამ მიმართულებით. ვფიქრობ, რომ შევძლებთ და ყველა ამ მიმართულებით მივიღებთ გაუმჯობესებულ მდგომარეობას.

მუშავდება სტრატეგია, რომელიც მალე იქნება წარმოდგენილი, რა კონკრეტულ მიმართულებებს მოიცავს ეს, მაგრამ რა ცვლილებები შეიძლება მოხდეს, ამ სტრატეგიაზე იქნება დამოკიდებული. იმიტომ, რომ ჩვენი ხედვით, სწორედ სტრუქტურა, ფუნქციები, ადამიანები ორიენტირებული უნდა იყონ სტრატეგიის შესრულებაზე და არ უნდა იყოს პირიქით, როდესაც რომელიმე სტრუქტურას ვისადაგებთ რაღაც სტრატეგიას. ეს არ ნიშნავს ადამიანური რესურსების შემცირებას. პირიქით, შესაძლოა, გარკვეული მიმართულებით რაღაც მიმართულების გაძლიერებაზეც ვიფიქროთ, თუმცა, შესაძლოა, გარკვეული მიმართულებებით კორექტირებებიც მოხდეს.

ალბათ, დადგა ის ეტაპი, როდესაც უნდა დავიწყოთ მნიშვნელოვან რეფორმებზე საუბარი, იმიტომ რომ ძალიან რეალურად, ძალიან ბევრი სამუშაო უკვე შესრულებულია. ეს ეხება იგივე – ინფრასტრუქტურას, სხვადასხვა სახელმძღვანელოს პრობლემის გადაჭრას და ა.შ. მაგრამ ახლა ვფიქრობთ, რომ ხარისხობრივად შემდეგ ეტაპზე უნდა ავიდეთ, როდესაც უნდა ვიფიქროთ ამის კიდევ უფრო განვითარებაზე და ვფიქრობთ, რომ რეფორმების მეორე ეტაპი, რომელიც ჩვენი მოსაზრებით ბევრი სტრატეგიული პრობლემის გადამჭრელი იქნება, უნდა იყოს მყარი საფუძველი, რომელმაც გრძელვადიან პერიოდში უნდა მოგვცეს სწორი განვითარების საშუალება. წარმოუდგენელია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარება მყარი, განათლების ხარისხიანი სისტემის გარეშე. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩამოვაყალიბოთ ისეთი სისტემა, რომელიც შეიძლება იცვლებოდნენ ადამიანები, მაგრამ სისტემა რჩებოდეს და ვითარდებოდეს. ამიტომ ჩვენი თვითმიზანი არ არის ერთჯერადი კოსმეტიკური ცვლილებები, არამედ უნდა შევქმნათ ისეთი სისტემა, რომელიც სწორედ ადამიანებზე არ იქნება დამოკიდებული და თვითონ სისტემა იზრუნებს ამ სფეროების განვითარებაზე“,- განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა ერთ-ერთი ტელევიიზის პირდაპირ ეთერში.

ამავე თემაზე:

პრემიერმა მიხეილ ბატიაშვილი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის კანდიდატად წარადგინა

მიხეილ ბატიაშვილი: ყველა ამ სფეროში დავიწყებთ უსწრაფეს პერიოდში კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას

მოამზადა გიორგი ხუხიამ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური