GE

„განათლების სამინისტროს მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელოების გადაცემის ვალდებულება არ გააჩნია“ – პასუხი პედაგოგებს

განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრომ 2019 -2020 სასწავლო წლისთვის, „მოსწავლეებისა და მასწავლებლების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამის“ ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, წიგნების დარიგების პროცესი თითქმის დაასრულა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, სახელწოდების მიუხედავად, პროგრამა ძირითადად მოსწავლეებისთვისაა განკუთვნილი და პედაგოგებს საჭირო ლიტერატურის შეძენა საკუთარი სახსრებით უწევთ. პროგრამის ფარგლებში პედაგოგებისთვის უფასოდ მხოლოდ ელექტრონული რესურსების უზრუნველყოფა ხდება.

რამდენიმე დღის წინ EDU.ARIS.GE-ს ოზურგეთის ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელი დაუკავშირდა და გვთხოვა გაგვერკვია სად შეიძლებოდა დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის სახელმძღვანელოების შეძენა. მისი თქმით, “აღარ სურს წელსაც გადაქსეროქსებული ფურცლებით სიარული და თუ ძალიან ძვირი არ ეღირებოდა, სახელმძღვანელოებს შეიძენდა”.

პედაგოგები ჩვენთან საუბარში ამბობენ, რომ შესაძენი აქვთ, როგორც მოსწავლის ასევე მასწავლებლის წიგნი. ნაწილი კი აცხადებს, რომ სარგებლობს გამომცემლობის მიერ გადაცემული საცდელი ეგზემპლარით, ან სკოლის ბიბლიოთეკაში არსებული მარაგით, ასევე მოსწავლეების წიგნებიდან ასლების გადაღებით.

„კარგი იქნებოდა რაიმე სისტემური სახე ჰქონდეს პედაგოგებისთვის ამ პროცესს. ელექტრონული ვერსიები არის, მაგრამ ყველასთვის ასე ადვილად არაა ხელმისაწვდომი, განსაკუთრებით რეგიონებში. გასულ წელს, მაგალითად მე-6 კლასის წიგნები რომ შეიცვალა, მასწავლებლის წიგნი მქონდა, მოსწავლის წიგნს კი მეზობლის ბავშვი მთხოვნიდა, შემდეგ შევიძინე. წელსაც ასეა, მე-7 კლასის სახელმძღვანელოები შეიცვალა, ჯერჯერობით არ მიყიდია, გამომცემლობის მიერ გადმოცემული სასიგნალო ვერსია მაქვს და ვსარგებლობ. ამ დღეებში ვაპირებ შევიძინო. მოსწავლეებს ხომ უფასოდ აქვთ და მე არ მაქვს პრობლემა, სახელმძღვანელოებს ვყიდულობ, მაგრამ წარმოვიდგინე და მაღალმთიან რეგიონში მაცხოვრებელი მასწავლებელი, რომლისთვისაც გადაადგილება ასე მარტივი არ არის და კარგი ინტერნეტიც იქნებ არ აქვს, ალბათ რთული იქნება სახელმძღვანელოს გარეშე ყოფნა. რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთმა გამომცემლობამ საჩუქრად გადმოგვცა ყველა კლასის სახელმძღვანელო და ძალიან კარგი შეღავათი იყო ჩვენთვის“, – ამბობს იმერეთის რეგიონში მცხოვრები  ერთ-ერთი პედაგოგი ჩვენთან საუბარში.

„მოსწავლის სახელმძღვანელოები არის სკოლის ბიბლიოთეკაში და ვსარგებლობ, რაც შეეხება მასწავლებლის წიგნს, ყოველთვის პირადად ვყიდულობ, კარგი იქნებოდა ეს საკითხი მოწესრიგებული იყოს იმ კუთხით, რომ მთლიანი კომპლექტი გადაეცეს პედაგოგს, თუნდაც ფასიანი იყოს“, – აცხადებს კიდევ ერთი მასწავლებელი მაღალმთიანი რეგიონის სკოლიდან.

„როგორც გავიგე, ბიბლიოთეკაში თუ მარაგში მორჩებოდა მაგ შემთხვევაში შეგვეძლო გვესარგებლა სახელმძღვანელოებით, ასე არავის უთქვამს საჩუქრად გეკუთვნითო. მე თავიდანვე მქონდა ჩემი წიგნები და არ მომიკითხავს,“ – გვითხრა კიდევ ერთმა მასწავლებელმა თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლიდან.

განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროში აცხადებენ, რომ სახელმწიფოს არ გააჩნია ვალდებულება მასწავლებლის სახელმძღვანელო პედაგოგებს იმ პრინციპით მიაწოდოს, როგორც ეს მოსწავლეების შემთხვევაში ხდება. პედაგოგს ორი გამოსავალი აქვს: ისარგებლოს ელექტრონული, e -school-ის სისტემაში ჩატვირთული სახელმძღვანელოებით, ან შეიძინოს სახელმძღვანელო გამომცემლებისგან. ამასთან, სამინისტროს ცნობით, ყველა სახელმძღვანელოს ბეჭდური ვერსია არის სკოლის ბიბლიოთეკაში.

განათლების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოს ინფორმაციით, 2019-2020 წელს „მოსწავლეებისა და მასწავლებლების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის“ პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული იყო  21 044 433 ლარი.  აქედან მე-7 კლასის ახლადგრიფირებული სახელმძღვანელოების დასაბეჭდად გამოყოფილი იყო 3 052 544 ლარი.  მიმდინარე სასწავლო წლისთვის სააგენტოს მიერ შესყიდულ იქნა 4 060 910 წიგნი და რვეული, რაშიც ჯამში  20 078 540.73 ლარი გადაიხადეს.

ამავე პროგრამის ფარგლებში, სააგენტო გამომცემლობების ავტორებს ჰონორარს უხდის როგორც სკოლის სახელმძღვანელოების მომზადებაში, ასევე მასწავლებლის ელექტრონული რესურსების შექმნაში. საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოს მიერ EDU.ARIS.GE -სთვის მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ მასწავლებელთა ელ-რესურსების მომზადებაში სახელმწიფომ 13 000- ლარზე მეტი გადაიხადა.

„მე-7 კლასის გრიფირებული სახელმძღვანელოების ავტორებისთვის გადასახდელი  ჰონორარი შეადგენს 954 430.5 ლარს. მათ შორის, საბაზისო ფიქსირებული ჰონორარი შეადგენს – 420 000 ლარს. ტირაჟის მიხედვით ასანაზღაურებელი ჰონორარი შეადგენს  52930.5 ლარს, ხოლო მასწავლებლის ელექტრონული რესურსის მომზადებისთვის გადასახდელი ჰონორარი -13 500 ლარს“, – ვკითხიულობთ სააგენტოს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური