გასტეხს ქვასაცა მაგარსა… ანუ დაკარგული მოსწავლეების აღმოჩენის გზაზე
ავტორი: თინათინ ბედუკაძე
ვერ ვიტან სკოლას.
ამქვეყნად ყველაზე მეტად ეგ მეზიზღება.
არა, უფრო მეტადაც…
გამიმწარა ცხოვრება.
ანა გავალდა, „35 კილო იმედი“
ეპიგრაფი თუ გეცნოთ და გზაჯვარედინზე მდგარი, უიმედო, დაღლილი, სკოლისგან და მშობლების ჩიჩინისგან გაწამებული ჯადოსნურხელებიანი და შემოქმედებითი იდეებით სავსე ბიჭი გაგახსენდათ და სევდა მოგერიათ, ე.ი. თქვენ სხვა ასეთ ბავშვებსაც იცნობთ, იცნობდით, მათ სევდაზეც ბევრი გიფიქრიათ და გამოსავლის გზებიც გიძებნიათ. ნეტავ თუ იპოვეთ?
მე ვეძებ. ხახვის ფურცლებს მივყვები და ვცდილობ, არ დავიკარგო. ზოგჯერ, როცა ქარი ამოვარდება და ამ ფურცლებს აქეთ-იქით მიმოფანტავს, მთავარ გზას ავცდები ხოლმე, მაგრამ ამ დროს გრეგუარის მიერ ბაბუის სამუშაო მაგიდაზე ამოტვიფრული ჯადოსნური სიტყვა მახსენდება – „დამეხმარე“ და ამ სიტყვას თან მოაქვს ძალიან ნათელი პორტრეტები მხრებში მოხრილი, დაპატარავებული, გასაქრობად მზად მყოფი მოზარდებისა, რომლებმაც იფიქრეს: ისეთ სიტუაციაში ვიყავი, რაღაცის აშენებას რომ გადაწყვეტ, მაგრამ აღმოაჩენ, რომ ამისთვის არაფერი გაგაჩნია: არც პროექტი, არც მოდელი, არც გეგმა, არც მასალა და ხელსაწყოები. სულ არაფერი. და ახლა შველად მხოლოდ გაქრობა ესახებათ ან თავის წყალწაღებულად აღიარება, რადგან, როგორც პენაკი იტყვის „რომანივით საკითხავში“, არაფერს ისეთი სულიერი სიმშვიდე არ მოაქვს, როგორც მუდმივ ორიანს მათემატიკასა და მართლწერაში: გამოსწორების შესაძლებლობის სრული გამორიცხვა მცდელობებით გამოწვეულ შფოთვას უსვამს წერტილს. და კიდევ, ის ფერადი ბავშვი მახსენდება ანიმაციიდან, მშობლისა და საზოგადოების დიდურ შეხედულებებს (განათლებაზე, სამსახურზე, ცხოვრებაზე) რომ ეწირება, ნელ-ნელა ბაცდება და ნაცრისფერდება.. და ეს პორტრეტები, მტკივნეულად ნამდვილი სურათ-ხატები გამომაფხიზლებენ და გზაზე დამაყენებენ ხოლმე. მაგრამ, ერთია, თავად იდგე სწორ გზაზე, მეორე – შუქნიშნად გამოადგე ვიღაცას და მესამე – სწორი მიმართულების მაჩვენებლად.
ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში პროფესიულ განათლებაში ზოგადსაგანმანათლებლო კომპონენტის ინტეგრირება დაიწყო და ცხრაკლასდამთავრებულთათვის ახალი შესაძლებლობები გააჩინა, ისინი სასურველი პროფესიის დაუფლების პროცესში ინტეგრირებულად გაივლიან იმ საგნებს, რომლებიც სკოლის საშუალო საფეხურზე უნდა ესწავლათ, ოღონდ არა განყენებულად, არამედ თავიანთ პროფესიასთან მჭიდრო კავშირით/ინტეგრირებით და საბოლოოდ, პროფესიულ დიპლომთან ერთად სრული ზოგადი განათლების ატესტატსაც მიიღებენ, რაც გზას გაუხსნით, სამომავლოდ, უმაღლესი სასწავლებლებისკენ. მე ეს იდეა, მისი მიზანი და ხორცშესხმის მეთოდები ბევრი მიზეზით მომწონს, ამიტომ შუქნიშნობა სწორედ პროფესიული მასწავლებლის ამპლუაში გადავწყვიტე…
წყარო: mastsavlebeli.ge
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
რას ეუბნება განათლების სამინისტრო გამომცემლებს – ვინ დაწერს სამინისტროში სასკოლო სახელმძღვანელოებს, უცნობია
by ARIS.GE-განათლება
-
სპეცკლასები ყველა საჯარო სკოლაში არ გაიხსნება, რა ბედი ელით XII კლასში სწავლის მსურველ მოსწავლეებს – ის, რაც რეფორმის ავტორებისგან ვერ გავიგეთ
by ARIS.GE-განათლება