გერმანიის სტუდენტური პროგრამის სანაცვლოდ ჩატოვებული საგნები, ანუ მარადმწვანე სტუდენტების მისწრაფებები
ჩვენს ქვეყანაში შეხედულებები განათლებასთან დაკავშირებით მოდასავით მეორდება. თუ წლების განმავლობაში უდიპლომობა სირცხვილად ითვლებოდა, ახლა ეს სახუმარო თემაა და კუდაბზიკობად აღქმულ ორდიპლომიანთა საქართველოს ნელ-ნელა ახალი თაობის ახალი შეხედულებები ანაცვლებს. ახალგაზრდების ის ნაწილიც კი, რომელმაც უმაღლესში ჩააბარა, უნივერსიტეტის დამთავრებას არ ჩქარობს, რადგან მათი აზრით, სტუდენტის სტატუსს იმაზე მეტის მიცემა შეუძლია, ვიდრე მხოლოდ საუნივერსიტეტო განათლებაა.
ბოლო წლებში ქართველი სტუდენტების დიდი ნაწილი სტუდენტური პროგრამით სარგებლობს, რომელიც მათ გერმანიაში სამუშაოდ წასვლის საშუალებას აძლევს. სამთვიანი პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდები მაკდონალდსში, სამრეცხაოებსა და სხვადასხვა დაწესებულებებში მუშაობენ. როგორც ისინი EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას ამბობენ, თვეში დაახლოებით 2 000 ევროს გამოიმუშავებენ. პროგრამაში მონაწილეობისთვის აუცილებელია იცოდნენ გერმანული ელემენტარულ დონეზე და ჰქონდეთ სტუდენტის სტატუსი, რომელსაც უნივერსიტეტები გასცემენ. EDU.ARIS.GE-ს ინფორმაციით, სწორედ ამ ცნობის მიღების გამო, სტუდენტთა ნაწილი უნივერსიტეტში ჩასაბარებელ საგნებს განზრახ იტოვებს. სტუდენტები საკუთარ ისტორიებს გერმანიიდან გვიყვებიან.
გიორგი ვაშაკიძე მათ შორისაა, ვინც უნივერსიტეტის დამთავრებას ზაფხულის საზღვარგარეთ გატარებას არჩევს. მისი თქმით, გერმანია მას საყვარელი საქმის უკეთ გაცნობასა და ჰობის პროფესიად ქცევაში ეხმარება:
„დიპლომის აუცილებლობას ჩემს ცხოვრებაში ვერ ვხედავ, ამიტომაც არ ვამთავრებ უნივერსიტეტს, მეოთხე კურსზე ვარ, თუმცა სწავლა 2 წლის წინ უნდა დამემთავრებინა. მირჩევნია, სტუდენტური პროგრამით ვისარგებლო და ზაფხული გერმანიაში გავატარო.
„ჩემი მიზანი ფინანსური სარგებელი არაა. შარშან 0 თეთრი ჩავიტანე სახლში. აქ გამომუშავებული თანხა გართობასა და ლამაზი ადგილების დათვალიერებაში დავხარჯე. თან იმ საქმეს ვაკეთებ, რომელიც მომწონს, ტექნო მუსიკის პოპულაარიზაციით ვარ დაკავებული. გერმანიაში, როგორც ტექნო მუსიკის ქვეყანაში, ამ სფეროს შესახებ ბევრი ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი. იგივეს უნივერსიტეტში ვერ ვისწავლი და ამის გამო არც საყვედურს გამოვთქვამ. ეკონომიკის მიმართულების სტუდენტი ვარ და და ცხადია, ლექციებზე კლუბურ მუსიკაზე არ ვსაუბრობთ.
„ჩემი კურსელების დიდმა ნაწილმა აიღო დიპლომი, ამ პროფესიას მიჰყვა და თავიანთ საქმეში წარმატებულებიც არიან. მე კი ვიმედოვნებ, შემდეგ წელს სხვა ქვეყანაში წავალ და კიდევ ერთ ახალ კულტურას გავეცნობი“, – ამბობს წერეთლის უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი გიორგი ვაშაკიძე.
გიორგისგან განსხვავებით, თამარ სახელაშვილისა და მისი მეგობრების ერთ-ერთი მიზანი „ჯიბის ფულის შოვნაა“. ამიტომაც უკვე მეორე წელია ზაფხულს გერმანიაში ატარებენ.
„მსმენია ბავშვებზე, რომლებიც საგნებს იტოვებენ, რათა სტუდენტური პროგრამით სამუშაოდ წასვლა შეძლონ. ჩემი მეგობრებიც ამავე ხერხს მიმართავენ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მძიმე სამუშაოა (მაგალითად, მაკდონალდსში) ალტერნატივის არარსებობის გამო, ბევრი მათგანი იძულებულია, რომ ამ გზას მიმართოს.
„მეც აღნიშნული პროგრამით სარგებლობა ავირჩიე, რადგან სამომავლოდ სწავლის გერმანიაში გაგრძელებას ვგეგმავ. უნივერსიტეტი ივლისში უნდა დამემთავრებინა, თუმცა ახლობლის გარდაცვალების გამო, გამოცდის დღეს თბილისში ვერ წავედი და სამწუხაროდ, კიდევ ერთი სემესტრი მომიწევს სწავლა.
„ახლა მეც გერმანიაში ვარ. ეს პროექტი საკუთარი ჯიბის ფულის გამომუშავების საშუალებას გვაძლევს და მთელი წლის განმავლობაში მშობლებზე შემყურენი აღარ ვართ. შემდეგ უფრო ხანგრძლივი პროგრამით წავალ. მაგალითად, როგორებიცაა “opeir” da “ausbildung“. მთავარი მიზანი, გერმანული ენის კარგად სწავლაა, რაც მომავალში აქ ჩემი პროფესიით უმაღლესში ჩაბარებასა და სწავლაში დამეხმარება“, – ამბობს თსუ-ის მეოთხე კურსის სტუდენტი თამარ სახელაშვილი.
რუსო მაჩალაძემ EDU.ARIS.GE -სთან იმ სტუდენტებზე ისაუბრა, რომლებიც სტუდენტის სტატუსს გერმანიაში წასასვლელად იყენებენ. როგორც ის ამბობს, აქ თვეში 2000 ევროს გამომუშავებაა შესაძლებელი:
„მეოთხე კურსზე ვარ, წესით უნივერსიტეტი გასულ წელს უნდა დამემთავრებინა. პირადი მიზეზების გამო გამოცდებზე ვერ გავედი და 4 საგანი მაქვს დარჩენილი. გერმანიაში წასვლასა და დიპლომის აღებას შორის არჩევანი რომ მქონოდა, უნივერსიტეტის დამთავრებას ვარჩევდი, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც ამ პროგრამით სარგებლობის მიზნით საგნებს ძალით იტოვებენ, რათა სტუდენტის სტატუსით სარგებლობა შეძლონ. სინამდვილეში კი საზღვარგარეთ დასაქმებისა და ცხოვრებისთვის სხვა პროექტებიც არსებობს…
მე წელს გერმანიაში მეორედ ვარ, მაკდონალდსში ვმუშაობ. დღეში 8 სამუშაო საათი გვაქვს, მოქნილი გრაფიკის გამო ქალაქგარეთ გასვლაც თავისუფლად შეგვიძლია. აქ მხოლოდ ფულისთვის არ ჩამოვდივართ, ახალ კულტურას, ადამიანებს ვეცნობოთ, ვცდით საკუთარ შესაძლებლობებს და რაც მთავარია, კარგად ვეუფლებით გერმანულს.
საზაფხულო პროექტი სამთვიანია და თვეში დაახლოებით, 2000 ევრომდე გამოვიმუშავებთ“, – ამბობს თსუ-ს მეოთხე კურსის სტუდენტი რუსო მაჩალაძე.
აღნიშნული პროგრამით გასულ წელს გერმანიაში ელენე კუხალეიშვილიც იმყოფებოდა, თუმცა მან უნივერსიტეტის დამთავრება და სწავლის გაგრძელება არჩია:
„მე გასულ წელს ვიყავი ამ პროექტით წასული გერმანიაში. წელს უნივერსიტეტს ვამთავრებდი და ვეღარ წავიდოდი, თუმცა ჩემმა დაახლოებით ათმა მეგობარმა საგნები ჩაიტოვა, რათა ისევ ესარგებლათ სტუდენტის სტატუსით. ჩემთვის უფრო პრიორიტეტული სწავლის შემდეგ საფეხურზე გაგრძელება და მაგისტრატურაზე ჩაბარება იყო, ამიტომაც ვარ ახლა აქ, სხვა შემთხვევაში, ალბათ, ისევ წავიდოდი. როცა სტუდენტი ხარ და ზაფხულში არანაირი საქმე არ გაქვს, ეს პროექტი თანხის გამომუშავების და გამოცდილების დაგროვების საუკეთესო საშუალებაა“, – ამბობს ელენე კუხალეიშვილი.
ქართველებს გერმანიაში პროფესიული განათლების მიღების საშუალებას მისცემენ
მოამზადა მარიამ ელიაშვილმა
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება
-
შეძლებს თუ არა სტუდენტი მობილობას სახელმწიფოდან კერძო უნივერსიტეტში და პირიქით? – მინისტრის მოადგილის პასუხი
by ARIS.GE-განათლება