GE

გიორგი ქადაგიძე ილიაუნის დეკანი აღარ არის, რა განმარტებას აკეთებს რექტორი

გიორგი ქადაგიძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანი აღარ არის. აღნიშნულის შესახებ მან მოკლე განცხადება გაავრცელა და ასევე საკუთარი წერილი გამოაქვეყნა, რომლითაც მან აკადემიურ საბჭოს მიმართა. განცხადებას გვიან ღამითვე უპასუხა უნივერსიტეტის რექტორმა გიგა ზედანიამ.

გიორგი ქადაგიძე წერს: “ზუსტად ერთი წლის წინ მივიღე გადაწყვეტილება ჩემი დროის დიდი ნაწილი დამეთმო განათლების სექტორისთვის, კერძოდ კი ილიას ბიზნესის სკოლის რეფორმირებისთვის.

პირადი მიზეზების გამო მომიწია ერთი კვირით ქვეყნის დატოვება. ამ პერიოდს „მომზადებული“ ხვდება უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, ატარებს ე.წ. რეორაგანიზაციას რომლის შედეგად სამწუხაროდ აღარ ვარ სკოლის დეკანი.

მიზეზი ძალიან მარტივი და ამავე დროს ფუნდამენტურია. მისი სახელია ცვლილებების შიში და ძირეული სიახლეების მიუღებლობა. არადა სწორედ რომ სიახლეების და რეალური რეფორმების დაგვიანების ფასს ყოველწლიურად ჩვენი ათასობით სტუდენტი იხდის.

ცხადია ეს ამბავი ჩემთვის მხოლოდ ახლა იწყება. მეტის დაწერა სამწუხაროდ პირადი მიზეზების გამო არ შემიძლია, მაგრამ ორშაბათიდან ყველაფერი იქნება საჯარო.

მანამდე კი ვისაც ეს თემა მართლაც აღელვებს და აინტერესებს, ვდებ რამდენიმე კვირის წინ აკადემიური საბჭოსთვის მიწერილ წერილს რომელიც ე.წ. რეორგანიზაციის მიზეზს ნათელს ხდის. (იხ. კომენტარი)”.

გიგა ზედანიას განმარტება კი ასეთია: “იმ ადამიანებისთვის მინდა დავწერო რამდენიმე სიტყვა, რომლებისათვისაც ილიაუნი ძვირფასია.

გუშინ ილიას უნივერსიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, დაეფუძნებინა მენეჯმენტის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი, სადაც იფუნქციონირებს ბიზნესის სკოლა, განათლების სკოლა და სხვა პროგრამები. იდეა – ერთიანი სივრცე, სადაც მაღალი ტექნოლოგიები, ბიზნესი და განათლება გადაიკვეთება. პროფესორები რჩებიან, პროგრამები რჩება, იზრდება სინერგია დისციპლინებს შორის.

ამ ფაკულტეტის სასწავლო პროცესი განხორციელდება, მათ შორის, ილიაუნის ახალ შენობაში, რომელიც სან-დიეგოს უნივერისტეტთან ერთად აშენდა და რომელიც მოიცავს სტუდენტურ სივრცეებს, ბიბლიოთეკას, ლაბორატორიებს, უახლესი ტექნიკით აღჭურვილ საკლასო ოთახებს.

შედეგად სტუდენტები მიიღებენ ბევრად უფრო კარგ სერვისს, უკეთესი ხარისხის პროგრამებსა და სასწავლო გარემოს, დასაქმების უკეთეს შანსებს.

გარდა ამისა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ფაკულტეტს ვუმატებთ სამედიცინო მიმართულებას – ინგლისურენოვანი პროგრამა მზადაა და აკრედიტაციაზე შეტანილი.

ცხადია, ეს არ არის ილიაუნის პირველი რეფორმა და არც – უკანასკნელი. ჩვენ ყოველთვის ვიყავით დინამიკური და ცვლილებებზე ორიენტირებული ინსტიტუცია.

და რას მივაღწიეთ?

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში:

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გადავიდა მოწინავე პოზიციებზე ერთიან ეროვნულ გამოცდებში;

სრულად განახლდა სასწავლო ინფრასტრუქტურა; გაიხსნა საქართველოში პირველი სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია;

დასრულდა და მალე ექსპლუატაციაში შევა პირველი ტექნოლოგიური კორპუსი;

სახელმწიფოსგან მივიღეთ უპირობო ავტორიზაცია (ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი საერთაშორისო ექსპერტია და საუკეთესო პრაქტიკად ჩაგვითვალეს სტუდენტებზე ორიენტაცია)

ილიაუნი საუკეთესო უნივერსიტეტია სამეცნიერო შედეგების თვალსაზრისით სამხრეთ კავკასიაში (იმ საერთაშორისო ბაზაში, რომელშიც 2009 წელს 2 სტატია გვქონდა გამოქვყენებული, 2018-ში 300-მდე სტატიაა ილიაუნის სახელით).

მოვიპოვეთ ყველაზე მეტი ერაზმუსის პროექტი, მათ შორის – პირველებმა და ერთადერთებმა, როგორც ევროპული უნივერსიტეტების სრულფასოვანმა პარტნიორმა;

და კიდევ მრავალი სხვა მიღწევა.

2019 წელი განვახორციელეთ სტრუქტურული რეფორმა, რომელზეც ლაპარაკი ბევრად ადრეა დაწყებული. ყველა წესის დაცვით, ყველა კოლეგიური საბჭოს ჩართვით. თუმცა გიორგი ქადაგიძე უარს ამბობდა პროცესში მონაწილეობაზე.

გავაკეთეთ რეფორმა, შევქმენით ახალი ფაკულტეტი, გამოვაცხადეთ ახალი კონკურსი დეკანის თანამდებობაზე, რომელში მონაწილეობაც ფაკულტეტის ნებისმიერ პროფესორს შეუძლია, მათ შორის გიორგი ქადაგიძესაც.

სიახლის ნამდვილად არ გვეშინია, არამედ სიახლე გვჭირდება. “მოძრაობა და მარტო მოძრაობა.” ეს ბოლო რეფორმაც ამის დასტურია.

შინაარსი ესაა, პერსონალურ კინკლაობაში შესვლას არ ვაპირებ”.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური