„განათლების სამინისტროს მხრიდან სპორტის საგანს ყურადღება უნდა მიექცეს და სკოლებში კვალიფიციური პედაგოგები იყვნენ”
„სპორტი ყოველთვის მეორეხარისხოვან საგნად ითვლებოდა და დღეს ის უკანა პლანზეა გადაწეული“, – უთხრა 21 ივლისს, სპორტის მასწავლებლის საგნის გამოცდიდან გამოსულმა მოქმედმა პედაგოგმა EDU.ARIS.GE-ს.
გამოცდაჩაბარებულები ჩვენთან იმ პრობლემებზე საუბრობენ, რაც დღეს სკოლებში სპორტის სწავლა-სწავლების კუთხით არსებობს და ამ საგნის მიმართ განათლების სამინისტროს მხრიდან არასათანადო ყურადღებასა და დამოკიდებულებაზე მიუთითებენ:
„მე სადაც ვასწავლი, იქ სპორტის გაკვეთილი ჩვეულებრივად ტარდება, როგორც პირველ, ისე მეშვიდე გაკვეთილად, მაგრამ არის სკოლები, სადაც სპორტის გაკვეთილები საერთოდ არ ტარდება. სპორტი ყოველთვის მეორეხარისხოვან საგნად ითვლებოდა, ძველ დროსაც და ახლაც. აქცენტი გაკეთებულია ჯანსაღ ცხოვრებაზე, მაგრამ მაინც წინა პლანზე წამოწეული საგნებია: ქართული, მათემატიკა, ინგლისური და ა.შ. სპორტი უკანა პლანზეა. ამ საგანს ყურადღება უნდა მიექცეს განათლების სამინისტროს მხრიდან და კვალიფიციური პედაგოგები უნდა იყვნენ სკოლებში, რის დეფიციტსაც დღეს სისტემა ნამდვილად განიცდის. საქართველოში სპორტის პედაგოგების პრობლემა ყოველთვის იყო“.
სპორტის კიდევ ერთი მასწავლებელი, ელგუჯა ჩაჩანიძე EDU.ARIS.GE-სთან ამბობს, რომ ზოგადად, დღეს საზოგადოებაში სპორტის საგნის მიმართ დამოკიდებულება არასწორია და ამ კუთხით სკოლებში ვითარების გამოსასწორებლად ბევრი მუშაობაა საჭირო.
„სკოლებში სპორტზე არ არის ყურადღება გამახვილებული და ზოგადად, მოთხოვნილება ამ სფეროში განათლების მიღებაზე არ არსებობს. ამას განაპირობებს საზოგადოებაში არსებული მდგომარეობა. საზოგადოებაში არ არის სწორი დამოკიდებულება ამ პროფესიის მიმართ, ამისთვის ბევრი მუშაობაა საჭირო და დროც უნდა. თავის დროზე, განათლების მინისტრმა ჯეჯელავამ თქვა ასეთი რამ, რომ სკოლების 93%-ში სპორტის გაკვეთილები არ ტარდებაო და ლაპარაკობდა ვაშლებზე და კომბლეზე. როდესაც სკოლას დარბაზი არ აქვს, უნდა გაუკეთო, უნდა იყოს ინფრასტრუქტურა და ასევე, სპორტის მიმართ სერიოზული მოთხოვნა. ეს უნდა იყოს ისეთივე სერიოზული საგანი, როგორც სხვა. არც სხვა საგნები არ არის კარგ დღეში, მაგრამ სპორტი მეათეხარსხოვანია. არადა ყველაზე მნიშველოვანი ჯანმრთელობაა და აქედან გამომდინარე, სწავლის ხარისხიც სხვა საგნებში”, – გვითხრა ელგუჯა ჩაჩანიძემ.
დღეს, 2022 წლის ზაფხულის გამოცდების ფარგლებში, მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთათვის, გამოცდები ისტორიაში, ფიზიკაში, სახვით და გამოყენებით ხელოვნებასა და სპორტში ჩატარდა.
ასევე იხილეთ:
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
მოამზადა თამარ შუკვანმა
-
პრემიერ-მინისტრის 3 განცხადება სხვადასხვა შინაარსით – შემცირდება, იგივე დარჩება თუ გაიზრდება სტუდენტთა საერთო რაოდენობა?
by ARIS.GE-განათლება
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება