„განათლების დღევანდელი სისტემით ვაფინანსებთ იმდენ იურისტს, ეკონომისტს და ისეთ პრესტიჟულ მიმართულებებს, რაც რეალურად ქვეყანას არ სჭირდება“
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, განათლების სფეროში სხვადასხვა მიმართულებით განსხვავებული პრიორიტეტი არსებობს. უმაღლესი განათლების შემთხვევაში კი, ეს პრიორიტეტი დაფინანსების მოდელის ცვლილებაა. მისი თქმით, დღევანდელი დაფინანსების სისტემა ქვეყნის საჭიროებებს მორგებული არ არის. ამის შესახებ მან 8 ივნისს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა.
„უმაღლეს განათლებაზე რომ ვისაუბროთ, აქ ერთ-ერთი მიმართულება არის უმაღლესი განათლების დაფინანსება და დღეს გვაქვს სისტემა, რომლის მიხედვითაც, ვაფინანსებთ იმდენ რაოდენობა იურისტს, ეკონომისტს და იმ მიმართულებებს, რომლებიც პრესტიჟული მიმართულებებია, რაც რეალურად, ქვეყანას არ სჭირდება. დაფინანსება მორგებული უნდა იყოს იმაზე, თუ რა საჭიროებაა შრომის ბაზარზე და დაფინანსება ამის მიხედვით უნდა გადანაწილდეს. რამდენიმე ხანია, განათლების სამინისტრო ამაზე მუშაობს და უკვე ფორმულებიც მოფიქრებულია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომ პროფესიულ განათლებას მეტი ყურადღება მიექცეს რათა პროფესიული განათლების მიღება მეტმა ახალგაზრდამ გადაწყვიტოს.
„კვლევებიც ადასტურებს, რომ ადამიანს პროფესიული განათლების შემთხვევაში დასაქმების მეტი შანსი აქვს და ამასთან, მეტი ანაზღაურების მიღების შანსიც, ვიდრე იურისტებს, რომლებიც ბევრი გვყავს და, რომელთა უმეტესობა საბოლოო ჯამში, ან ვერ მუშაობს, ან მუშაობს არა პროფესიის მიხედვით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
განათლების და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ განათლების სფეროს დაფინანსებაზე საუბრისას ისიც აღნიშნა, რომ ამ შემეთხვევაში ორიენტირი პროცენტულ მაჩვენებელზე კი არა, იმაზე უნდა იყოს, რამდენად სწორად და საკმარისად იხარჯება თანხები.
„დღეს, ბიუჯეტის ათი პროცენტი განათლების სფეროსკენ მიემართება და ამ სფეროს დიდი ყურადღება. მნიშვნელოვანია, რომ განათლება პრიორიტეტი იყოს, მაგრამ აქ ორიენტირი უნდა იყოს არა რაღაც პროცენტულ მაჩვენებლებზე, არამედ იმაზე, რომ იყოს სწორი პოლიტიკა და ამ სწორ პოლიტიკაში საკმარისი რესურსების დახარჯვა. ეს 6% იქნება, 5 თუ 7, იქიდან უნდა გამომდინარეობდეს, რა საჭიროება და აუცილებლობაც არის. მექანიკური მიბმები ზოგადად, არასწორია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, უნდა არსებობდეს განათლების პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც კონსენსუსზე იქნება დამყარებული და დღევანდელი პარლამენტი ამ ჩარჩოს შექმნის.
„გარდა ამისა, მუშაობა მიდის სტრატეგიაზე და სამოქმედო გეგმაზე 2022-2030 წლის განათლების და მეცნიერების მიმართულებით, რაც წლის ბოლოს უნდა დასრულდეს. ამით, ჩვენ გვექნება პარლამენტის მიერ მიღებული პოლიტიკის დოკუმენტის სრულად აწყობილი სისტემა. გვექნება ათწლიანი სტრატეგია და გვექნება სამოქმედო გეგმა, რომელშიც საკითხები კონკრეტულად იქნება გაწერილი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
- რა შეიცვალა მასწავლებლის საგნის, პროფესიული უნარებისა და სპეცმასწავლებლის გამოცდის ჩატარების წესში – ბრძანება by სიახლეები პედაგოგთა გამოცდებზე
- „როგორც ისტორიის პედაგოგი, ამ ახალ კანონში რამდენიმე სერიოზულ საფრთხეს ვხედავ“ by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება