ახლადგრიფირებული სახელმძღვანელოების რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე თარგმნისთვის მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო VII კლასის გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოების (ფიზიკის, მოქალაქეობის, ისტორიის, ბიოლოგიის, გეოგრაფიის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, მათემატიკის, მუსიკის) და ლევან კიკალიშვილის ავტორობით შექმნილი V-VI კლასის ფიზიკური აღზრდის გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს თარგმნისთვის მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს.
სახელმძღვანელოები რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე უნდა გადაითარგმნოს და ის არაქართულენოვანი სკოლებისთვის იქნება განკუთვნილი. კანონმდებლობის თანახმად სახელმძღვანელოების თარგმანს, ახორციელებენ გრიფირების კონკურსში გამარჯვებული გამომცემლობები (საავტორო უფლების მქონე პირები), თუ რომელიმე მათგანი უარს განაცხადებს, ამ შემთხვევაში მომსახურებას სხვა ორგანიზაციას უკვეთავენ. საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო აღნიშნულ მომსახურებას გამარტივებული შესყიდვით განახორციელებს და ჯამში 1 023 431.37 ლარს გადაიხდის. ხელშეკრულების ვადა 2020 წლის 20 იანვრიდან ამავე წლის პირველ ივნისამდეა.
„სახელმძღვანელოების რუსულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე თარგმნის გარდა უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ნათარგმნი სახელმძღვანელოების კორექტირება, სტილისტური გასწორება, სამეცნიერო რედაქტირება (დარგის სპეციალისტის მიერ) და დაკაბადონება. შესაბამისად, სააგენტოსთვის წარდგენილი გამოსაცემად გამზადებული საბეჭდი ფაილის (სახელმძღვანელოს ელექტრონული ვერსია PDF ფორმატში, DPI − არანაკლებ 3600) მომზადება მოითხოვს სპეციალურ ცოდნას და უშუალოდ სასკოლო სახელმძღვანელოების თარგმნის გამოცდილებას. ამასთან, სახელმძღვანელოები უნდა იყოს ნათარგმნი შესაბამისი საგნის და ენისთვის მორგებული ტერმინოლოგიით და გრამატიკული შესატყვისობებით და ზედმიწევნით უნდა შეესაბამედბოდეს ორიგინალს. შესაბამისად, თარჯიმანი კარგად უნდა იცნობდეს შესაბამის საგანს და გააჩნდეს ენათშორისი ეკვივალენტების სწრაფად მოძიების უნარი“- ეს გახლავთ მოთხოვნები, რასაც სააგენტო ნათარგმნ სახელმძღვანელობს უყენებს.
როგორც საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ინფორმაციიდან ირკვევა, სახელმძღვანელოების თარგმანზე თანხმობა განაცხადა თითქმის ყველა საავტორო უფლების მფლობელმა პირმა და უწყებას საკუთარი ხარჯთაღრიცხვა წარუდგინა. თარგმნის მომსახურებაზე უარი განაცხადა, ავთანდილ საგინაშვილმა, რომელიც მე-7 კლასის მათემატიკის სახელმძღვანელო/სერიის ავტორია, შესაბამისად სააგენტომ აღნიშნული მომსახურება სხვა კომპანიას უნდა დაუკვეთოს. აღნიშნული სახელმძღვანელოს, რუსულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე თარგმანს სააგენტოს ერთ-ერთი კომპანია სთავაზობს. კომპანიის ხარჯთაღრიცხვის თანახმად, სახელმძღვანელოს ერთი გვერდის თარგმნა 27 ლარი ღირს. წიგნი არის სულ 374 გვერდიანი. ჯამში თითოეულ ენაზე, ერთი წიგნის დაკაბადონების და თარგმნის ფასი 16,328.84 ლარს შეადგენს.
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება