გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი გამოწვევებით სავსე 2020 წელს აჯამებს
მიმდინარე წელი ყველასთვის უჩვეულო იყო. პანდემიის ფონზე ყველას დღის წესრიგი შეიცვალა, მათ შორის უმაღლესი სასწავლებლებისაც, რომლებიც არა ერთი გამოწვევის წინ დადგნენ. ამ მხრივ კიდევ უფრო საინტერესოა, რეგიონებში არსებული ვითარებაა. სწორედ ამიტომ, EDU.ARIS.GE-სთან 2020 წელი გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი სოსიაშვილმა შეაჯამა.
– რა გამოწვევის წინაშე დადგა გორის უნივერსიტეტი პანდემიის პირობებში და როგორ დაგეხმარათ განათლების სამინისტრო აღნიშნულის დაძლევაში?
– პანდემია, არამხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის იქცა მნიშვნელოვან გამოწვევად. რასაკვირველია, ეს ძალზე მოულოდნელი იყო, რამაც შოკში ჩააგდო საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფერო. მძიმე გამოწვევის წინაშე დადგა განათლების სისტემა. მახსოვს, განათლების სფეროს წარმომადგენელთა შეხვედრა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში. მინისტრის ინიციატივით, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო უნივერსიტეტებს რამდენიმე ონლაინ პლატფორმის შემოთავაზება გვქონდა, რათა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებს, დისტანციურ რეჟიმში გაგვეგრძელებინა სასწავლო პროცესი. ეს, რა თქმა უნდა, სიახლე იყო ჩვენი სისტემისთვის, თუმცა ამ გამოწვევამ ყველა გაგვაერთიანა: სამინისტრო, უნივერსიტეტების ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პროფესორები, სტუდენტები… ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ იმ მძიმე დღეებში, როცა დიდი იყო დაბნეულობა, როგორ წარიმართებოდა დისტანციურად სასწავლო პროცესი, ჩვენმა სამინისტრომ ძალზე დიდი მუშაობა გასწია. დიდი მადლობა ბატონ მიხეილ ჩხენკელს, რომელიც მხარში უდგას თითოეულ უნივერსიტეტს. სწორედ მისი დამსახურებით გავუმკლავდით ბევრ გამოწვევას. ქალბატონი ნუნუ მიცკევიჩი, თითქმის ყოველდღიურად გვეხმიანებოდა, დახმარებას გვთავაზობდა, თითოეული პროფესორის და სტუდენტის მდგომარეობით ინტერესდებოდა. ვიგრძენით, რომ მარტო არ ვიყავით და ჩვენს უკან სახელმწიფო იყო…
– როგორ მოახერხეთ კორონავირუსის პანდემიის პირობებზე მორგება?
– უცნაურია, პანდემიის დაწყებამდე რამდენიმე ხნით ადრე იტალიაში გახლდით, კერძოდ ქალაქ რომში, ტელემატიქის საერთაშორისო უნივერსიტეტში. გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩართული იყო ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ერთ-ერთ პროექტში, რომელიც უნივერსიტეტებში დისტანციურ სწავლების დანერგვას ისახავდა მიზნად. ეს ამბავი იმიტომ გავიხსენე, რომ ხაზგასმით აღვნიშნო ჩვენი პროფესორების და სტუდენტების ნიჭიერება. დისტანციური სწავლების მეთოდების სწრაფად ათვისების საქმეში. უმოკლეს დროში გაქარწყლდა ჩემი შიში. ჩვენმა პროფესორებმა სწრაფად აუღეს ალღო ონლაინ სწავლებას და პრაქტიკულად უხარვეზოდ წარვმართეთ სასწავლო პროცესი. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თითოეულ მათგანს მადლობა გადავუხადო. ვამაყობ ჩვენი პროფესურით. დისტანციურ სწავლების დანერგვას წლები სჭირდებოდა ევროპის წამყვან სასწავლებლებში. ჩვენმა აკადემიურმა პერსონალმა დიდი შრომის ფასად მოკლე დროში მოახერხა ამის გაკეთება და არა მარტო სასწავლო პროცესს გაუძღვნენ ღირსეულად, არამედ უმარავი დამატებითი აქტივობა ჩატარდა, მათ შორის: ონლაინ საზაფხულო სკოლა, სამეცნიერო სიმპოზიუმები, მასტერკლასები, სტუდენტური ღონისძიებები, საჯარო ლექციები. მეტსაც გეტყვით: ჩვენმა პროფესორებმა საქართველოს პედაგოგთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან ერთად ვებინარების ციკლიც ჩაატარა საჯარო სკოლის პედაგოგებისთვის. ვებინარებში ხუთასამდე მასწავლებელი მონაწილეობდა, როგორც შიდა ქართლიდან ისე, სხვა რეგიონებიდან, ასევე დედაქალქიდან…
– რა სირთულეებს აწყდებით დისტანციური სწავლებისას?
– სააუდიტორიო მეცადინეობას ვერასოდეს შეცვლის დისტანციური სწავლა, სულ სხვაა ცოცხალი პროცესი, ცოცხალი ურთიერთობა სტუდენტებთან. პანდემიურ პერიოდში დისტანციურ სწავლებას ალტერნატივა არ აქვს. ჩვენთვის უმთავრესი ფასეულობა, უმთავრესი საზრუნავი ჩვენი მოქალაქეების, სტუდენტების და პროფესორ-მასწავლებლების ჯანმრთელობაა. ხშირად ამბობენ, რომ დისტანციური სწავლება აისახება ხარისხზე. რასაკვირველია, ვერასოდეს ჩაანაცვლებს ონლაინ სწავლება სააუდიტორიო მეცადინეობას, თუმცა რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის ფონზე, როცა ლექცია არ ცდება, როცა სტუდენტები აქტიურად არიან ჩართულები სასწავლო პროცესში, ვფიქრობ, ეს არსებული გამოწვევის ღირსეული გამკლავებაა. თქვენი კითხვა დისტანციური სწავლების დროს არსებულ სირთულეებს ეხება და გეტყვით, რომ მთავარი მაინც ფსიქოლოგიურ პრობლემაა. როდესაც პროფესორი მთელ შეგნებულ ცხოვრებას აუდიტორიაში ატარებს, ძალიან რთულია მისთვის სტუდენტებთან ურთიერთობის ასეთი ფორმა. იგივე ითქმის სტუდენტებზეც. უნივერსიტეტის კედლებში გატარებული თითოეული წუთი ძვირფასია მათთვის, თუმცა კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო, რომ მთავარი მათი ჯანმრთელობაა. დარწმუნებული ვარ მალე გადაივლის პანდემია და ჩვეულ გარემოს დავუბრუნდებით.
– ხომ არ გაუჭირდათ სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებმა სწავლების ახალ მოდელზე გადასვლა?
– როგორც აღვნიშნე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ონლაინ სწავლების რამდენიმე პლატფორმა შემოგვთავაზა. ჩვენ ზუმის პლატფორმა ავირჩიეთ. გორის უნივერსიტეტის ვებგვერდზე განვათავსეთ სპეციალური ვიდეო გზამკვლევი, რომელმაც დახმარება გაუწია როგორც პროფესორ-მასწავლებლებს, ისე სტუდენტებს. ის რაც დაუძლეველ სირთულედ გვეჩვენებოდა, დღეს უკვე თითოეული პროფესორის და სტუდენტისთვის დაძლევადია. მათ ძალიან ადვილად აითვისეს ონლაინ სწავლების მეთოდები, რომლებიც იმედს ვიტოვებ, მალე წარსულს დარჩება. თუმცა მიღებული გამოცდილება დაგვეხმარება მოკლევადიანი სასერტიფიკატო დისტანციური კურსები შევიმუშაოთ სხვადასხვა მიმართულებით, მაგ.: ფსიქოლოგია, სათავგადასავლო ტურიზმი და სხვ.
– როგორ შეაფასებდით პირველ სემესტრს და რა ელოდებათ თქვენს სტუდენტებს მეორე სემესტრში?
– მიუხედავად მძიმე პანდემიური სიტუაციისა, 2020-2021 წლის საშემოდგომო სემესტრი საკმაოდ ნაყოფიერი იყო. წელს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა აბიტურიენტების საკმაოდ დიდი ნაკადი მიიღო. არაერთ პროგრამაზე კონკურსი გვქონდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი უნივერსიტეტი სულ უფრო და უფრო რეიტინგული ხდება. გორის უნივერსიტეტმა არაერთი აქტივობა განახორციელა, აქედან მინდა გამოვყო ჟან მონეს პროექტი, რომელიც ევროკავშირის საგრანტო პროგრამის ჩარჩოებში ხორციელდება. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც ევროკავშირის შესახებ სტუდენტების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.
გარდა ამისა, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩართულია ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ (ერაზმუს პლუსი) ხუთ პროექტში, აქედან ინსტიტუციური გაძლიერების 2 პროექტი და მობილობის 3 პროექტია. რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით გორის უნივერსიტეტში ხორციელდება პროექტი “შიდა ქართლის ოკუპირებული ტერიტორიის ისტორიული რეპრეზენტაცია”, რომლის ფარგლებში ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების ფოტოგამოფენა მოეწყო.
გორის უნივერსიტეტმა უმასპინძლა ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმს “მშვიდობიანი კავკასია”, რომელშიც ჩართულები იყვნენ: თურქეთის, უკრაინის, აზერბაიჯანის, დაღესტნის, პოლონეთის უმაღლესი სასწავლებლები, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
მიმდინარე სემესტრში გორის უნივერსიტეტში ჩატარდა მეცამეტე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს: ბულგარეთის, თურქეთის, იტალიის, პოლონეთის და საქართველოს უმაღლესმა სასწავლებლებმა.
მინდა სიამაყით აღვნიშნო, რომ უნივერსიტეტში არსებულ სამეცნიერო გამოცემებს შეემატა სამი საერთაშორისო რეფერირებადი ელექტრონული ჟურნალი, რომელთაგან ერთი ერიხ–ის ბაზაშია ინდექსირებული. ეს ძალზე დიდი მიღწევაა და არამხოლოდ გორის უნივერსიტეტის პროფესორებს ექნებათ საშუალება ამ ჟურნალთან თანამშრომლობის, არამედ ჩვენს ქვეყანაში ისტორიის, ეთნოლოგიის და არქეოლოგიის მიმართულებით მომუშავე მეცნიერებს. ასეთი ჟურნალი მალე დაარსდება განათლების მიმართულებით, რომელიც ორიენტირებული იქნება პოსტსაბჭოთა ქვეყნებში განათლების საკითხების კვლევაზე.
დავიწყეთ ტრენინგების ციკლი რომელიც ინგლისური ენის გაღრმავებულ სწავლებას ემსახურება. სულ ახლახან ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, ბრიტანეთის საბჭოსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ხელშეწყობით განხორციელდა ინგლისურად საჯარო საუბრების კონკურსი, რომელიც ძალიან საინტერესო გამოვიდა და არაერთი ნიჭიერი სტუდენტი გამოავლინა. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორის ბატონი ბერიკა შუკაკიძის ინიციატივით და ძალისხმევით გორის უნივერსიტეტის ბაზაზე შეიქმნა “ჩხირკედელას” ლაბორატორია, რომელიც საბუნებისმეტყველო მიმართულებით იმუშავებს და სკოლის მოსწავლეებს მოემსახურება. ლაბორატორიაში მოსწავლეთა სახალისო სამეცნიერო საქმიანობას საჯარო სკოლების წარმატებული მასწავლებლები გაუძღვებიან.
მიმდინარე სემესტრში გორის უნივერსიტეტს იუნუს ემრეს თურქული ენის ცენტრის წარმომადგენლობა სტუმრობდა. სულ მალე, ამავე ცენტრის დაფინანსებით თურქული ენის შესწავლა დაიწყება, რომელიც უფასო იქნება, ამით ძალიან ბევრ სტუდენტს მიეცემა საშუალება თურქულ ენას დაეუფლოს და თურქეთის სასწავლებლებთან გაცვლით პროგრამებში ჩაერთოს.
კიდევ ერთი სიახლე, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში მალე იტალიის რესპუბლიკის საელჩოს დახმარებით იტალიური ენის და კულტურის ცენტრი გაიხსნება, სტუდენტებს იტალიური ენის უფასოდ შესწავლის შესაძლებლობაც ექნებათ. ეს, რა თქმა უნდა, I სემესტრის ღონისძიებების ძალზე მცირე ჩამონათვალია.
– როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
– მოგეხსენებათ, როგორ სწრაფად იცვლება თანამედროვე სამყარო. უამრავი გამოწვევის წინაშე ვდგავართ. ამ გამოწვევათაგან უმთავრესი მაინც პანდემიაა, რომელმაც ჩვენი ყოველდღიურობა შეცვალა. დიდი იმედი გვაქვს, რომ ეპიდემია მალე წარსულს დარჩება და ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდებით.
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში არაერთი სიახლე იქნება. გაზაფხულზე ვგეგმავთ ოსური ენის და კულტურის ცენტრის გახსნას. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი 85 წლის უნივერსიტეტი ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმემკვიდრეცაა, ოსური ენის სწავლება ქართულ-ოსური მრავალსაუკუნოვანი ძმური ურთიერთობის გაგრძელების მორიგი ნაბიჯი იქნება. უნივერსიტეტში მალე ფუნქციონირებას დაიწყებს ინტერნეტ ტელევიზია, რომელშიც ჩვენი სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები იქნება ჩართულები და არაერთი საინტერესო პროექტი განხორციელდება, ეს ჩვენს სტუდენტურ ცხოვრებას კიდევ უფრო გამოაცოცხლებს. მიმდინარე წელს გეგმიური ავტორიზაცია გვიწევს, რაც დარწმუნებული ვარ, წარმატებით იქნება გავლილი, ამის თქმის საფუძველს გვაძლევს განახლებული ინფრასტრუქტურა, გამართული სასწავლო პროგრამები, პროფესორთა ის კორპუსი, რომლითაც ნებისმიერი სასწავლებელი იამაყებს. დაწყებული გვაქვს ერთობლივი სადოქტორო პროგრამის მომზადება საქართველოს ისტორიაში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად. სავარაუდოდ რამდენიმე თვეში განაცხადს მესამე საფეხურზეც შევიტანთ, რაც სადოქტორო პროგრამების განხორციელების საშუალებას მოგვცემს. იგეგმება ფრანგული ენის ცენტრის გახსნა, ამ მხრივ დიდ დახმარებას გვიწევს საფრანგეთში მოღვაწე ქართველი დესპანი, ბატონი გოჩა ჯავახიშვილი. გორის უნივერსიტეტში მრავალი სტუდენტური პროექტი დაფინანსდება, რაც ჩვენს სტუდენტებს სასწავლო-სამეცნიერო მუშაობის გაღრმავების თვალსაზრისით მოტივაციას კიდევ უფრო გაუზრდის. ასეთივე პროექტები დაფინანსდება ჩვენი აკადემიური პერსონალისთვის. გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში იანვარში სტუდენტთა კონფერენცია გაიმართება, რომელიც პოლონეთში მოღვაწე გამოჩენილი ქართველი მეცნიერის ბატონი დავით ყოლბაიას ძალისხმევით ჩატარდება. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ვარშავის უნივერსიტეტის სტუდენტებიც. შევიმუშავეთ პროფესორების წახალისების სქემა, რომელიც მალე დამტკიცდება. იგი მიზნად ისახავს ჩვენი აკადემიური პერსონალისთვის დამატებითი მოტივაციის შექმნას. თითოეული პროფესორის მიერ განხორციელებული სასწავლო-სამეცნიერო აქტივობები, რომელიც წახალისების სქემაშია გაწერილი, მათ ანაზღაურებაზე აისახება. ვგეგმავთ საზაფხულო სკოლების ორგანიზებას, სადაც უცხოეთის არაერთი სასწავლებელი ჩაერთვება. მნიშვნელოვანი ყურადღება მიექცევა პროფესიულ მიმართულებას. გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს ყველა ის პროგრამა ექნება, რომელიც რეგიონის განვითარებაზე იქნება მორგებული. დაგეგმილი გვაქვს საერთაშორისო ახალგაზრდული ფორუმის ჩატარება, რომელიც პანდემიის შედეგად გამოწვეულ პრობლემებს მიეძღვნება, ამ ფორუმში ჩაერთვებიან ჩვენი პარტნიორი უცხოეთის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები.
მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თქვენს საინფორმაციო პორტალს მადლობა გადავუხადო გორის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქტიური თანამშრომლობისთვის, მხარდაჭერისთვის. თქვენს პორტალს, მკითხველს, ჩვენს საზოგადოებას ვულოცავ დამდეგ შობა-ახალ წელს. მშვიდობის და კეთილდღეობის მომტანი ყოფილიყოს ახალი 2021 წელი.
- გორის უნივერსიტეტის სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა 5 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ციფრული ინდუსტიისა და ვიდეომონტაჟის შესახებ ტრენინგები ჩატარდა by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიშო ჯალაბაძის სახელობის სტიპენდიის გადაცემის ღონისძიება ჩატარდა by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი