„ეს ყველა აბიტურიენტმა უნდა იცოდეს“ – მართლწერის წესები ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტისგან
ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის ჩაბარება ყველა აბიტურიენტისთვის სავალდებულოა. იმისთვის, რომ აბიტურიენტმა წარმატებით ჩააბაროს გამოცდა, მან ტესტური დავალებების შეფასების კრიტერიუმებით დადგენილი მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს.
ჩვენ გასულ სტატიაში ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდისთვის სწორად მეცადინეობის შესახებ მოგიყევით, სადაც სპეციალისტისა და გამოცდების ცენტრის მითითებები, ეროვნული გამოცდის ტესტში მოცემული დავალებების მიხედვით იყო გადმოცემული.
კონკრეტულ საგამოცდო თემებთან ერთად, აბიტურიენტს, რა თქმა უნდა, ქართული ენის გრამატიკის ცოდნაც მოეთხოვება. რეპეტიტორები ამბობენ, რომ უმაღლეს ქულებს საგამოცდო ტესტში ყოველთვის ის აბიტურიენტები იღებენ, რომლებიც მართლწერაში მინიმალურ შეცდომებს უშვებენ.
EDU.ARIS.GE დაინტერესდა რა ტიპის მართლწერის შეცდომებს უშვებენ აბიტურიენტები ყველაზე ხშირად და თუ არის გზა, რომლითაც ისინი ამ შეცდომების რაოდენობას მნიშვნელოვნად შეამცირებენ. ვესაუბრეთ ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგსა და რეპეტიტორს, მარინე კელაპტრიშვილს, რომელიც კასპის მუნიციპალიტეტში მოქმედ ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, 1985 წლიდან, პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა.
პედაგოგის თქმით, ქართული ენისა და ლიტერატურის საგანში აბიტურიენტებს, ერთიანი ეროვნული გამოცდების დანერგვის დღიდან ამზადებს და საკუთარი მრავალწლიანი გამოცდილებით, დარწმუნებით შეუძლია იმის თქმა, რომ აბიტურიენტი, რომელმაც ქართული ენის გრამატიკა არ იცის, გამოცდაზე ვერც საშუალო და ვერც უმაღლესი ქულის დაფიქსირებას ვერ შეძლებს.
– ქალბატონო მარინა, რამდენად მნიშვნელოვანია, აბიტურიენტმა უმაღლესი ქულის ასაღებად მართლწერაში შეცდომები არ დაუშვას?
– პირველ რიგში გეტყვით, რომ გამოცდაზე უმაღლესი ქულის დაფიქსირება შეუძლებელია, თუ აბიტურიენტმა არ იცი როგორ წეროს უშეცდომოდ ან მინიმალური შეცდომების დაშვებით; თუ არ აქვს გააზრებული ქართული გრამატიკის ცოდნა და ფიქრობს, რომ მთავარია, დაწეროს სწორი პასუხი და არა დაწეროს სწორად, გამართულად. ჩემი დაკვირვებით, მართლწერის საკითხებიდან აბიტურიენტებისთვის კვლავ უდიდეს გამოწვევად რჩება სასვენი ნიშნების არასწორად დასმა და ნაშრომში სტილისტურად გაუმართავი ფრაზების გამოყენება. ეს ნაწილი ყველა ტიპის ღია დავალებას ეხება, რომელიც აბიტურიენტის წერით უნარებსაც აფასებს. ასევე, დავამატებ, რომ მართლწერის მიმართულებით შეცდომების რაოდენობა იმატებს, თუ ახალგაზრდა დავალებს გაუაზრებლად, ინტუიციურად ასრულებს.
– შეგიძლიათ, დაგვისახელოთ შეცდომების კონკრეტული მაგალითები, რომლებსაც აბიტურიენტები მართლწერის დროს ყველაზე ხშირად უშვებენ?
– შეცდომები, რომლებსაც ისინი უშვებენ სხვადასხვა სახისაა და მინდა მოგაწოდოთ ინსტრუქციად.
„რათა“, „რადგან“ და „ანუ“-ს წინ მძიმე ყოველთვის არ იწერება. პირველ რიგში, უნდა იცოდეთ რა მნიშვნელობით იყენებენ ამ სიტყვებს მიზნით თუ მიზეზით გამოყენებით. თუ მიზეზით გამოიყენება მაშინ უნდა მძიმე თუ არა არ უნდა.
მაგალითად: „ვსაუბრობდი მხოლოდ მშობლირ ენაზე, ანუ ქართულად“.
მძიმე ყოველთვის დაისმის განკერძოებულ გარემოებასთან და ამხსნელ-დამაზუსტებელ დანართთან. აბიტურიენტმა უნდა იცდეს, რომ განკერძოებულია გარემოება, რომელიც წინადადებაში პირველად მოცემულ გარემოებას, იმავე ტიპის გარემოებით აკონკრეტებს.
მაგალითად – „ზეგ, ხუთშაბათს, უნივერსიტეტში მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართება.“
ასევე, კავშირი, „რა თქმა უნდა“, ყოველთვის გამოიყოფა მძიმით და იწერება ცალ-ცალკე, ეს ხშირად ავიწყდებათ.
მძიმე ყოველთვის იწერება შემდეგ სიტყვა-გამოთქმებთან:
„ამრიგად“, „ამგვარად“, „ასე ვთქვათ“, „ასე რომ“, „დავუშვათ“, „ერთი სიტყვით“, „რა თქმა უნდა“, „რასაკვირველია“, „მაგალითად“, „ვფიქრობ“, „სხვათა შორის“, „ჩემი აზრით“, „ერთი მხრივ“ და სხვ.
მიგებითი ნაწილაკებთან; „კი“, „ჰო“, „დიახ“, „არა“, „ვერა“
შორისდებულებთან: „ოჰ“, „ეჰ“, „უჰ“, „ვაჰ“, „ვაი“, „ფუ“, „ვიშ“, „ჰოი“, „უი“ და სხვ.
მიმართვასთან; „ამხანაგებო“, „მეგობრებო“, „მოქალაქეებო“…
არ უნდა დაუშვათ ასეთი მორფოლოგიური შეცდომები:
„დედა აზრი“, “ვიღაცეები“, „გამოჰყოფს“, “ჩვენ წინაპარს“, „რამე გააჩნია“- ეს არასწორია.
სწორია: „დედააზრი“, „ვიღაცები“, „გამოყოფს“ „ჩვენს წინაპარს „რამე აქვს“.
– თქვენ თქვით, რომ თუ აბიტურიენტმა კარგად იცის ქართული ენის გრამატიკა და წერაც შეუძლია, მას საუკეთესო შედეგის დაფიქსირების პოტენციალი აქვს. გვითხარით, როგორ შეიძლება ეს მოხდეს?
– აბიტურიენტებს, პირველ რიგში ვურჩევ, სრულყოფილად წაიკითხონ საგამოცდო პროგრამა და დავალების შეფასების კრიტერიუმები, რათა იცოდნენ, რას ითხოვს მათგან ტესტი. ამასთან, აუცილებლად უნდა გაიაზრონ, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის ცოდნა, მხოლოდ საგამოცდოდ არ მოეთხოვებათ და ყოველთვის გამოიყენებენ იმას, რის სწავლასაც შეძლებენ. თუ ისინი სრულყოფილად შეისწავლიან ქართულ გრამატიკასა და მართლწერის საკითხებს, წარმატებით ჩააბარებენ გამოცდასაც და მიუხედავად იმისა, თუ რომელი პროფესიის წარმომადგენლები იქნებიან, ამ ცოდნის გამოიყენება აუცილებლად დასჭირდებათ.
– ასევე გვაინტერესებს, რა ინსტრუქციას მისცემდით თქვენს კოლეგებს, როგორ მიიყვანონ მოსწავლე საუკეთესო შედეგებამდე?
– ჩემს კოლეგებს ვურჩევდი, გაიაზრონ ის პასუხისმგებლობა, რომელიც თითოეული აბიტურიენტისა და ზოგადად სახელმწიფოს წინაშე აქვთ და იმუშაონ არა საგამოცდო ქულისთვის, არამედ იმისთვის, რომ აბიტურიენტს შესისხორცებული ჰქონდეს ცოდნა, რომელსაც ყოველთვის გამოიყენებს.
ასევე იხილეთ:
ესაუბრა მზეო შველიძე
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება