GE

რა საგანი შემოიტანა ესპანეთის სკოლამ ბიჭებისთვის გენდერულ უთანასწორობასთან საბრძოლველად

დაუთავება, კერვა, სახლის დალაგება – ადამიანების უმრავლესობა ამ უნარებს სახლში ითვისებს. თუმცა გენდერული თანასწორობის საჩვენებლად და არსებული სტერეოტიპების დასამსხვრევად, ესპანეთის ერთ-ერთმა სკოლამ ,,სახლის საქმე“ დამატებითი საგნების სიაში შეიტანა. მონტეკასტელოს მთავარი დევიზის თანახმად – ,,თანასწორობა ქმედებით მიიღწევა“.

სახლის საქმე სქესზე არ არის დამოკიდებული

ქალაქ ვიგოში მდებარე სკოლამ გამოაცხადა, რომ საგნების სიაში ,,სახლის საქმე“ შეიტანა. ამ გაკვეთილზე ბიჭებს დაუთავებას, კერვას, საჭმლის მომზადებას, სანტექნიკას, ელექტროობას და საოჯახო მეურნეობისთვის საჭირო სხვა აქტივობებს ასწავლიან. გაკვეთილზე დასწრება ნებაყოფლობითია და მათ მოხალისე მასწავლებლებთან ერთად, მოსწავლეების მამები ატარებენ.

სასწავლო დაწესებულების კოორდინატორი, გაბრიელ ბრავო ახალი საგნის შემოტანას შემდეგნაირად ხსნის: ,,ჩვენ სტუდენტებს/მოსწავლეებს გაუმართლათ, რომ ამ ამოცანების გადაჭრას ახლა სწავლობენ. ამგვარად ისინი მომავალი ოჯახური ცხოვრებისთვის მზად იქნებიან. ისინი სახლის საქმიანობაში იქნებიან ჩართულები და გაიგებენ, რომ სახლში სიმყუდროვის შენარჩუნება – ორი ადამიანის საქმეა. საოჯახო საქმეები მხოლოდ ქალს არ ევალება. ეს მათ დამოუკიდებლად ცხოვრებაში დაეხმარება“.

გენდერული თანასწორობისკენ სწრაფვა

ეს იდეა მაშინ გაჩნდა, როდესაც სკოლის ადმინისტრაცია მოსწავლეებში გენდერული თანასწორობის წახალისების ხერხს ეძებდა. განხილვის შემდეგ პროექტი მოსწავლეებსა და მათ მშობლებს გააცნეს. მშობლებს ახალი საგნის საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდათ, თუმცა ამ სიახლემ ზოგ მოსწავლეში დისკომფორტი გამოიწვია. მიუხედავად ამისა, როდესაც მათ გაკვეთილებზე სიარული დაიწყეს, ბავშვების ყველა ეჭვი გაქრა. ისინი მიხვდნენ, რომ ყველა ქმედების შესრულება, რომელთაც მათ ასწავლიან, როგორც ქალი, ისე მამაკაცი შეძლებს. „ზოგ მოსწავლეს უთო ხელში პირველად ეჭირა. გაკვეთილები სახალისო, თუმცა ნაყოფიერი აღმოჩნდა. ჩვენ გაოგნებულები, მშობლები კი ბედნიერები იყვნენ“, – აღნიშნა გაბრიელ ბრავომ.

თქვენ რას ფიქრობთ ამ ინიციატივაზე?

მოამზადა თეა ინაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური