განათლების საერთაშორისო ცენტრში რეორგანიზაცია ხორციელდება – მიზანი მინისტრის ბრძანებაში გაიწერა
განათლების საერთაშორისო ცენტრში, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაფუძნდა, 2023 წლის 31 დეკემბრამდე რეორგანიზაცია უნდა განხორციელდეს.
ამის შესახებ ბრძანებას ხელს აწერს მინისტრი გიორგი ამილახვარი, სადაც ვკითხულობთ, რომ რეორგანიზაციას კონკრეტული მიზანი აქვს და პროცესი საკადრო ცვლილებებსაც გამოიწვევს:
“განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების საერთაშორისო ცენტრის (შემდგომ – ცენტრი) რეორგანიზაცია ცენტრის სტრუქტურული და ფუნქციური ოპტიმიზაციისა და მასზე დაკისრებული ფუნქციების ეფექტური და დროული განხორციელების, ასევე, მის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევისა და მართვის პროცესის გაუმჯობესების მიზნით, რომელსაც შეიძლება თან ახლდეს სტრუქტურული ან/და ორგანიზაციული ცვლილებები, ასევე, სამუშაო ძალის გადაადგილება”, – ვკითხულობთ 6 დეკემბრიდან ძალაში შესულ ბრძანებაში, რომელიც 8 დეკემბერს გამოქვეყნდა.
ბრძანებით, ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს დაევალა, რომ განახორციელოს რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებები, მათ შორის არის საშტატო ნუსხის მომზადება და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის წარდგენა.
ამჟამად განათლების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე, ნუნუ მიცკევიჩია.
განსაკუთრებით დაინტერესებულთათვის: მინისტრის ბრძანება
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით 2014 წელს დაფუძნდა. ცენტრი, საქართველოს მოქალაქეებისთვის, სახელმწიფო დაფინანსებით ახორციელებს სასტიპენდიო პროგრამებს, რომლებიც, როგორც მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაშია განმარტებული, ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, განათლება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში მიიღონ.
“სახელმწიფო აფინანსებს სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს, ასევე ხელს უწყობს საჯარო სამსახურში დასაქმებული მოქალაქეების კვალიფიკაციის ამაღლებას საზღვარგარეთ, შესაბამის კვლევით თუ პროფესიულ ინსტიტუტებში. 2014-2023 წლების განმავლობაში სტუდენტებისათვის გამოყოფილმა დაფინანსებამ 42 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა”, – განმარტებულია მთავრობის ინფორმაციაში.
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება