GE

ვინ არის მიხეილ ბატიაშვილი, რომელიც შესაძლოა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გახდეს

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის გაერთიანებული სამინისტროების ხელმძღვანელის კანდიდატურას პრემიერ–მინისტრი დიდი ალბათობით ხვალ დაასახელებს, როდესაც მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობას წარადგენს.

მას შემდეგ, რაც მედიით გაერთიანებული უწყებების სავარაუდო მინისტრის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, EDU.ARIS.GE მიხეილ ბატიაშვილის ბიოგრაფიით დაინტერესდა. მედიაში წერენ, რომ სწორედ მიხეილ ბატიაშვილი შეცვლის მიხეილ ჩხენკელს.

EDU.ARIS.GE დაუკავშირდა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს რექტორის ვრცელი ბიოგრაფიის გაცნობის თხოვნით, თუმცა მივიღეთ პასუხი, რომ „რექტორის პირადი ინფორმაციის გაცემის უფლება არ აქვთ“.

აღნიშნული პასუხის შემდეგ ჩვენ თავად შევეცადეთ მიხეილ ბატიაშვილის ბიოგრაფიული მონაცემების მოპოვებას:

მიხეილ ბატიაშვილი, გახლავთ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი და ამავე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით.

წლების განმავლობაში იყო ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

იყო „სილიკონ ველი თბილისის“ პროექტის ხელმძღვანელი, (პირველი კერძო მაღალტექნოლოგიური ცენტრი, რომლის მშენებლობასაც ფონდი „ქართუ“ ახორციელებდა.)

2012 წელს მიხეილ ბატიაშვილი გახდა ჰარვარდის ბიზნეს სკოლის სტრატეგიისა და კონკურენტუნარიანობის ინსტიტუტის წევრი.

იყო მსოფლიო ბანკის ეკონომიკური რეფორმის ცენტრის ვიცე დირექტორი. ასევე ის გახლავთ საკონსულტაციო კომპანიის “IPN Consulting”- ის თანადამფუძნებელი.

მიხეილ ბატიაშვილს ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური