გრიფირებული სახელმძღვანელოების კიდევ ერთი პრობლემა – ავტორების სუბიექტური შეფასებები, რომელსაც მოსწავლეები სწავლობენ
„სამოქალაქო განათლების“ მოსწავლის სახელმძღვანელოში ავტორების სუბიექტური შეფასებისა და არამეცნიერული განსჯის მაგალითები აღმოაჩინეს.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდმა, „ღია საზოგადოების ფონდის“ (OSGF) ფინანსური მხარდაჭერით მოამზადეს კვლევა ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში თანასწორობის პოლიტიკის შესახებ. დოკუმენტში სხვადასხვა ასპექტთან ერთად ,კონკრეტული სახელმძღვანელოებიცაა განხილული, მათ შორისაა მე-9 კლასის სამოქალაქო განათლების გრიფირებული სახელმძღვანელო.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების დასკვნით, სახელმძღვანელოების კონტენტ-ანალიზის შედეგად, იკვეთება, რომ გენდერული, ეთნიკური, რელიგიური, კულტურული და სხვა ნიშნით მრავალფეროვნების საკითხების არასაკმარისად, ან საერთოდ არაა ასახული.
„აუცილებელია, ყურადღება გამახვილდეს არა იმაზე, თუ რა წერია სახელმძღვანელოში, არამედ იმაზე, თუ რა უნდა ეწეროს. ამისათვის კი საჭიროა ქართული იდენტობის გადააზრება და სახელმძღვანელოებში რელიგიური ნაციონალიზმით გაჯერებულ ნარატივზე უარის თქმა. ასევე, მნიშვნელოვანია, ავტორებმა, მასწავლებლებთან და კონფლიქტებისა და ნაციონალური იდენტობის მკვლევარებთან კონსულტირების საფუძველზე, შეიმუშაონ ერთიანი ჩარჩო, რომელიც მკაფიო ინსტრუქციას შეიცავს, თუ როგორ შეიძლება ისწავლებოდეს ეთნოსებს, ერებსა და სახელმწიფოებს შორის არსებული/ძველი კონფლიქტები იმგვარად, რომ რომელიმე ეთნოსის ან რელიგიური აღმსარებლობის მოსწავლემ თავი არ იგრძნოს შეურაცხყოფილად ან თავდაცვით პოზიციაში უმრავლესობის მიმართ.
„მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხია ადამიანის უფლებების სწავლება. ამ შემთხვევაში გამოწვევას წარმოადგენს ადამიანის უფლებების ინტეგრირებული სწავლება. აღნიშნულში ვგულისხმობთ მნიშვნელოვანი თემების, პრობლემების, ფაქტების, პროცესების გააზრებას ადამიანის უფლებების პარადიგმიდან, რაც მოსწავლეებს დაეხმარება საკუთარი უფლებების გაცნობიერებაშიც და სხვათა უფლებების დაცვისა და საერთო სამოქალაქო ცნობიერების განვითარებაშიც“, – ნათქვამია კვლევაში.
კვლევის ავტორებმა, სამოქალაქო განათლების მე-9 კლასის მოსწავლის სახელმძღვანელოში – (ავტორები: ნინო ტალახაძე, თამარ ბრეგვაძე, ივანე პეტრიაშვილი გამომცემლობა „სიდი“ გრიფის მინიჭების თარიღი: 2012) სხვადასხვა დაავადებისა თუ დამოკიდებულების მახასიათებლების აღწერის დროს, ავტორების მხრიდან სუბიექტური შეფასებისა და არამეცნიერული განსჯის მაგალითები აღმოაჩინეს.
სახელმძღვანელოს ერთ-ერთ თავში აღნიშნულია, რომ აივ-ინფექცია სადღეისოდ მიჩნეულია კაცობრიობისთვის ყველაზე დიდ საფრთხედ თერმობირთვული ომის შემდეგ (გვ. 133); ასევე, შიდსის ვირუსისგან თავის დაცვის საშუალებებში ვკითხულობთ: „დაიცავით ოჯახური სიწმინდე და ერთგულება“ ; „თავი შეიკავეთ შემთხვევითი სქესობრივი კავშირისგან“.
კვლევის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ოჯახური სიწმინდე და ერთგულების დაცვა არის ცხოვრების წესი, რომელსაც განსაზღვრავს ცალკეული რელიგიური მრწამსი და არა დაავადების პრევენციის მექანიზმი. აღნიშნულ შემთხვევაში მართებულია სექსუალობის შეფასება არა რელიგიური, არამედ სექსუალური განათლების პერსპექტივიდან, რომელიც დეტალურად აღწერს/უნდა აღწერდეს ამ გზით გადამდები დაავადებების პრევენციის ყველა შესაძლო მექანიზმს.
ამავე თავში, სექციაში „ეს საინტერესოა“ მოყვანილია 5 ტექსტი. მათგან პირველი აღწერს სხვადასხვა ქვეყანაში ალკოჰოლზე დამოკიდებული ადამიანების დასჯის ძალადობრივ მეთოდებს კრიტიკული კომენტარის გარეშე: 1. ძველ ინდოეთში სმით გატაცებულ ადამიანებს აიძულებდნენ გავარვარებული ლითონის ჭურჭლიდან მანამდე ესვათ მდუღარე ღვინო ან წყალი, სანამ სიკვდილი არ დადგებოდა; 2. ნებისმიერ რომაელს, რომელიც ცოლის სიმთვრალეს შენიშნავდა, მისი მოკვლის უფლება ჰქონდა; 3. ჰოლანდიაში ქალ ალკოჰოლიკებს სამჯერ აყურყუმელავებდნენ წყალში; 4. 1917 წელს წითელ არმიაში ლოთობა დახვრეტით ისჯებოდა.
კვლევის ავტორების აზრით, 1-ლი და მე-4 მაგალითის აღწერა გენდერული ნიშნით ნეიტრალურია, ხოლო მე-2 და მე-3 დებულება ქალის მიმართ არსებული სტერეოტიპების განმტკიცებას უწყობს ხელს და საჭიროებს განმარტებით კომენტარს. მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 ტექსტები საქართველოს ისტორიაში, ფოლკლორსა და მითოლოგიაში ღვინის როლს სუბიექტურად წარმოაჩენს. აღნიშნული ისტორიების აღწერას ეთმობა 2 გვერდი, რაც აღემატება ისეთი მნიშვნელოვანი თემების გაშუქებას, როგორიცაა, მაგალითად, კულტურა და მულტიკულტურალიზმი (1.5 გვერდი).
პუბლიკაციაში იგივე სახელმძღვანელოდან სხვა მაგალითებიცაა მოყვანილი, გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:
გენდერული ნიშნით ქალისა და კაცის როლის წარმოდგენა
სახელმძღვანელოს ილუსტრაციებში წარმოდგენილია ქალის 6, კაცის – 17 და 36 ჯგუფური ფოტო. ჯგუფური ფოტოების დიდ უმრავლესობაში (რომელშიც სქესის იდენტიფიცირება შესაძლებელია) მამაკაცების რაოდენობა აჭარბებს ქალების რაოდენობას. ეკონომიკური აქტივობის მიმოხილვაში (თავი „შენ და ეკონომიკა“) წარმოდგენილი არ არის ქალის ფოტო, ისევე როგორც სპორტული აქტივობის აღმწერ 13 ფოტოსურათში. ასევე, სახელმძღვანელოში გვხვდება 11 ცნობილი/აღიარებული პიროვნების გამონათქვამი, მათ შორის, არცერთი გამონათქვამი არ ეკუთვნის ქალს. სხვადასხვა პროცესის/ფაქტის აღწერისას მოხსენიებულია მხოლოდ 2 ქალი: თამარ მეფე და ეკატერინე II. სახელმძღვანელოს არცერთ თავში, მათ შორის, „ოჯახი – ძირითადი საზოგადოებრივი ინსტიტუტი“, სათანადოდ არ არის აღწერილი და გაანალიზებული გენდერული როლები და მათი მნიშვნელობა. მისასალმებელია, რომ ტექსტში ქალის როლი, გარდა დედისა და დიასახლისისა, წარმოდგენილია სხვადასხვა პროფესიულ საქმიანობაში. მეორე მხრივ, მართვასთან და ფინანსური გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებულ თემებში ქალი პერსონაჟები არ არიან წარმოდგენილნი, რაც მის შესაძლებლობებსა და საქმიანობასთან დაკავშირებული სტერეოტიპების განმტკიცებას უწყობს ხელს.
სტიგმის განმტკიცება და ნეგატიური სტერეოტიპიზაცია
სახელმძღვანელოში წარმოდგენილი ტექსტები და მსჯელობა ჯანსაღი ცხოვრების წესისა და დამოკიდებულებების შესახებ (ნარკოდამოკიდებულება, ალკოჰოლიზმი) განამტკიცებს სტიგმას, რომელიც არსებობს წამალდამოკიდებული ადამიანების მიმართ. მსჯელობა პრობლემად წარმოაჩენს არა წამალდამოკიდებულებას, არამედ თავად ადამიანს, როგორც დამოკიდებულს. ის წარმოდგენილია როგორც სოციალური დამნაშავე, უსაქმური, საზოგადოებისათვის საფრთხის შემცველი. ვხვდებით ღირსების შემლახველ ტერმინებს, მაგალითად, „დეგრადირებულს“. ნარკომანები ცუდი მუშაკები არიან, ოჯახისთვის დიდი მატერიალური ზიანი მოაქვთ, ისინი ხშირად უბედური შემთხვევების მიზეზი ხდებიან (გვ. 130); მოზარდი, რომელმაც ნარკოტიკი გასინჯა 25 წლის ასაკში, ჩამოყალიბებული ნარკომანი ხდება. მისი პიროვნება დეგრადირებულია იმიტომ, რომ მისი ფსიქიკა ჩამოუყალიბებელია, განკურნება კი – ძალიან რთული (გვ. 130); 4 არა ნარკოტიკის წინააღმდეგ: არა უსაქმურობას […] ნარკომანები ირჩევენ გზას, რომლითაც საკუთარ თავს ყველა ადამიანურ თვისებას ართმევენ (გვ. 131); ლუდის მოხმარება, რასაც ხშირად შეესწრებით ეზოში, სადარბაზოსა და ქუჩაში, იწვევს თაობის დეგრადაციას (გვ. 126).
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება