GE

GRUNI-ში საქართველოს ფინანსურ შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა ტრადიციად დაამკვიდრა იმ პოლიტიკოსებისა და ხელმძღვანელი პირების მოწვევა, რომლებიც ამა თუ იმ სფეროში ქმნიან სახელმწიფო პოლიტიკას და ხელეწიფებათ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება.

2023 წლის პირველ თებერვალს უნივერსიტეტს სტუმრობდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში სელიმ ჩაკირი.

სტუდენტებთან და აკადემიურ პერსონალთან შეხვედრაზე სტუმრებმა განიხილეს საქართველოს 2022-2023 წლების ფინანსური შესაძლებლობები და გამოწვევები, ვრცლად ისაუბრეს ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობის, მონეტარული პოლიტიკის, ინფლაციისა და მის შესამცირებლად ეროვნული ბანკის საქმიანობის, რუსეთ-უკრაინის ომის გავლენის, პროგნოზებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ, უპასუხეს შეკითხვებს.

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორის, მამუკა თავხელიძის, შეფასებით, მსგავსი ღონისძიება ყოველთვის წარმატებისა და შედეგის მომტანია.

„ასეთი პერსონების შემოსვლა აკადემიურ სივრცეში ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს ჩვენმა აკადემიურმა პერსონალმა და სტუდენტებმა ბევრი ახალი ინფორმაცია მოისმინეს. შეკითხვებიც შესაბამისად დაისვა. მსგავსი ღონისძიებები ჩვენთან ხშირად იმართება და ვფიქრობ, ასეც გაგრძელდება,” – აღნიშნა მამუკა თავხელიძემ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა – კობა გვენეტაძემ, შეხვედრას მისი შვიდწლიანი საქმიანობის ერთგვარი შეჯამება უწოდა: „ფინანსური განათლება ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის და ეს არის ერთ-ერთი გამოკვეთილი პრიორიტეტი ეროვნული ბანკისთვისაც, ამიტომ ყოველთვის სიხარულით ვიღებ მოწვევას უნივერსიტეტებისაგან. დღეს ის კითხვები დაისვა, რომლებიც საქართველოს საფინანსო სექტორში გამოწვევად რჩება… დღევანდელი შეხვედრა ჩემთვის შეჯამებასავით იყო, რადგან ეროვნულ ბანკში ჩემს შვიდწლიან ვადას ვასრულებ”, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

გრუნის რექტორის მოადგილემ, ეკონომიკისა და ბიზნესის სკოლის დეკანმა, ვახტანგ ჭარაიამ განაცხადა: „…ძალიან მნიშვნელოვანია, ქართული ეკონომიკა შეფასდეს – სად ვართ, საით მივდივართ, როგორი სახის პროგრესი და ხარვეზები გვაქვს. დღევანდელი ღონისძიება სწორედ ამ საკითხების შეჯამებას შეეხებოდა. ღონისძიება საკმაოდ წარმატებული გამოვიდა, სტუდენტებიც და პროფესორებიც შეხვედრითა და მიღებული ინფორმაციით კმაყოფილი დარჩნენ, იშვიათია, როცა სავალუტო ფონდი მსგავს შეხვედრაში მონაწილეობს.“

შეხვედრის დასასრულს სტუმრებმა უნივერსიტეტის სასწავლო გარემო და ლაბორატორიები დაათვალიერეს.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური