„განათლებისა და მეცნიერების 2022-2032 წლების სტრატეგიის“ საჯარო განხილვები ზაფხულში უნდა დაიწყოს – ახალი დეტალები
საქართველოს პარლამენტი „განათლებისა და მეცნიერების 2022-2032 წლების სტრატეგიის“ მიმიდნარე წლის ბოლომდე დამტკიცებას გეგმავს. ამის შესახებ მთავრობისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა უკვე არაერთხელ განაცხადეს.
როგორც EDU.ARIS.GE-მ 11 ივნისს გაარკვია, აღნიშნული სტრატეგიის საჯარო განხილვები უკვე ზაფხულში უნდა დაიწყოს და მასში ჩართული იქნებიან როგორც ოფიციალური უწყებები, ასევე დამოუკიდებელი ექსპერტები და დარგის სპეციალისტები.
„სწორედ იმისათვის რომ ავიცილოთ წლების განმავლობაში დანერგილი პრაქტიკა, რომ ყოველი ახალი მინისტრის მოსვლისას იცვლება რეფორმები, თავიდან იწყება ყველაფერი და ბოლოს დაუსრულებელი რჩება, მნიშვნელოვანია მსგავსი დოკუმენტის არსებობა, რომელიც კანონის დონეზე იქნება მიღებული და ყველა ხელმძღავენლი პირი იმოქმედებს მის ფარგლებში. ეს მოგვცემს განათლების რეფორმის უწყვეტობის საშუალებას. აქტიურად მიმდინარეობს ამ სტრატეგიაზე მუშაობა და საჯარო განხილვებს უკვე ზაფხულში ვგეგმავთ“, – განუცხადა EDU.ARIS.GE-ს განათლების სამინისტროს წარმომადგენელმა.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2022-2032 წლების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა იქნება სამინისტროს საქმიანობის მთავარი პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც განათლების სისტემის ყველა მიმართულებას მოიცავს: ბავშვთა სკოლამდელი აღზრდა, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლება, ზრდასრულთა განათლება და მეცნიერება. ახალ სტრატეგიაში ინტეგრირებული იქნება განათლებისა და მეცნიერების სფეროში ევროკავშირის რეკომენდაციები და ყველა საერთაშორისო ვალდებულება.
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, უნდა არსებობდეს განათლების პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც კონსენსუსზე იქნება დამყარებული და დღევანდელი პარლამენტი ამ ჩარჩოს შექმნის.
„მუშაობა მიდის სტრატეგიაზე და სამოქმედო გეგმაზე 2022-2030 წლის განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით, რაც წლის ბოლოს უნდა დასრულდეს. ამით, ჩვენ გვექნება პარლამენტის მიერ მიღებული პოლიტიკის დოკუმენტის სრულად აწყობილი სისტემა. გვექნება ათწლიანი სტრატეგია და გვექნება სამოქმედო გეგმა, რომელშიც საკითხები კონკრეტულად იქნება გაწერილი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება