სკოლა – ბულინგის სივრცე
ბულინგი, როგორც ბავშვთა მიმართ ძალადობის აღმნიშვნელი ტერმინი ჩვენი საზოგადოებისთვის უცხო აღარ არ არის. დღეს ყველას გვესმის ამ ტერმინის მნიშვნელობა, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ნაკლებად გააზრებული გვაქვს შედარებით მთავარი – მასთან, როგორც ყოველდღიურ მოვლენასთან ბრძოლის საჭიროება.
ქვეყანაში არ არსებობს ოფიციალური სტატისტიკა, თუ რამდენი მოსწავლე, ვისი მხრიდან და რა ფორმით ხდება ძალადობის მსხვერპლი. ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები ხშირად ამბობენ, რომ სტატისტიკის არარსებობა ადასტურებს ვარაუდს, რომ სახელმწიფო ამ პრობლემის მიმართ გულგრილია და უგულებელყოფს საკითხის სიმწვავეს.
სახელმწიფოსგან განსხვავებით, სტატისტიკის წარმოება სხვადასხვა კვლევის საფუძველზე, რამდენიმე ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციამ სცადა. ერთ-ერთი იყო „გაეროს ბავშვა ფონდი“ (UNICEF). ორგანიზაციის მიერ, 2012 წელს გამოქვეყნებული კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში გამოკითხული ბავშვების 80%-ს ერთხელ მაინც განუცდია ფიზიკური ან/და ფსიქოლოგიური ძალადობა.
„რაც დრო გადის, თითქოს ძალადობის ფორმებიც იხვეწება“, „თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ დღეს კიდევ უფრო მეტი ბავშვი ხდება ძალადობის მსხვერპლი, ვიდრე ეს წლების წინ იყო’, „ხშირად მოსწავლე ვერც კი ხვდება, რომ ის ბულინგის მსხვერპლია“, „მე მგონია, რომ ყველა ბავშვი გამხდარა ძალადობის მსხვერპლი, ერთხელ მაინც,“ – ეს იმ კომენტარების მოკლე ჩამონათვალია, რომლებიც გორში მცხოვრებმა მოსწავლეებმა EDU.ARIS.GE-სთან, ბულინგზე საურისას გააკეთეს. რამდენიმე მათგანი საკუთარ ისტორიასაც მოგვიყვა.
ელენე, 16 წლის:
„როგორც ჩემი მშობლები ამბობენ, ძალიან მხიარული ბავშვი ვიყავი. სკოლასთან შეგუება არ გამჭირვებია, ადვილად ვიჩენდი მეგობრებს, მაგრამ მერე რაღაც შეიცვალა. თითქოს მარტოობა შემიყვარდა და მეგობრების ძიებასაც თავი დავანებე. ახლა, რომ ვფიქრობ, მგონია, რომ ყველაფერი იმ ჩემი თანაკლასელების ბრალია, რომლებიც არაპირდაპირ, მაგრამ მაინც სულ გამომარჩევდნენ მათგან. მეორე კლასში ვიყავი, როცა მხედველობის პრობლემა აღმომაჩნდა და სათვალის ტარება დავიწყე. ამ დღიდან დაიწყო ხუმრობები იმაზე, რომ მე ოთხი თვალი მაქვს, რომ პროფესორს ვგავარ. ამას ყველა ხუმრობით ამბობდა და შეიძლება, ვერც კი ხვდებოდნენ, ამ დროს როგორ მძულდა სათვალე, რომელიც მათ ჩემზე ხუმრობის მიზეზს აძლევდა.“
ბექა, 17 წლის:
„წელს სკოლას ვამთავრებ. სკოლიდან ყველას ბევრი მოგონება მიჰყვება. გამონაკლისი არც მე ვარ, თუმცა გული იმაზე მწყდება, რომ ჩემი მოგონებების ნაწილი სევდიანია. ყოველთვის იმაზე მსუქანი ვიყავი, ვიდრე ჩემი კლასელი ბიჭები იყვნენ. ამის გამო, ყველა ფიქრობდა, რომ მოუქნელი და დონდლო ვარ. ამას არც მალავდნენ და ყოველთვის პირში მახლიდნენ ხოლმე. ამან შემაძულა ფიზ–კულტურის გაკვეთილები, რადგან იმ დროს, როცა ფეხბურთის ან კალათბურთის თამაშს ვიწყებდით, ბავშვები ყველაფერს აკეთბედნენ, რომ მათ გუნდში არ მოვხვედრილიყავი. ისიც კი არ ადარდებდათ, თუ საერთოდ არ ვითამაშებდი. ძალიან ხშირად ასეც ხდებოდა.“
ზვიადი, 16 წლის:
„ჩემი მშობლები არ არიან მართლმადიდებლები. ეს ჩემმა კლასელებმა დაწყებით კლასშივე გაიგეს, თუმცა ამ თემაზე პირდაპირ არ მესაუბრებოდნენ. უბრალოდ, როცა ექსკურსიაზე საუბარი იწყებოდა, ისინი არასოდეს მრთავდნენ დაგეგმვის პროცესში. ერთი შემთხვევა მახსოვს, განსაკუთრებით მტკივნეულად. ორი დღე სკოლას ვაცდენდი. ჩემმა კლასმა ამ დღეებში ექსკურსიაზე წასვლა ისე დაგეგმა, რომ ჩემთვის არც კი დაურეკავთ. როცა სკოლაში დავბრუნდი და ნაწყენმა ვიკითხე, რატომ არ გამაგებინეთ-მეთქი, მიპასუხეს, შენ მაინც არ წამოხვიდოდი, ჩვენ გზად ტაძარი უნდა გვენახაო.’
თამარი, 15 წლის:
„მე ვფიქრობ, რომ დღეს კიდევ უფრო დაუცველები ვართ მოსწავლეები, ვიდრე წლების წინ ვიყავით. ამაზე იმის შემდეგ ვფიქრობ, რაც თავს გადამხდა. მეტყველების პრობლემა მაქვს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ვნერვიულობ. ამის გამო კლასში სულ ხუმრობდნენ, მაგრამ ამას თითქოს შეჩვეული ვიყავი. ერთ დღეს კი საშინელება მოხდა. ჩემმა ერთ-ერთმა კლასელმა ვიდეო გადაიღო, თუ როგორ ვყვები გაკვეთილს და ეს ვიდეო ინტერნეტში ატვირთა. დიდი თუ პატარა, ყველა დამცინოდა, რომ წინადადებების დაწყობა მიჭირს და ბორძიკით ვსაუბრობ. მას მერე კიდევ უფრო დაძაბული ვარ, როცა ვსაუბრობ და ხშირად, ამის სურვილიც კი აღარ მიჩნდება.’’
ელენეს ბექას, ზვიადის და თამარის მსგავსი ისტორიები უცხო არც ჩვენი დანარჩენი რესპონდენტებისთვის არის. მაგალითად, გორის #12 საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლე სალომე მარგველაშვილი ამბობს, რომ სკოლებში მოძალადეებად არა მარტო მოსწავლეები, არამედ მასწავლებლებიც გვევლინებიან.
„მოძალადე ხშირად მასწავლებელიც არის. ამ შემთხვევაში, საქმე გვაქვს ფსიქოლოგიურ ბულინგთან.
ვგულისხმობ, ბავშვის მთელი კლასის წინ დამცირებას, მისი შესაძლებლობების აბუჩად აგდებას, მისი ჩაცმის სტილზე ხუმრობას და ა.შ. ჩემი აზრით, გამოსავალი არაფორმალურ განათლებაშია, რომელიც როგორც მოსწავლეებს, ისე მასწავლებლებსაც სჭირდებათ’’, – ამბობს სალომე.
სალომეს მსგავსად ფიქრობს, გორის #3 საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე ხატია სტეფანოვი.
„ბულინგის მსხვერპლნი უფრო ხშირად არიან ფიზიკურად სუსტი ბავშვები, რომელთა დაშინება ფიზიკურად ძლიერ მოსწავლეებს მარტივად გამოსდით.
ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე ხშირი არის ბულინგი სოციალური ნიშნით. იქმნება გარკვეული ჯგუფები კლასებში და კონკრეტული მოსწავლე, რომელიც არ არის სოციალურად მათ დონეზე არის დისკრიმინირებული.”
სოციალური ნიშნით ბულინგზე საუბრობს გორის #9 მეათე კლასის მოსწავლე სალომე თინიკაშვილიც.
„ამ ნიშნით ბულინგს ჩემს გარემოცვაში თითქმის ყოველდღე შეიძლება წააწყდეთ. არ აქვს მნიშვნელობა ასაკს. ბავშვებში რთულია ამასთან გამკლავება და თავდაცვა. ამის შედეგად კი, ისინი თავის თავში იკეტებიან, რამაც შეიძლება სავლალო შედეგამდე მიგვიყვანოს.’’
ბულინგზე, როგორც ყოველდღიურ მოვლენაზე საუბრობენ გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსწავლეებიც.
ქეთი ვანიშვილი, ატენის საჯარო სკოლის მოსწავლე:
„ხშირად შევსწრებივარ სუტუაციას, როცა სკოლაში ბავშვი იჩაგრება. ძირითადად ეს თანატოლებში ხდება თუმცა არის შემთხვევები, როცა უფროსი ჩაგრავს თავისზე პატარას.
ბულინგის მიზეზი თითქმის ყოველთვის სხვადასხვა რამ არის. ჩემი სკოლის მაგალითზე ვიტყვი, რომ ბევრი ბავშვი იჩაგება ხშირად გაურკვეველი მიზეზით.
ზოგიერთს უბრალოდ მიაჩნია რომ თუ ვინმეს დაჩაგრავს, მაგარი ,,ტიპი” გამოჩნდება. სამწუხაროდ, ეს მსხვერპლის ფსიქიკურ მდგომარეობას ძალიან აზიანებს.’’
გიორგი ელიოზაშვილი, მეჯვრისხევის საჯარო სკოლის მოსწავლე:
„მოსწავლეები ხშირად ხდებიან ბულინგის მსხვერპლი, მაგრამ უნდა გვახსოვდეს რომ ცუდი ბავშვები არ არსებობენ და რომ “მოძალადეები”, სინამდვილეში, ყველაზე დაუცველი მოსწავლეები არიან!
დღევანდელ სკოლებში ბულინგი მოსწავლეებს შორის ვლინდება ხშირ შემთხვევაში და მასწავლებლისგან რეაგირება არ მოსდევს ამ საქციელს, მე თვითონ მინახავს, რომ მასწავლებლები თავად ვერ ამჩნევენ, რომ მათ წინ ვიღაც ბულინგის მსხვერპლია. ან თუ ამჩნევენ, ცელქობას მიაწერენ, რიგ შემთხვევებში არ იციან, როგორ მოიქცნენ.”
EDU.ARIS.GE-სთან საუბარში მოსწავლეები აღნიშნავენ, რომ ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლა სახელმწიფოს ერთ-ერთი ვალდებულებაა. ისინი ფიქრობენ, რომ სასკოლო სივრცეში მუდმივად უნდა ტრიალებდეს ინფორმაცია, რომელიც მასწავლებლებს და მოსწავლეებს განსხვავებულის მიმღებლობისა და ჩაგრულის მხარდაჭერისაკენ უბიძგებს.
უნდა აღინიშნოს, რომ ამ ვალდებულებას სკოლას საქართველოს კანონდებლობა ისედაც უწესებს. კერძოდ, ზოგადი განათლების შესახებ კანონის თანახმად, სასკოლო სივრცე უნდა იყოს არადისკრიმინაციული და უნდა უზრუნველყოფდეს გამოხატვის თავისუფლებას.
„სკოლა ვალდებულია დაიცვას და ხელი შეუწყოს მოსწავლეებს, მშობლებს და მასწავლებლებს შორის შემწყნარებლობისა დაურთიერთპატივისცემის დამკვიდრებას, განურჩევლად მათი სოციალური, ეთნიკური, რელიგიური, ლინგვისტური და მსოფლმხედველობრივი კუთვნილებისა,” – ნათქვმია კანონის მე-13 მუხლში.
ამავდროულად, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიხედვით, სკოლის ერთ-ერთი ფუნქცია და მიზანია, აღზარდოს ტოლერანტი მოქალაქე, რომელიც პატივს სცემს სხვა ადამიანების უფლებებს და ჩართულია მრავალფეროვანი საზოგადოების ცხოვრებაში. ამ მიზნის მიღწევა ბულინგის ნორმად ქცეული შემთხვევების ფონზე, მოსწავლეებს რთულად წარმოუდგენიათ.
როგორ უნდა მოხდეს ძალადობის პრევენცია სკოლაში
გვანცა დოლუაშვილი – გორი
- „სახელმძღვანელოების ავტორობა სუფთა ენთუზიაზმსა და სიგიჟეზე დაფუძნებული შრომა გამოდის… თანხა, რომელსაც გვიხდიან, დამცირება და შეურაცხყოფაა!“ by ARIS.GE-განათლება
- რამდენია თანამდებობრივი სარგოები განათლების სამინისტროში თანამდებობების მიხედვით – განკარგულება განახლდა by ARIS.GE-განათლება
- სახელთა კუმშვასა და კვეცასთან დაკავშირებული მართლწერის საკითხები და სავარჯიშოები მეცადინეობისათვის by გრამატიკული ცნობარი