„გაუქმება დიდი შეცდომა იყო“ – რას ფიქრობენ აბიტურიენტები საატესტატო გამოცდების დაბრუნებაზე
2019 წლის 28 იანვარს, გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო გორგოძემ, შეფასების ახალი მოდელის პრეზენტაციაზე გააჟღერა, რომ 2020 წლიდან სკოლებში გამოსაშვები გამოცდები მოიხსნებოდა, ეს მართლაც ასე მოხდა, 2020 წლიდან სკოლის საატესტატო გამოცდები გაუქმდა. გადაწყვეტილებას მაშინ ბევრი კრიტიკოსი ჰყავდა, თუმცა მინიმალური აბიტურიენტთა რიგებში.
თითქმის მესამე წელია, აბიტურიენტებს აღარ უწევთ საატესტატო გამოცდის ჩაბარება, თუმცა მოსაზრებები იმის შესახებ, რომ საატესტატო გამოცდების დაბრუნება აუცილებელია, კვლავ გვესმის.
„დააბრუნეთ საატესტატო გამოცდები!“ – რა კითხვები აქვს განათლების მინისტრთან საზოგადოებას
EDU.ARIS.GE 7 დეკემბერს დამამთავრებელი კლასის ორ მოსწავლეს ესაუბრა, რომლებსაც საატესტატო გამოცდების დაბრუნების თემაზე განსხვავებული მოსაზრებები აღმოაჩნდათ.
თბილისის 150-ე საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელი მოსწავლე, ნუკრი მაჭარაშვილი ფიქრობს, რომ საატესტატო გამოცდების დაბრუნება სკოლებში აუცილებელია, ხოლო თუ ასე არ მოხდა, მეთორმეტე კლასის არსებობის საჭიროებას საერთოდ ვერ ხედავს.
„ჩემი აზრით, საატესტატო გამოცდების გაუქმება, საქართველოს ისედაც საეჭვო განათლების სისტემისთვის დიდი შეცდომა იყო. ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად მხოლოდ 3 საგნის გავლაა საჭირო და უნივერსიტეტებში მოხვედრა მოსწავლეებს დანარჩენი საგნების მინიმალური ცოდნის გარეშე შეუძლიათ, რაც ვფიქრობ, არასწორია. თუ გამოცდები გაუქმებულია, მაშინ ლოგიკურია, მოსწავლეს ჰქონდეს კითხვა – საერთოდ რატომ არის საჭირო მეთორმეტე კლასი? მოსწავლეები, რომლებიც რეპეტიტორთან არ ემზადებიან, მე-12 კლასში, სკოლაში ცდილობენ, საგამოცდო მასალა აითვისოს. ხოხლო ვინც რეპეტიტორთან ემზადება, მათთვის მე-12 კლასი ზედმეტი და ხელის შემშლელია“, – ამბობს EDU.ARIS.GE -სთან აბიტურიენტი.
ნუკრი მაჭარაშვილი კიდევ ერთ არგუმენტს გვისახელებს, თუ რატომ უნდა დაბრუნდეს სკოლის საატესტატო გამოცდები:
„საატესტატო გამოცდების მოხსნამ გამოიწვია ზერელე დამოკიდებულება იმ საგნებისადმი, რომლებიც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არ ბარდება. ვფიქრობ, გამოცდების დაბრუნება გამოიწვევს მოსწავლეების უფრო ბეჯით მუშაობას ყველა საგანში და სკოლის ფუნქციაც უფრო ნათელი გახდება”.
ნუკრის ვკითხეთ, რამდენად შეუძლია სკოლას რეპეტიტორის გარეშე დააძლევინოს აბიტურიენტს საატესტატო გამოცდები.
მისი თქმით, თუ მოსწავლე ყველა საგანში საშუალო დონეზე მაინც მუშაობს დამოუკიდებლად, გამოცდის ზღვარს 80%-ით გადალახავს, თუმცა აკონკრეტებს, რომ, რა თქმა უნდა, სკოლასა და პედაგოგზეც ბევრია დამოკიდებული:
„მე მაინც ვფიქრობ, რომ საატესტატო გამოცდები სასკოლო საგნების ბაზისურ ცოდნას მოითხოვს და როცა მოსწავლე ასრულებს სკოლას, მან უნდა დაამტკიცოს, რომ სკოლაში ტყუილად არ უვლია და შესაბამისი დოკუმენტიც (ატესტატი) დამსახურებულად მოიპოვოს”.
ნუკრი მაჭარაშვილისგან განსხვავებული პოზიცია აქვს ბათუმელ სალომე მაჩიტიძეს.
აბიტურიენტი გვეუბნება, რომ არ ისურვებდა საატესტატო გამოცდების დაბრუნებას, რადგან იმის ალბათობა, რომ გამოსაშვებ გამოცდაზე სკოლის ფრიადოსანი მოსწავლეც ჩაიჭრას, ან დაბალი შედეგი აჩვენოს, მაღალია. ამის მიზეზად სალომე სკოლაში სწავლის ნაკლებობას ასახელებს, რაც პანდემიის შემდეგ უფრო ხილული გახდა.
„დღეს რომ საატესტატო გამოცდები ტარდებოდეს, ყველა ფრიადოსან მოსწავლესაც გაუჭირდებოდა ჩაბარება. სკოლაში არც ახლა დავდივართ. როცა ჩემმა ძმამ ჩააბარა საატესტატო გამოცდები, არც მას უვლია, რადგან 6 საგანში ემზადებოდა. ვფიქრობ, თუ საატესტატო გამოცდა დაბრუნდება, ახლა უფრო მეტ საგანში მოგვიწევს მომზადება, რადგან სკოლაში არ გვასწავლიან. პირადად მე, არ მაქვს მოლოდინი, რომ დააბრუნებენ, შედეგი ცუდი იქნება და ამის გამო შეიკავებენ თავს“, – გვიხსნის სალომე მაჩიტიძე.
მოსწავლის თქმით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, უკვე მეორე წელია, სამ საგანში ემზადება და კმაყოფილია, რომ მეტ საგანში არ უწევს მომზადება, რითიც მისი ოჯახის მნიშვნელოვან ფინანსებს ზოგავს.
ჩვენმა რესპონდენტმა ასევე აღნიშნა, რომ დამამთავრებელ კლასში მოსწავლეს სკოლაში სიარული არ უნდა უწევდეს, რადგან ეს მნიშვნელოვან დროს აკარგვინებს, რომელსაც უკეთესად გამოიყენებდა.
„ბიზნესის ფაკულტეტზე ვაბარებ და მესამე საგნად მათემატიკა ავირჩიე. არ მაქვს ვალდებულება, კიდევ ჩავაბარო მეოთხე საგანიც. ამიტომ, მხოლოდ ქართულ ენაში, ინგლისურსა და მათემატიკაში ვემზადები. სკოლაში ყოველდღიურად არ დავდივარ და ასეთი სიტუაცია აბიტურიენტისთვის მოსახერხებელია, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ რასაც გაკვეთილზე ვისმენ, გამოცდის ჩაბარებაში დამეხმარება. ამიტომ, ალბათ ვისურვებდი, ეს წელი მომზადების იყოს და სკოლაში სიარულის ვალდებულება არ გვქონდეს“, – ამბობს EDU.ARIS.GE-სთან სალომე მაჩიტიძე.
კითხვაზე, თუ სკოლაში საატესტატო გამოცდები დაბრუნდება, როგორ შეხვდებიან ამ სიახლეს აბიტურიენტები, მოსწავლემ ასე გვიპასუხა:
„არამხოლოდ აბიტურიენტები, მშობლებიც და თქვენ წარმოიდგინეთ, მასწავლებლებიც უარყოფითად შეხვდებიან, რადგან მეტი მუშაობა მოუწევთ მათაც. ვფიქრობ, რომ დღეს არავის არ უნდა საატესტატო გამოცდები დაბრუნდეს, რადგან სკოლებში არ ასწავლიან”.
ასევე იხილეთ:
„ეს ყველა აბიტურიენტმა უნდა იცოდეს“ – მართლწერის წესები ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტისგან
მოამზადა მზეო შველიძემ
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება