განათლების სამინისტრო მასწავლებლის სქემაზე: „კონცეპტუალურ ცვლილებებზე შეთანხმება არ არის მიღებული და დამტკიცებული“
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის ყოფილი მინისტრის მიხიელ ბატიაშვილის მიერ 2019 წლის დასაწყისში დაანონსებული ცვლილებები მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში ჯერ თებერვალში, შემდეგ მაისში, სექტემბერში და ბოლოს დეკემბრის დასასრულს ან 2020 წლის იანვრის დასაწყისში უნდა წარედგინათ საზოგადოებისთვის.
თუმცა ამ დრომდე, მინისტრად ჩხენკელის მოსვლის შემდეგ გასული მრავალი თვის მიუხედავად, ამ მიმართულებით სიახლე არაფერია და სასკოლო საზოგადოება, პედაგოგები კვლავ ცვლილებების მოლოდინში არიან.
მთავარი ცვლილება, როგორც დაანონსებული იყო, კრედიტქულების დაგროვების სისტემის გაუქმებას და სტატუსების მხოლოდ გამოცდით მოპოვებას ეხებოდა. თუმცა ამ დრომდე პედაგოგებმა, მათ ვისაც დაწყებული არ ჰქონდათ სტატუსის ასამაღლებლად კრედიტების დაგროვება, ზუსტად არ იციან, რისი გაკეთება მოუწევთ წამყვანის ან მენტორის სტატუსის მოსაპოვებლად. უფრო სწორად, იციან, რომ ამისთვის იქნება გამოცდა, მაგრამ არ არის დასახელებული დრო, როდის დაინიშნება სტატუსის ასამაღლებელი გამოცდა.
2019 წლის დასაწყისში დაანონსებული სქემის ცვლილებები ერთი საფეხურის გამოტოვებით სტატუსის ამაღლებასაც ეხებოდა. იყო საუბარი, რომ უფროს მასწავლებლებს მიეცემოდათ შესაძლებლობა, პირდაპირ მენტორის გამოცდები ჩაებარებინათ. თუმცა ვინაიდან ახალი დოკუმენტი არ არის გამოქვეყნებული, ჯერ-ჯერობით ეს საკითხიც გაურკვეველია.
როდის იქნება მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემის ახალი (ან განახლებული) დოკუმენტი მზად და როდის შეიტყობს ცვლილებებს საზოგადოება და როგორი სახის იქნება ეს ცვლილებები? – ჩვენ ამ კითხვით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მივმართეთ. სამინისტროსგან კი ასეთი პასუხი მივიღეთ:
„2020 წელს „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის N241 დადგენილებაში იგეგმება გარკვეული ცვლილებების განხორციელება.
დღეის მდგომარეობით მიმდინარეობს მუშაობა აღნიშნული მიმართულებით, თუმცა კონცეპტუალურ ცვლილებებზე შეთანხმება არ არის მიღებული და დამტკიცებული“, – ნათქვამია განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მიერ EDU.ARIS.GE-სთვის გამოგზავნილ წერილში.
მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება