GE

„განათლების სტრატეგიის მთავარი საფუძველი კვალიფიციური მასწავლებელი,თანამედროვე სახელმძღვანელოები და გამართული ინფრასტრუქტურა იქნება“

განათლების და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელის განცხადებით 2022-2032 წლების განათლების სტრატეგიის მთავარი საფუძველი კვალიფიციური მასწავლებელი, თანამდროვე სახელმძღვანელოები და გამართული ინფრასტრუქტურა იქნება.

ამის შესახებ მან ევროკავშირის პროექტის „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ ხელმძღვანელთან ტიბორ დრასკოვიჩთან, განათლების  წამყვან ექსპერტთან იანნა პუკკასთან და პოლიტიკის დაგეგმვის ექსპერტ მარკ ვან დენ მუიზენბერგთან, სამუშაო შეხვედრისას განაცხადა. შეხვედრის ამსახველი ინფორმაცია განათლების სამინისტრომ 8 ივლისს გაავრცელა.

მხარეებმა ის საკვანძო საკითხები განიხილეს, რომლებიც წარმატებული ზოგადი განათლების სისტემის საფუძველს წარმოადგენს, მათ შორის, კვალიფიციური მასწავლებელი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სახელმძღვანელოები და გამართული ინფრასტრუქტურა. მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ 2022-2032 წლების განათლების სტრატეგია სწორედ ამ კომპონენტების გაძლიერებასა და განვითარებაზე იქნება ორიენტირებული.

მინისტრი საჯარო სკოლებში “Minecraft Education Edition”-ის დანერგვის პროცესსაც შეეხო, რომელიც სწავლა-სწავლების მეთოდოლოგიას გააუმჯობესებს და ახალგაზრდებს XXI საუკუნის შესაბამისი განათლების მიღების შესაძლებლობას  მისცემს.

2022-2032 წლების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სტრატეგიისა და ორწლიანი სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით, ჩამოყალიბებულია უწყებათშორისი საბჭო, შიდაუწყებრივი კომისია დადარგობრივი სამუშაო ჯგუფები.

განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, პირველადი ვერსიის შემუშავების შემდეგ დოკუმენტის პროექტი გასაჯაროვდება და მაქსიმალურად გათვალისწინებული იქნება ყველა დაინტერესებული პირის მოსაზრება თუ შენიშვნა. ახალი გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავებისა და დამტკიცების პროცესი 2021 წელს დასრულდება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური