როგორ უნდა მოხდეს ძალადობის პრევენცია სკოლაში
საქართველოს სკოლებში ძალადობის შესახებ ბოლო ეროვნული კვლევა რამდენიმე წლის წინ ჩატარდა. კვლევის შედეგების თანახმად, ბავშვების 47.1% ფიზიკურ ძალადობას, ხოლო 47.5% ფსიქოლოგიურ ძალადობას განიცდის. “ზოგადად, ძალადობა მოსწავლეების მხრიდან მომდინარეობს; თუმცა, აღინიშნა, რომ სკოლის გარემოში მყოფი უფროსებიც ხშირად ახორციელებდნენ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას”, -ნათქვამია კვლევაში.
ცოტა ხნის წინ, გაეროს ბავშვთა ფონდმა (UNICEF) გამოაქვეყნა კვლევა, რომლის თანახმად, გამოკითხულთა თითქმის ნახევარი ბავშვთა მიმართ ძალადობას დასაშვებად მიიჩნევს. ცოტა უფრო ადრე, ამავე ფონდმა სკოლებში არსებული ძალადობის – ბულინგის (ფიზიკური და/ან ფსიქოლოგიური ტერორი, რომელიც ხორციელდება ბავშვის მიმართ თანაკლასელთა ან სხვა ბავშვების ჯგუფის მიერ) – შემთხვევებიც შეისწავლა. აღმოჩნდა, რომ გამოკითხული ბავშვების 80%-მა თანატოლების მხრიდან ერთხელ მაინც განიცადა ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ძალადობა.
რამდენად სერიოზულად დგას ქართულ სკოლებში ძალადობის პრობლემა და რა კეთდება იმისათვის, რომ ე.წ. ბულინგის გამოვლინება სასწავლო დაწესებულებებში მინიმუმამდე იქნას დაყვანილი?
“მე მქონდა სკოლაში რამდენჯერმე შემთხვევა (რამდენიმე სკოლა გამოვიცვალე), როცა ჩემს კლასში ბავშვები ამოიჩემებდნენ ერთ ბავშვს და ამცირებდნენ, ფიზიკური თუ მორალური შეურაცხყოფით. აქედან ორჯერ ადრესატი გოგონა იყო. ჩემი შვილებისგან ახლაც მესმის მსგავსი ისტორიები. ვფიქრობ, რომ ეს თემა ყოველთვის იყო, არის და იქნება ყველაზე აქტუალური აღზრდის პროცესში. ამიტომ, აუცილებელია, დაიწყოს რაიმე ორგანიზებული კამპანია ამ მიმართულებით. იმედი მაქვს, პედაგოგების მხრიდან ბავშვების დასჯის პრობლემატიკა სკოლებში ასე თუ ისე მოიხსნა. აი ბულინგი კი მართლა ძალიან მაწუხებს, რადგან ბავშვობაში მიღებული ტრავმები (მოძალადეც მსხვერპლია ჩემი აზრით) მთელი ცხოვრება მიყვება ადამიანს და შედეგად ტრავმირებულ, დაკომპლექსებულ საზოგადოებას ვიღებთ”,- 53–ეს სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრი, თეა აბაშმაძე.
აღნიშნულ თემაზე Aris.ge-განათლებასთან ფსიქოლოგი თეონა ლომთაძე საუბრობს:
– სპეციალისტების უმრავლესობა აღნიშნავს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, თვითონ სასკოლო გარემოს გაჯანსაღება – აღზრდის სისტემების დახვეწა, მთლიანად საზოგადოების დამოკიდებულების ცვლილება ამ პრობლემისადმი. ეს მნიშვნელოვანი თემებია, რომლებიც რასაკვირვერლია, ცხოვრებაში ერთ დღეში არ ტარდება, მაგრამ მათი მოგვარების გარეშე, ფაქტობრივად, შედეგის მიღწევა წარმოუდგენელია. ნახეთ – ეს გახშირებული ძალადობა, მისი პროვოცირება, საზოგადოების დაბნეულობა, სასკოლო პროცესის მუდმივი ცვალებადობა, არამხოლოდ ზრდასრულებზე, მოზარდებსა და ბავშვებზე კიდევ უფრო მეტად აისახება; გაურკვევლობის, შფოთის განცდას აძლიერებს, ამას დამატებული მშობლების მხრიდან ხშირად არასწორი აღზრდის მეთოდები გამოიყენება – საუბარია გადამეტებულ მზრუნველობაზე ან პირიქით, გულგრილობაზე, ესეც მნიშვნელოვანი რისკფაქტორებია. ეს ყველაფერი, მთლიანობაში, ნოყიერ ნიადაგს ქმნის, რომ მსგავსი ძალადობის ფაქტები ბავშვებს, მოზარდებს შორის გახშირდეს, რაც სახეზე გვაქვს.
– გამოსავალი სად არის?
– შეგვიძლია გამოსავალზე უკვე კონკრეტული ნაბიჯების სახით ვისაუბროთ. საჭიროა ფსიქოსოციალური მომსახურების გაუმჯობესება თვითონ სკოლებში და სკოლებს გარეთ, ეს ერთ–ერთი მთავარი საპრევენციო ნაბიჯია, რამდენადაც ბავშვს მუდმივად დახმარება და რეაბილიტაცია სჭირდება; მასთან მეტი მუშაობა და მუდმივი ჩართულობაა საჭირო და ეს სპეციალისტთა გუნდის მიერ უნდა იყოს განხორციელებული. ამ მიდგომას ყველაზე ეფექტური შედეგი ექნება და ამ პროცესში ჩართული უნდა იყოს მისი სოციალური გარემო, მშობლები, მთლიანად საზოგადოება იმის მიხედვით, თუ როგორ გამოიკვეთება ეს საჭიროება კონკრეტული მუშაობის პროცესში.
ამასთან, ძალადობრივ ქცევაზე რომ ვსაუბრობთ, ის რამდენიმე სახეს მოიცავს – ფიზიკურ, სექსუალურ, ემოციურ და სიტყვიერ ძალადობას. ეს სახეები, ჩვენს რეალობაში და მათ შორის სკოლაში სრულად წარმოდგენილია. ანუ, კომპლექსური სამუშაოა და თანაც მნიშვნელოვანია, რომ სამუშოა როგორც მოძალადესთან, ასევე ძალადობის მსხვერპლთან. ბავშვების გარიყვა, რომლებმაც ძალადობა განახორციელეს და ამ მხრივ პასუხისმგებლობის აცილება, რასაკვირველია, შედეგზე ორიენტირებული ქცევა არ არის; კონკრეტული ქცევა რაღაცამ ხომ განაპირობა, ეს შეიძლება იყოს ფსიქიკური პრობლემა, დამახინჯებული აღქმის შედეგი, აქედან გამომდინარე, თანაბრად არის მისახედი ორივე – მსხვეპლიც და მოძალადეც. ამას რატომ აღვნიშნავ – საზოგადოებას გვსმენია, რომ ხშირად მოძალადე ბავშვები გაირიყებიან, სკოლები მათ აღარ იღებს და ისინი გარეთ, ქუჩაში რჩებიამ. ეს კიდევ უფრო მეტად მაპროვოცირებელი ფაქტორი ხდება, შემდგომში მათი მხრიდან დამახინჯებილი ქცევის გამოწვევისთვის. ამიტომ, გარიდებით, მოძალადე ბავშვების მოშორებით პრობლმა არ გვარდება, ყველაფერი პირიქით უფრო ხდება.
– ამ რეალობიდან გამომდინარე, განათლების სისტემა, სკოლა რამდენად მზად არის საჭირო პრევენციული ღონისძიებების განანსახორციელებლად?
– ჩემი პროფესიული მოსაზრებით, ეს მუდმივი სამუშაო პროცესია. თუკი ნაბიჯები არ გადაიდგა, ვერასოდეს მოხდება პრობლემების იდენტიფიცირება და მით უმეტეს, მათი გადაწყვეტა. ყველა ახალი გამოწვევა, ასეთივე ნაბიჯების გადადგმის საჭიროებას იწვევს. ვფიქრობ, რომ ამ სამსახურების წარმომადგენლები მუდმივად სრულყოფასა და მუშაობის გაუმჯობესებაზე ფიქრობენ; მიმდინარე სამუშაო პროცესს, რასაკვირველის პროფესიულად მხარს ვუჭერ. ფაქტია, რაც გვაქვს, არასაკამარისი ნაბიჯებია გამომწვევებზე სრულფასოვნად საპასუხოდ. ოღონდ კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ფსიქოსოციალური სამსახურის დახვეწა, საგანმანათლებლო რეფორმები, რაზეც თავად ამ სამსახურების წარმომადგენლები საუბრობენ, მთლიანი პროცესია და რომელიმე ერთის აღება, მხოლოდ მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება, სამუშაოს ამაზე აგება, მხოლოდ ნაწილობრივი ან არასრულყოფილი შედეგის მომტანი იქნება. ბავშვის, მოზარდის აღზრდა კომპლექსური თემაა და ცალკეული მიმართულებების განვითარებასთან ერთად, უწინარესად საუბარი სათანადო კოორდინაციასა და თანამშრომლობაზე უნდა იყოს.
P.S. საქართველოში, სკოლებში ძალადობის ფაქტები მნიშვნელოვნად დაბალია ისეთი ქვეყნების იგივე მაჩვენებლებზე, როგორებიცაა ისლანდია, ინდოეთი და რუსეთი. თუმცა ვეჭვობთ, რომ ეს სურათი დამშვიდების საშუალებას იძლეოდეს.
გელა არის© მამულაშვილი
- „სახელმძღვანელოების ავტორობა სუფთა ენთუზიაზმსა და სიგიჟეზე დაფუძნებული შრომა გამოდის… თანხა, რომელსაც გვიხდიან, დამცირება და შეურაცხყოფაა!“ by ARIS.GE-განათლება
- რამდენია თანამდებობრივი სარგოები განათლების სამინისტროში თანამდებობების მიხედვით – განკარგულება განახლდა by ARIS.GE-განათლება
- სახელთა კუმშვასა და კვეცასთან დაკავშირებული მართლწერის საკითხები და სავარჯიშოები მეცადინეობისათვის by გრამატიკული ცნობარი