GE

გორის უნივერსიტეტის ორგანიზებით ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „მაჩაბელი“ ჩატარდა

მიმდინარე წლის 21-22-23 ივლისს გორის უნივერსიტეტის ორგანიზებით ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი – მაჩაბელი ჩატარდა, რომელიც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული პროექტია.

ფესტივალმა სამი დღის განმავლობაში დამსწრე საზოგადოებას არაერთი შემოქმედებით აქტივობა და მასტერკლასი შესთავაზა, რომელსაც ხელოვნების სხვადასხვა მიმართულების როგორც უცხოელი, ასევე ქართველი ხელოვანები უძღვებოდნენ.

21 ივლისს, ფესტივალის ოფიციალური გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ და ფესტივალის მონაწილეებს მიესალმნენ: გორის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ქალბატონი ნუნუ მიცკევიჩი; უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ბატონი ზაზა მარუაშვილი; საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მრჩეველი, ბატონი იოსებ ჭუმბურიძე; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, ბატონი შოთა რეხვიაშვილი. გორისა და ატენის ეპარქიიდან მეუფის წარმომადგენელი, მამა გიორგი კარელიძე. შიდა ქართლის რწმუნებულის მოადგილე, ბატონი აბელ აბესაძე. გორის მუნიციპალიტეტის მერი – ბატონი ლადო ხინჩეგაშვილი; გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ბატონი დავით რაზმაძე; აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ბატონი როლანდი კოპალიანი; უცხოეტიდან მოწვეული სტუმრები, ქალაქ გორის საზოგადოება, გორის უნივერსიტეტის ლექტორ-მასწავლებლები და სტუდენტები.

ღონისძეიბის ოფიციალური ნაწილის შემდეგ დამსწრე საზოგადოების წინაშე მუსიკალური კომპოზიციით წარსდგა გორის უნივერსიტეტის ჯაზ-ბენდი ,,კანუდოსი“. დღის განმავლობაში ხელოვნებით დაინტერესებულ აუდიტორიას საშუალება ჰქონდა მოესმინა საფრანგეთიდან მოწვეული საერთაშორისო დონის მხატვრისა და ფოტოგრაფის, ანრი მაჭავარიანის მასტერკლასი ,,ფოტოგრაფია და კრეატიული დიზაინი“. დღის მეორე ნახევარში ასევე საერთაშორისო დონეზე აღიარებულმა გორელმა მხატვარმა კახა თოფჩიშვილმა წარმოადგინა მასტერკლასი საიუბილეო მონეტების დიზაინის შესახებ. ფესტივალის პირველი დღე დასრულდა რეჟისორის, გიორგი ხაინდრავას მასტერკლასით ,,კინოდოკუმენტალისტიკა“.

22 ივლისს, ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის მეორე დღე გახსნეს ისრაელიდან მოწვეულმა ფოტო ხელოვანებმა- ჰედვა ჰოკახმა და იტაი ბახურმა, რომელთაც საზოგადოებას წარუდგინეს მასტერკლასები ფოტოგრაფიის და ქართულ-ებრაული კულტურული კავშირების შესახებ. აღნიშნულ მასტერკლასებთან ერთად ფესტივალზე მოსულ საზოგადოებას საშუალება ჰქონდა ჰედვა როკახის ფოტოგამოფენა დაეთვალიერებინა.

ამავე დღეს, ფესტივალის ფარგლებში გამოცხადებული ფოტოკონკურსის ,,ახალგაზრდა ხელოვანები მშვიდობისთვის“ გამარჯვებულთა გამოვლენა და დაჯილდოება გაიმართა. აღნიშნულ ფოტოკონკურსზე პირველი ადგილის მფლობელი გახდა გორის უნივერსიტეტის სტუდენტი – ანა რაზმაძე, რომელსაც გადაეცა გამარჯვებულის სერტიფიკატი და ფულადი ჯილდო 1500 ლარის ოდენობით. მეორე ადგილზე გასულ კონკურსანტს, გორის უნივერსიტეტის სტუდენტს, ზეზვა ბუთურიშვილს გადაეცა ასევე ფოტოკონკურსის ფინალისტის სერტიფიკატი და ფულადი ჯილდო 1000 ლარის ოდენობით, მესამე ადგილი დაიკავა კიევის უნივერსიტეტის სტუდენტმა ანასტასია მოროზოვამ, რომელსაც ფოტოკონკურსის ფინალისტის სერტიფიკატთან ერთად 500 ლარის ოდენობის ფულადი ჯილდო გადაეცა. ფოტოკონკურსის ყველა მონაწილე დაჯილდოვდა შესაბამისი სერტიფიკატებით.

ღონისძიება განაგრძეს თურქეთიდან მოწვეულმა სტუმრებმა. ქართველოლოგი და მთარგმნელი, ბატონი ჰარუნ ჩიმქე საზოგადოებას ქართულ-თურქული თარგმანების შესახებ ესაუბრა.

შავი ზღვის აუზის ქვეყნების საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის დირექტორის ესმა ალა თურქმენის მოადგილემ ფოტოგრაფიის სპეციფიკა გააცნო საზოგადოებას.

ფესტივალის მეორე დღე დასრულდა იტალიელი დიზაინერის, არქიტექტორისა და ინჟინერის ივან პადუანოს შთამბეჭდავი მასტერკლასით – ,,ჰიპერმოდელაცია, 3D პრინტინგი და ხელოვნების არსი”.

ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის მესამე, დასკვნითი დღე, მოიცავდა ქალაქგარეთ ლოკაციებზე შემეცნებით ექსკურსიებს და გასვლით ლექციებს. დღის პირველი ნახევარი დაეთმო საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, სოფელ დიცის სკოლაში, ფოტოგამოფენას და ბატონი გიორგი სოსიაშვილის საჯარო ლექციას – ,,შიდა ქართლის ოკუპირებული ტერიტორიების ისტორიული რეპრეზენტაცია (პატარა ლიახვის ხეობა)“.

ფესტივალის ბოლო აქტივობა სოფელ არბოში, ნიკო ლომოურის სახელობის მუზეუმში გაიმართა. მუზეუმის დათვალიერების შემდეგ დამსწრე საზოგადოებას ბატონმა გიორგი სოსიაშვილმა ისაუბრა საავტორო მონოგრაფიაზე და ფილმზე ,,არბო, პარიზი, ლიმა“ მუშაობის სპეციფიკა, აქვე გაიმართა ამავე სახელწოდების ფილმის ,,არბო, პარიზი, ლიმა“ ჩვენება. გიორგი სოსიაშვილმა დღის ბოლოს წაიკითხა ლექცია ,,ჟურულთა საგვარეულო ქართული თეატრის სათავეებთან“ და როგორც დამსწრე საზოგადოებას, ამავე დროს მუზეუმის ბიბლიოთეკას გადასცა საჩუქრად წიგნები.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური