GE

გლობალური სტარტაპ ფონდის ინვესტორების რჩეული სტარტაპები ცნობილია

Angel ინვესტორები ისრაელის სილიკონ ვადიდან, სხვადასხვა საერთაშორისო ფონდიდან, ადგილობრივი ინვესტორები, სპიკერები და ვებინარები მსოფლიოს ყველაზე მაღალრეიტინგული, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტიდან (MIT), პარტნიორობა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან – ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (BTU) დაფუძნებული გლობალური სტარტაპ ფონდი მასშტაბებს აფართოებს და შერჩეულ 15 სტარტაპს საერთაშორისო ბაზრებზე კომერციალიზაციის და Angel ინვესტორებთან პარტნიორობის შესაძლებლობას აძლევს. BTU-ს მიერ აკუმულირებულ ინვესტორებთან გამარტივებული წვდომა აქვთ უნივერსიტეტის სტუდენტებს, რაც ზრდის მათი იდეების დაფინანსების შანსებს, როგორც ლოკალური, ისე საერთაშორისო მასშტაბით.

27 მაისს, ინვესტორების მიერ შერჩეული 15 სტარტაპი წარსდგა პრეზენტაციებით და გამოვლინდა საუკეთესო კომპანიები, რომლებიც ფონდის ფარგლებში, დაფინანსების მისაღებად, საერთაშორისო ინვესტორებთან განაგრძობენ მოლაპარაკებებს.

გამარჯვებულ სტარტაპებს შორისაა ,,ომოფოქსი“. კომპანიის თანადამფუძნებელი მახო ქიტუაშვილი სტარტაპისთვის დაფინანსების ახალი წყაროს გაჩენას, განვითარებაში უმნიშვნელოვანესად მიიჩნევს.

„ომოფოქსი არის ციფრული პლატფორმა, რომლითაც ვეხმარებით მომხმარებელს, მარტივად მოახდინონ თავიანთი ტვირთების ტრანსპორტირება მცირე ინტერაქციით. მიხარია, რომ ჟიურის არჩევანში ჩვენი სტარტაპიც მოხვდა, რაც უმნიშვნელოვანესი იქნება სტარტაპის მეტად განვითარებისთვის“, – განაცხადა მახო ქიტუაშვილმა.

BTU-ს რექტორის, ნინო ენუქიძის თქმით კი, წლევანდელი ღონისძიება უპრეცედენტოდ მასშტაბურია.

„გლობალური სტარტაპ ფონდი, არის BTU-ს ბაზაზე დაფუძნებული ერთეული, რომელიც ორი წლის წინ შეიქმნა. წელს ჩატარებული ღონისძიება უპრეცედენტოდ მასშტაბურია, რომელიც დიდი წარმატებით დასრულდა“, – განაცხადა ნინო ენუქიძემ.

გლობალური სტარტაპ ფონდი არის პირველი საერთაშორისო სტარტაპ ფონდი საქართველოში, რომელიც ისრაელის სილიკონ ვადის ინვესტორებისა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით BTU-ში დაფუძნდა.

ფონდში პირველი მსხვილი დაფინანსება GITA-სთან პარტნიორობით, 1 300 000 ლარის ოდენობით, სტარტაპ Echolize-ში 2019 წელს განხორციელდა.

2021 წლიდან MIT-ს სამეწარმეო ცენტრში გაწევრიანების შემდეგ, BTU-ს სტარტაპ ფონდის ყველა პარტნიორ კომპანიას, სტარტაპს და ინვესტორს გაეხსნა წვდომა Martin Trust Center-ის საერთაშორისო ქსელთან, რომელიც ერთ-ერთი უმსხვილესი სტარტაპ ეკოსისტემაა მსოფლიოში.

გლობალური სტარტაპ ფონდის პარტნიორმა, თიბისი სტარტაპერმა ახალი სტარტაპ საინვესტიციო პროდუქტი შექმნა, რომელიც აგრეთვე ხდება ხელმისაწვდომი კომპანიებისთვის და სტარტაპის დაფინანსების მსურველი ინვესტორებისთვის.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური