საჯარო სკოლების ავტორიზაცია დაანონსებულ ვადებში ვერ დასრულდება – რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
საქართველოს მთავრობა საჯარო სკოლების ავტორიზაციის პროცესის დასრულებას სულაც არ ელის იმ ვადებში, რომელიც განათლების სამინისტრომ, ასევე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა და მისმა წარმომადგენლებმა არაერთხელ გააჟღერეს და დღესაც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის განცხადებას იმეორებენ, რომელიც ჯერ კიდევ 2021 წელს დაანონსდა. მაშინ სისტემის ხელმძღვანელმა თქვა: „ზოგადი განათლების რეფორმის პროცესი სრულ შესაბამისობაში მოდის ავტორიზაციის ახალ სტანდარტთან და პირველად საქართველოს განათლების ისტორიაში, უკლებლივ ყველა სკოლა გაივლის ავტორიზაციას. პროცესი 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებამდე დასრულდება“. მაშინ ისიც გვითხრეს, რომ 2026 წლისთვის საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლა ინფრასტრუქტურულად გამართული იქნება.
საქართველოს მთავრობის მიერ შედგენილი ოფიციალური დოკუმენტით კი სულ სხვა ამბავს ვიგებთ.
პროგრამული ბიუჯეტის დანართში, საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამების მოსალოდნელი შედეგებისა და ინდიკატორების შესახებ ვკითხულობთ, რომ მთავრობის მიზანია 2030 წლისთვის ყველა საჯარო სკოლის ავტორიზაციის უზრუნველყოფა, ხოლო რაც შეეხება 2026-2027 სასწავლო წლის მაჩვენებელს, ამ დროისთვის მთავრობის გეგმით ავტორიზებული უნდა იყოს არა ორიათასზე მეტი, არამედ 1 700 საჯარო სკოლა. თუმცა ეს მონაცემებიც მთავრობას გაწერილი აქვს როგორც მოსალოდნელი საბოლოო შედეგი და არა აუცილებელი რეალობა.
დოკუმენტით იმასაც ვიგებთ, რომ შესაძლოა 2027 წლის შემდეგ წლებზე გადაიწიოს სკოლების აღჭურვის პროცესმაც კომპიუტერული და ვირტუალური საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით, ასევე უსადენო (wi-fi) ინტერნეტით. ამის მიზეზად და შესაძლო რისკებად კი დასახელებულია ტექნიკური შეფერხება და დამატებითი სამუშაოები.
ცნობისთვის, საჯარო სკოლების ავტორიზაციის პროცესი თამარ სანიკიძის განათლების მინისტრობიდან მოყოლებული (2014 წელი) არაერთხელ გადავადდა.
ამავე თემაზე:
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება