სასკოლო ავტობუსი პედაგოგების გარეშე – „მსგავსი აბუჩად აგდება არ მახსენდება“
საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირების პროგრამით საქართველოში 1212 საჯარო სკოლის 66 ათასზე მეტი მოსწავლე სარგებლობს. პროგრამის მიზანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმისაწვდომობის ზრდა, მოსწავლეების მიერ გაკვეთილზე დაგვიანების და გაცდენების შემცირება და უსაფრთხო გადაადგილებაა.
სკოლაში თავის დროზე მისულ მოსწავლეს, მასწავლებელიც რომ ადგილზე დახვდეს, ამისთვის პედაგოგებს ზოგჯერ სასკოლო ავტობუსის გამოყენება უხდებათ, განსაკუთრებით ისეთ რეგიონებში, სადაც რამდენიმე სოფელს ერთი სკოლა ემსახურება.
უფასო ტრანსპორტით სარგებლობის მხრივ პედაგოგებს აქამდე პრობლემა არ შექმნიათ, თუმცა ბოლო პერიოდში მათ მძღოლები უარს ეუბნებიან.
EDU.ARIS.GE-ს დაუკავშირდა პედაგოგი თერჯოლის რაიონიდან, რომელიც ამბობს, რომ აქამდე სასკოლო ავტობუსით, თუკი იქ ადგილი იყო, მასწავლებლებიც სარგებლობდნენ, თუმცა რამდენიმე დღის წინ გადამყვანი კომპანიისგან უარი მიიღეს.
„სასკოლო ავტობუსებში მასწავლებლები არ შეგვიშვეს, (მსგავსი აბუჩად აგდება მასწავლებლის არ მახსენდება) მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე თავისუფალი ადგილი იყო დარჩენილი. ასევე სატრანსპორტო ფირმამ არად ჩააგდო განათლების სამინისტროს პასუხი ამ თემასთან დაკავშირებით. სამინისტროს პასუხი კი ასეთი იყო: როგორც წესი, ტრანსპორტი განკუთვნილია სკოლის მოსწავლეებისთვის, თუმცა იმ შემთხვევაში თუ საჭიროება მოითხოვს და არის თავისუფალი ადგილი, ტრანსპორტით სარგებლობა პედაგოგსაც შეუძლია.
„მიუხედვად ამ პასუხისა, ტრანსპორტში შესვლაზე უარი გვითხრეს. ვიცი, მძღოლი არაფერშუაშია, მართლა გამიკვირდა. ეს გუშინ დაიწყო, დღეს განათლებიდან ზემოთხსენებული პასუხი მივიღეთ. ბოლოს ასე დამთავრდა, პირადად ველაპარაკეთ ამ სატრანსპორტო ფირმის წარმომადგენელს, გვითხრა თუ პედაგოგებსაც ჩაგსვამთ, მძღოლი დაჯარიმდებაო და ჩვენც “დავმორჩილდით”. როგორც მოგვიანებით გავიგეთ, მსავსი რამ ჩვენს რაიონში არაერთ სკოლაში მოხდა, სხვა რაიონების არ ვიცით. დამცირებულად იგრძნო ყველამ თავი. როგორია, სოფელში რომ დაიწყება ლაპარაკი: უი მასწავლებლები ჩამოუყრიათ ტრანსპორტიდანო“, – ამბობს ჩვენი რესპონდენტი.
აქვთ თუ არა პედაგოგებს სასკოლო ტრანსპორტით სარგებლობის უფლება და რა შეფასებას მისცემდნენ აღნიშნულ ფაქტს? ამ შეკითხვით EDU.ARIS.GE-მ განათლების სამინისტროს საზოგადოებასთან უთიერთობის სამსახურს მიმართა, საიდანაც მივიღეთ განმარტება, რომ თვითონ პროექტის სახელწოდებინა გამომდინარე, პროგრამა განკუთვნილია მხოლოდ მოსწავლეებისთვის. თუმცა ჩვენი კითხვა ნაწილობრივ უპასუხოდ დატოვეს ფაქტის შეფასებასთან დაკავშირებით. სამინისტროსგან მივიღეთ სტატისტიკა და სასკოლო ავტობუსების პროგრამის მიზნის განმარტება, სადაც ნათქვამია, რომ ტრანსპორტი მხოლოდ მოსწავლეებისთვისაა განკუთვნილი.
„საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფა” პროგრამის მიზანია – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხელმისაწვდომობის ზრდა, მოსწავლეების მიერ გაკვეთილზე დაგვიანებისა და გაცდენების მაჩვენებლის შემცირება და საცხოვრებელი ადგილიდან სკოლამდე მოსწავლეთა უსაფრთხო გადაადგილება. საჯარო სკოლის მოსწავლეთა ტრანსპორტირების პროგრამაში ჩართულია 1 212 საჯარო სკოლის 66 070 მოსწავლე”, – ვკითხულობთ მიღებულ პასუხში.
ჩვენ დავინტერესდით, თუ აქამდე პრობლემა არ იყო, რა გახდა პედაგოგებისთვის სასკოლო ავტობუსში შესვლის აკრძალვის მიზეზი?
საკითხში უკეთ გასარკვევად იმერეთის ერთ-ერთი სკოლის დირექტორს დავუკავშირდით. მისი საუბრიდან ირკვევა, რომ მძღოლები პედაგოგებს უარს სანქციების შიშით ეუბნებიან.
„წესისამებრ მასწავლებლები სასკოლო ავტობუსში არც არასდროს უნდა შესულიყვნენ, მაგრამ ახლა მონიტორინგია და მეტად გაგვაფრთხილეს. ტრანსპორტი მოსწავლეებისთვისაა განკუთვნილი და მოსწავლის გარდა ყველა გარეშე პირია. უხერხული სიტუაცია იქმნება, მაგრამ მასწავლებლებს სხვა რა გზა აქვთ, გარდა გაგებისა. ტრანსპორტში სხვა პირი რომ დააფიქსირონ, დარღვევად ჩაითვლება და შეიძლება მძღოლს ხელფასი დაექვითოს. ზუსტად არ ვიცი მათი ხელშეკრულება, მგონი არც აქვთ სატრანსპორტოსთან. სამინისტროს სატრანსპორტო კომპანიასთან აქვს ხელშეკრულება და ვალდებულებები ორმხრივია. რამდენადაც ზეპირად ვიცი, დარღვევის შემთხვევაში მძღოლს ხელფასი უნდა დაექვითოს.
გარდა ამისა, თუ სკოლას, ანუ დირექტორს ტაბელში არ აქვს მითითებული, რომ ტრანსპორტირება ხარვეზით შესრულდა, ანუ გარეშე პირი იყო, ამ შემთხვევაში არაა გამორიცხული, დირექტორი გაათავისუფლონ (თუ, რა თქმა უნდა, მიზეზს ეძებენ)- ამბობს დირექტორი ჩვენთან საუბარში.
განათლების სამინისტროს პასუხი მასწავლებლებს, რომლებსაც სასკოლო ავტობუსით მგზავრობა აეკრძალათ
ავად გახდომის უფლებაჩამორთმეული მასწავლებლები
უფასო წამლებს ყველაზე ღარიბი მასწავლებლები მიიღებენ
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
- XI მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის შემადგენლობა – სია by ARIS.GE-განათლება
- XI მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტს გივი მიქანაძე უხელმძღვანელებს by ARIS.GE-განათლება
- „ათეისტი“ – ნამდვილი ამბავი სკოლიდან, როგორც გაკვეთილის თემა by განათლებული ბლოგი