GE

მიხეილ ბატიაშვილი: ყველა ამ სფეროში დავიწყებთ უსწრაფეს პერიოდში კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას

დღეს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის კანდიდატად მიხეილ ბატიაშვილი წარადგინა.

“დარწმუნებული ვარ, მიხეილ ბატიაშვილი ჩვენი მხარდაჭერით შეძლებს ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელებას განათლების მიმართულებით”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ახალი წევრების, მათ შორის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის ახალი წევრების წარდგენის შემდეგ ბრიფინგზე სიტყვით გამოვიდნენ პრემიერის მიერ დასახელებული კანდიდატები, მათ შორის მიხეილ ბატიაშვილიც. მან პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა ნდობისთვის და შემდეგ უკვე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მიმართულებების განვითარების ზოგად გეგმაზე ისაუბრა.

“მოგეხსენებათ განათლება, კულტურა, მეცნიერება და სპორტი – ეს არის ის სფეროები, რომლებიც ხელს უნდა უწყობდეს ადამიანური კაპიტალის ჩამოყალიბებას და განვითარებას. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება ძირეული ცვლილებების, რეფორმების გატარება განათლების ხუთივე საფეხურზე, რომელმაც უნდა მოგვცეს ახალი სიტემა, რომელიც დაფუძნებული იქნება ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე, იმიტომ რომ ტექნოლოგიებისა და ინოვაციების გარეშე წარმოუდგენელია ჩვენი ეკონომიკის განვითარება და ჩვენი ახალგაზრდების წარმატება და ისეთ დიდ საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციას საერთაშორისო ეკონომიკაში.

ვფიქრობთ, რომ როგორც განათლების მიმართულებით, ისე ყველა ამ სფეროში გატარდება მნიშვნელოვანი რეფორმები, რომელიც დაიწყება უმოკლეს პერიოდში და უმოკლეს პერიოდში ორიენტირებული იქნება, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – სწრაფ შედეგებზე, პირველად შედეგებზე და გრძელვადიან პერიოდში იმ ეფექტზე, რომელმაც უნდა მოგვცეს ის ადამიანური კაპიტალი, რომელიც ორიენტირებული იქნება სწორედ ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე. ამიტომ ჩვენ გვაქვს გეგმა, ჩვენ ვიცით, რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ და, შესაბამისად, ყველა ამ სფეროში დავიწყებთ უსწრაფეს პერიოდში კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას”, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

ამავე თემაზე:

პრემიერმა მიხეილ ბატიაშვილი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის კანდიდატად წარადგინა

ვინ არის მიხეილ ბატიაშვილი, რომელიც შესაძლოა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გახდეს

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური