GE

განათლების სამინისტროს პასუხი მასწავლებლებს, რომლებსაც სასკოლო ავტობუსით მგზავრობა აეკრძალათ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო EDU.ARIS.GE-თან სასკოლო ავტობუსებით მგზავრობაზე მასწავლებლებისათვის შეზღუდვის დაწესების შესახებ განმარტებას აკეთებს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, გადაწყვეტილება, ერთის მხრივ, მონიტორინგის შედეგების თანახმად იქნა მიღებული და ამასთან იყო სხვა ფაქტორიც. კერძოდ კი, მათი ინფორმაციით, მოსწავლეთა მგზავრობის პირობებით უკმაყოფილება მშობლების მხრიდან წამოვიდა.

„როგორც ცნობილია, „საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფის“ პროგრამის მიზანს მოსწავლეების მიერ გაკვეთილზე დაგვიანებისა და გაცდენების მაჩვენებლის შემცირება, ამასთან, საცხოვრებელი ადგილიდან სკოლამდე მოსწავლეთა უსაფრთხო გადაადგილება  წარმოადგენს.

„თუმცა (სამინისტროს მონიტორინგის სამსახურის) აღნიშნული პროგრამის მონიტორების მიერ განხორციელებული შემოწმების შედეგად გამოვლინდა დარღვევები. კერძოდ, სავსე სასკოლო ავტობუსში კომფორტულად მგზავრობდნენ პედაგოგები, ხოლო მოსწავლეები, ავტობუსის კართან ჯგუფურად იყვნენ შემჭიდროვებულები, რითაც ირღვეოდა პროექტის ერთ-ერთი უმთავრესი პუნქტი – მოსწავლეთა  უსაფრთხო გადაადგილება. იმდენად, რამდენადაც მომსახურებას ახორციელებს კომპანია და უსაფრთხო გადაადგილების პასუხისმგებლობაც ეკისრება კონკრეტულ მძღოლს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევა გამოიწვევს საჯარიმო სანქციების ამოქმედებას.

„გარდა ამისა, სამინისტროში შემოსულია მშობელთა ოფიციალური წერილები, მათი შვილების არასათანადო მგზავრობაზე. აღნიშნულზე, სამინისტრო ინფორმაციას იღებს ასევე ცხელ ხაზზე შემოსული სატელეფონო ზარებითაც.

„შესაბამისად, სამინისტრომ აღნიშნულ პროგრამაზე გაამკაცრა კონტროლი, რომ სასკოლო ავტობუსები, როგორც პროექტშია გაწერილი, მხოლოდ მოსწავლეებს მოემსახუროს“, – აცხადებენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.

საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირების პროგრამით საქართველოში 1212 საჯარო სკოლის 66 ათასზე მეტი მოსწავლე სარგებლობს.

სასკოლო ავტობუსი პედაგოგების გარეშე – „მსგავსი აბუჩად აგდება არ მახსენდება“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური