განათლების საერთაშორისო დღეს UNICEF მოუწოდებს მთავრობას ხარისხიან განათლებაზე თანაბარი წვდომის უზრუნველყოფისკენ
გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენლობა მოუწოდებს საქართველოს მთავრობას პრიორიტეტად მიიჩნიოს ხარისხიან განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა, რათა ყველა ბავშვს, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებსა და რთულად მისაწვდომ და მოწყვლად რაიონებში მაცხოვრებლებს, ხელი მიუწვდებოდეთ ხარისხიან და უსაფრთხო ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაზე, კლასგარეშე და სოციალურ ინკლუზიაზე მიმართულ აქტივობებზე, ინოვაციურ საგანმანათლებლო რესურსებსა და განმანათლებლებისგან და სასკოლო თემისგან უწყვეტ მხარდაჭერაზე.
როგორც UNICEF-ის მიერ დღეს, 24 იანვარს გამოქვეყნებულ მიმართვაშია აღნიშნული, 81 ქვეყანაში ჩატარებული მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის, PISA 2022-ის შედეგები ნათლად ასახავს განათლების სისტემაში არსებულ უთანასწორობას.
“გაეროს ბავშვთა ფონდი მოუწოდებს მთავრობას, მეტი ყურადღება გაამახვილოს დაბალი შედეგების მქონე სკოლებსა და ყველაზე დაუცველ ბავშვებზე, რათა აღმოფხვრას განათლების სისტემაში არსებული უთანასწორობა. იგი ასევე მოუწოდებს, რომ მასწავლებლებსა და სკოლის ლიდერებს, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების განმანათლებლებს, ჰქონდეთ უწყვეტი ხელმისაწვდომობა მაღალი ხარისხისა და ეფექტიან პროფესიული განვითარებისა და საგანმანათლობლო პროგრამებზე, როგორც პროფესიული საქმიანობის დაწყებამდე, ასევე პროფესიული საქმიანობის განხორციელების პერიოდში, რაც უზრუნველყოფს ბავშვზე ორიენტირებული და ინოვაციური სწავლა-სწავლების ხელსაყრელ გარემოს”, – ვკითხულობთ UNICEF-ის მიმართვაში.