GE

პროფესიული განათლების ცენტრის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები და პირველკურსელთა მისაღები ღონისძიება გორის უნივერსიტეტში

25 ნოემბერს, გორის სახელმიწფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები და პირველკურსელთა მისაღები ღონისძიება გაიმართა.

უნივერსიტეტის მიერ 26 ნოემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა მიმართა და პროფესიული განათლების ცენტრის სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა, ხოლო კურსდამთავრებულებს – წარმატებით დასრულებული სასწავლო პროცესი და შემდგომი წარმატებები უსურვა.

ბატონმა რექტორმა ცენტრის პედაგოგებს, ადმინისტრაციასა და დამხმარე პერსონალს შრომისა და პროფესიული განათლების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. ალექსანდრე მღებრიშვილმა განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი პროფესიული განათლების როლსა და მნიშვნელობას ქვეყნის პროგრესისა და კონკურენტუნარიანი სამუშაო ძალის ჩამოყალიბების პროცესში. ბოლოს კი ყველა სტუდენტსა და კურსდამთავრებულს წარმატება და სტაბილური პროფესიული წინსვლა უსურვა.

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, ბატონმა სიმონ გულედანმა პირველკურსელებსა და კურსდამთავრებულებს მიულოცა მათთვის მნიშვნელოვანი დღე და აღნიშნა, რომ პროფესიული განათლება რეგიონული განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. მისი თქმით, თანამედროვე დასაქმების ბაზარი პრაქტიკულ ცოდნას, პროფესიულ უნარებსა და ახალ ტექნოლოგიებთან ადაპტაციის შესაძლებლობას საჭიროებს.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ბატონმა მარლენ ნადირაძემ მადლობა გადაუხადა პროფესიული განათლების ცენტრს ახალგაზრდების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და ხაზი გაუსვა, რომ ძლიერი პროფესიული კადრები ადგილობრივი ეკონომიკისა და მუნიციპალიტეტის ზრდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რესურსია. მან სტუდენტებს მოუწოდა, გამოიყენონ ის ცოდნა, რომელსაც ცენტრი აძლევს და გაბედულად შეაბიჯონ პროფესიულ სივრცეში.

მისალოცი სიტყვები ასევე წარმოსთქვეს: გორის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, ბატონმა ზურაბ ზურაბაშვილმა; პროფესიული პროგრამა „რძის პროდუქტების წარმოება“ პროგრამის ხელმძღვანელმა, ბატონმა ზურაბ პაპიაშვილმა; საწარმოო პრაქტიკის ობიექტის ხელმძღვანელმა, კლინიკა „გორმედის“ ამბოლატორიული მმართველობის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა ნანა კობერიძემ; პროგრამა საექთნო განათლების კურსდამთავრებულებმა ლელა ლაფაჩმა და გიორგი ცერაძემ.

ღონისძიების ფარგლებში პროფესიული განათლების ცენტრის მენეჯერმა, პროფესორმა დავით ჩოჩიშვილმა, წარადგინა პრეზენტაცია ცენტრის განვითარების ისტორიის, მისი მთავარი ეტაპებისა და თანამედროვე საქმიანობის შესახებ. მას ასევე ისაუბრა ცენტრის მიღწევებზე, მიმდინარე ინიციატივებსა და იმ მიმართულებებზე, რომლებიც პროფესიული განათლების ხარისხის ამაღლებასა და სტუდენტთა შესაძლებლობების გაფართოებას ემსახურება.

საზეიმო ღონისძიების მსვლელობისას მადლობის სიგელები და სპეციალური საჩუქრები გადაეცათ: პროფესიული განათლების ცენტრის ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერს, ქალბატონ ნინო მაზმიშვილს; პროფესიული პროგრამა „რძის პროდუქტების წარმოება“ პროგრამის ხელმძღვანელს, ბატონ ზურაბ პაპიაშვილსა და „კომპიუტერული ქსელი და სისტემების“ პროგრამის ხელმძღვანელს, ბატონ დავით პეტუაშვილს.

ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდნენ გორის სახელმწიფო უნივერსიტეის სტუდენტები: ხატია ხუციძე, ნატალი გრიგალაშვილი, ნეა მარკოზაშვილი (ხელმძღვანელი თეა ქიტიაშვილი), ქორეოგრაფიული დასი (ხელმძღვანელი ნინო ტატიაშვილი) და ჯგუფი „Soft wave”.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური