GE

მოძალადის და მსხვერპლის პორტრეტები ქართულ სკოლაში

განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მანდატურის სამსახურის ერთ–ერთი მთავარი ამოცანა, სხვა პრობლემებთან ერთად, სკოლაში ბულინგთან ბრძოლა იქნება.

ჯერ კიდევ 2013 წელს UNICEF-მა წარმოადგინა ეროვნული კვლევის ანალიზი, რომელიც ეხებოდა ბავშვთა მიმართ ძალადობას საქართველოში. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ძალადობა ფართოდაა მიღებული საქართველოში  და სამწუხაროდ, საქართველოს ყოველი მეორე მოქალაქე, ამავე კვლევის მიხედვით, მიიჩნევს რომ დასჯის ძალადობრივი მექანიზმები უფრო ქმედითია, ვიდრე – არაძალადობრივი. ბავშვთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების დასკვნით, სკოლა და სკოლის საზოგადოება ბავშვებზე ძალადობის მიმართ საკმაოდ ინერტულია და  ხშირ შემთხვევაში არაცნობიერად ხელს უწყობს ან ახალისებს მათზე ემოციურ ძალადობას.

რატომ ხდებიან ბავშები მოძალადეები, როგორ ირჩევენ ისინი მსხვერპლს, რატომ და როგორ ვრცელდება ძალადობა სკოლებშიამ საკითხზე EDU.ARIS.GE ფსიქოლოგ ნანა ფერაძე ესაუბრა.

ნანა, ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ ბავშვებს შორის დაპირისპირება, კინკლაობა, ჩვეულებრივი ამბავია და მასში უფროსების ჩარევა სულაც არ არის საჭირო. რამდენად საშიში შეიძლება იყოს ასეთი დამოკიდებულება საკითხის მიმართ?

15621754_1476794202335044_867861030876396717_n–კონკრეტული მაგალითით გიპასუხებთ –  2003 წლის 18 ივლისს, იმერეთის ერთ-ერთ სოფელში, 15 წლის გოგონამ თავი მოიკლა. გარდაცვლილის დედა ჰყვება, რომ გოგონამ თავის მოკვლამდე წერილი დატოვა, სადაც გარკვევით ეწერა, თუ როგორ დაიღალა გოგონა ამდენი დამცირებისგან და თუ როგორ დაკარგა ცხოვრების ხალისი. “ის ყოველ დღე მთხოვდა სკოლიდან გადამეყვანა, როცა მიზეზს ვეკითხებოდი მეუბნებოდა, რომ კლასელებთან დიდი უთანხმოება ჰქონდა, ჩავთვალე, რომ ამ ყველაფერს უნდა გამკვლავებოდა და სკოლიდან განგებ არ გადამყავდა. სიკვდილის წინა დღეებში მაფრთხილებდა, რომ ცუდ რამეს ჩაიდენდა, თუ მას არ გადავიყვანდი, მაგრამ არ დავუჯერე”, – ამბობს შვილმკვდარი დედა. სკოლის მასწავლებლები და დირექტორი ამტკიცებენ, რომ მსგავსი არაფერი შეუნიშნავთ. ხოლო თანაკლასელები ამბობენ, რომ გოგონას სერიოზული უთანხმოება კლასის არცერთ წევრთან არ ჰქონია. როგორც კარგად ჩანს ამ ამონარიდიდან, ბავშვი სისტემატიურად იყო დაცინვის ობიექტი, მასზე ხორციელდებოდა ფსიქოლოგიური ტერორი და ეს შეუმჩნეველი იყო, როგორც მოსწავლეების, ისე ზრდასრული ადამიანებისთვის. ფაქტია, რომ მასწავლებლები ამგვარ მოპყრობას ხუმრობად ან ჩვეულებრივ გართობად აღიქვამდნენ. სამწუხაროა, რომ ასეთი შემთხვევები არა ერთი, არამედ მრავალია.

როგორ ფიქრობთ, რატომ რჩება სკოლა დღემდე იმ სივრცედ, სადაც ძალადობა ყოველდღიური მოვლენაა?

–იმისათვის რომ ძალადობაზე რეაგირება მოახდინოს, ადამიანს თავად უნდა ესმოდეს ძალადობის ფორმები და შეეძლოს ძალადობრივი ქმედებების ამოცნობა. აღსანიშნავია, რომ სკოლის მასწავლებლებს და მოსწავლეებს, ამავდროულად, სკოლის თემის სხვა წარმომადგენლებს უჭირთ ამოიცნონ ემოციური ძალადობის ფორმები, მათ შორის ბულინგი  – ჯგუფური ძალდობა და ხშირად მსგავს ქმედებებს „უწყინარ ხუმრობად“ ან „ჩვეულებრივ ამბად“ აღიქვამენ. არსებობს ფიზიკური ძალადობის შემთხვევებიც სკოლაში, თუმცა ძირითადად მოსწავლეებს შორის და აღნიშნულის პრევენციას ძირითადად მანდატურის სამსახური, ან თავად ადმინისტრაცია და პედაგოგები ახერხებენ. თუმცა ის, რაც არ ჩანს ცხადად, არ ვლინდება ფიზიკურ დაზიანებებში,  რთული აღსაქმელია, როგორც ძალადობა.

ძალიან ხშირად, რთულია დავადგინოთ, თუ ვინ არის მოძალადე. რომ გვითხათ ის მახასიათებლები, რომლებიც აგრესიის მქონე მოსწავლეებს გააჩნიათ?

–ბავშვი, რომელიც არის აგრესორი, მუდმივად ცდილობს უფროსად და ძლიერად გამოიყურებოდეს, ხშირად ეუხეშება მასწავლებლებს, მშობლებს, საკუთარ და-ძმას. პიროვნებათშორის ურთიერთობებში, თამაშებში აღიარებს მხოლოდ ძალას, სისასტიკეს და ამის დემონსტრირებასაც ახდენს. ნებისმიერი კონფლიქტის გადასაჭრელად უპირატესობას ძალისმიერ გზას ანიჭებს. როგორც წესი, ბავშვ-აგრესორებს მაღალი თვითშეფასება აქვთ. მის ირგვლივ ყოველთვის არის ორზე მეტი თანამოაზრე, რომლებთანაც ერთად ის ორგანიზებულად ირჩევს მსხვერპლს.

რაც შეეხება მსხვერპლს, მასწავლებლები ხშირად ამბობენ, რომ მათთვის უხილავია, თუ ვინ შეიძლება იყოს კლასში ძალადობის მსხვერპლი. როგორი არის ასეთი მოსწავლის პორტრეტი?

–მსხვერპლი ცდილობს იყოს თანატოლებთან შედარებით უფრო შეუმჩნეველი, პატარა და სუსტი. საფრთხის გაჩენის შემთხვევაში ის მაშინვე ფრთხება, ტირის, საცოდავად და უბედურად გამოიყურება. იგი უმეტეს დროს კლასში ატარებს, მათ შორის შესვენებებსაც, გაურბის ბავშვების ხმაურიან თავყრილობებს. ბავშვი-მსხვერპლი შეიძლება იყოს სხვებისაგან მკვეთრად გამორჩეული თვისებების მქონე, მაგალითად, სხვებზე ბევრად დაბალი ან მაღალი; მსუქანი ან გამხდარი; ღარიბი ან მდიდარი; წყნარი, ჭკვიანი.

თქვენი აზრით, რა არის საჭირო იმისთვის, რომ სკოლა იქცეს ძალადობისგან თავისუფალ სივრცედ?

–ძალადობის შესაჩერებლად მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიებები არამხოლოდ სკოლებში, არამედ მთლიანად ქვეყნის მასშტაბით. პირველ რიგში, ეს არის საინფორმაციო კამპანიები, სადაც ნათლად იქნება წარმოდგენელი რომ ძალადობა არის მიუღებელი. ასევე ცნობიერების ამაღლების კამპანიები პედაგოგების, მშობლებისა და მოსწავლეებისათვის – ძალადობის ფორმებზე, რეგირების მექანიზმებზე და ა.შ. ძალიან მოკლედ რომ შევაჯამოთ ზემოთ აღნიშნული, მნიშვნელოვანია, ეროვნულ დონეზე გაუმჯობესდეს ფსიქოსოციალური მომსახურება. სკოლებს ემსახურებოდეს კვალიფიციური გუნდი, რომლებსაც აქვთ საკმარისი ცოდნა და გამოცდილება იმოქმედონ ადექვატურად სხვადასხცვა სიტუაციაში. ეს ყოველივე უნდა მოხდეს მანამ,  სანამ უშუალოდ ფაქტის წინაშე აღმოვჩნდებით. ხოლო როცა უკვე საქმე გვაქვს ძალადობის შემთხვევასთან, უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ ჩარევა. თვალის დახუჭვამ ძალადობის შემთხვევებზე  შესაძლოა, მიგვყვანოს ძალიან მძიმე შედეგებამდე.

მანდატურის სამსახურის ერთ–ერთი მთავარი ამოცანა სკოლაში ბულინგთან ბრძოლა იქნება

როგორ უნდა ამოიცნოს მასწავლებელმა ბულინგის მსხვერპლი – ტრენინგი პედაგოგებისთვის

მოამზადა გვანცა დოლუაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური