GE

გზა მასწავლებლობამდე – როგორ შეიძლება მასწავლებლად მუშაობის დაწყება

არცთუ იშვიათად EDU.ARIS.GE იღებს კითხვას იმის თაობაზე, როგორ შეიძლება მასწავლებელი გახდე. მიუხედავად ჩვენი არაერთი პუბლიკაციისა ამ თემის ირგვლივ, გადავწყვიტეთ კიდევ ერთხელ შევეხოთ აღნიშნულ თემას.

მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემა განსაზღვრავს, თუ რა გზები არსებობს იმისთვის, რომ სკოლაში მუშაობა დაიწყოს პედაგოგმა. ვისაც ახლა სურს სკოლაში შესვლა, მას უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება, საგანში გამოცდა ჩაბარებული. თუ დიპლომში არ უწერია სპეციალობა „მასწავლებელი“, მან უნდა გაიაროს დამატებით მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი, ან მაძიებლობის პროგრამა, რომლის განხორციელებასაც მომავალი სასწავლო წლიდან გეგმავს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი. თუ რა საშუალებები არსებობს მასწავლებლობის მსურველთათვის სკოლაში შესვლის და მუშაობის დაწყების, ამის შესახებ EDU.ARIS.GE-ს მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტი სოფიკო ლობჟანიძე ესაუბრება.

–მასწავლებლის პროფესიაში შესვლის რა გზები არსებობს? ვის შეუძლია გახდეს მასწავლებელი და რა რეგულაციები მოქმედებს დღეს ამისთვის?

–არსებული რეგულაციების მიხედვით, მასწავლებლის პროფესიაში შესვლის რამდენიმე გზა არის განსაზღვრული.

პირველი და ყველაზე ახალი გახლავთ მასწავლებლის მომზადების საბაკალავრო-სამაგისტრო ინტეგრირებული (300-კრედიტიანი) პროგრამა, რომლის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს მიენიჭება განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხი სწავლების საგნის/საგნების/საგნობრივი ჯგუფისა და საფეხურის მითითებით და პირს ეძლევა უფლება სკოლაში დაიწყოს მუშაობა უფროს მასწავლებლად.  2018 წლის გაზაფხულზე რვა უნივერსიტეტის დაწყებითი განათლების 300-კრედიტიანმა პროგრამებმა გაიარეს აკრედიტაცია და 2018-2019 სასწავლო წლიდან მიიღეს სტუდენტები.

ასევე პირს, რომელსაც აქვს ბაკალავრის, მაგისტრის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი განათლების მიმართულებით და ჩაბარებული აქვს სწავლების შესაბამისი საგნისა და საფეხურის გამოცდა, ეძლევა უფლება სკოლაში დაიწყოს მუშაობა უფროს მასწავლებლად.

მასწავლებლის პროფესიაში შესვლის შემდეგი გზა გახლავთ მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი პროგრამის დასრულება ან ძირითადი პროგრამის პარალელურად, ან დამოუკიდებლად. მაშასადამე, მასწავლებლობის მსურველი, რომელსაც აქვს ბაკალავრის,   მაგისტრის და/ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ეროვნული სასწავლო გეგმის  შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით და აქვთ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებული მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების სერტიფიკატი, ან დიპლომის დანართში ფიქსირდება მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის (60 კრედიტი) გავლა, ეძლევა უფლება სკოლაში დაიწყოს მუშაობა უფროს მასწავლებლად.

იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა მასწავლებლობის მსურველმა გაიარა დამოუკიდებლად, პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობად, გარდა საკვალიფიკაციო  მოთხოვნისა, განისაზღვრება შეფასებისა და გამოცდების  ეროვნული  ცენტრის  მიერ ორგანიზებული საგნის გამოცდისა და უმაღლესი საგანმანათლებლო    დაწესებულების  მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების ჩაბარება;

ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა პირმა გაიარა ძირითადი პროგრამის პარალელურად, მასწავლებლობის უფლების მოსაპოვებლად უნდა ჩააბაროს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული საგნის გამოცდა აკადემიური პროგრამის დასრულების შემდეგ.

მასწავლებლის პროფესიაში ახალგაზრდა კადრების მოზიდვის ერთ-ერთი ყველაზე მოქნილი გზა გახლავთ ზემოთ ხსენებული მასწავლებლის მომზადების 60–კრედიტიანი პროგრამები, როდესაც სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ ძირითადი საბაკალავრო პროგრამის პარალელურად აირჩიონ საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის მომზადების დამატებითი პროგრამა, რომელიც, სამწუხაროდ, გადავიდა მილევად რეჟიმში მთელ რიგ სამართლებრივ აქტებში შეტანილი ცვლილებების გამო. პირადად ჩემი აზრია, რომ კვლავ უნდა შევიდეს ცვლილება რეგულაციებში და უნივერსიტეტებს მიეცეთ საშუალება, გააგრძელონ მასწავლებლის მომზადების დამატებითი პროგრამების განხორციელება ბაკალავრიატის პარალელურად.

მასწავლებლის პროფესიაში შესვლის და უფროს მასწავლებლად მუშაობის დაწყების შესაძლებლობა ეძლევათ ასევე ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის ან განათლების მიმართულების დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებს.

პროფესიაში შესვლის და სქემაში ჩართვის ერთ-ერთი ყველაზე მოქნილი გზა იქნება მაძიებლობის პროგრამა, რომლის ამოქმედებას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი გეგმავს 2019-2020 სასწავლო წლიდან. პირს, რომელსაც აქვს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით მინიმუმ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან/და სასპორტო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (სასპორტო საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლის შემთხვევაში), ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლების პარალელურად აქვს უფლება ჩაერთოს მაძიებლობის პროგრამაში. მაქსიმუმ ორი სასწავლო წლის განმავლობაში  მაძიებლობის პროგრამით განსაზღვრული აქტივობების წარმატებით განხორციელების შემთხვევაში მას ენიჭება უფროსი მასწავლებლის სტატუსი.

–კერძოდ, რა საკანონმდებლო ცვლილებას გულისხმობთ, როდესაც დამატებითი პროგრამის მილევად რეჟიმში განხორციელებაზე საუბრობთ?

–საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 17 ნოემბრის N187/ნ ბრძანებით ცვლილება შევიდა “ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ” 2010 წლის 10 დეკემბრის N120/ნ ბრძანებაში, რომლის თანახმადაც, საგანმანათლებლო პროგრამაში შესაძლებელია მხოლოდ იმ დამატებითი სპეციალობის კომბინირება, რომლის ძირითადი სპეციალობის საგანმანათლებლო პროგრამა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში უკვე ხორციელდება ავტორიზებულ ან აკრედიტებულ რეჟიმში. გარდა ამისა, “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მიხედვით “მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე” სწავლის უფლება აქვს არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ან შესაბამისი სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლების მქონე პირს. აღნიშნულ პროგრამაზე სწავლის სხვა დაშვებას მოქმედი კანონმდებლობა არ ცნობს. ამავე კანონის 8912-ე მუხლი განსაზღვრავს მასწავლებლის მომზადების ბაკალავრიატის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამების მილევად რეჟიმში განხორციელების ვადებს.

–როდესაც სკოლაში იქმნება კადრების დეფიციტი, დირექტორს აქვს თუ არა უფლება, აიყვანოს სქემაში ჩაურთველი მასწავლებელი, თუ მას მხოლოდ საგნის გამოცდა აქვს ჩაბარებული?

–ფაქტობრივად, ამ კითხვაზე ნაწილობრივ პასუხი გავეცი, როდესაც მაძიებლობის პროგრამა ვახსენე. მაგრამ ახლა კიდევ უფრო გავშლი, რათა მკითხველი, მათ შორის დირექტორები, უფრო გაერკვნენ ამ ყველაფერში.

საქართველოს კანონში ზოგადი განათლების შესახებ შესულია ცვლილება, რომლის თანახმად,  საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს შუძლია სკოლაში დაიწყოს შესაბამისი საგნის სწავლება და 2 წლის ვადაში გაიაროს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა ან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დისტანციური კურსი.

კანონი გვაძლევს სკოლაში სწავლების პარალელურად მასწავლებლისადმი წაყენებული მოთხოვნების დაკმაყოფილების შესაძლებლობას მაქსიმუმ ორი წლის ვადაში ან მაძიებლობის პროგრამაში ჩართვით, ან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებით.

–პედაგოგებს, რომლებიც უკვე ასწავლიან სკოლაში, თუმცა დიპლომში არ უწერიათ სპეციალობა – „მასწავლებელი“, ისინი სქემაში ვერ ჩაერთვებიან და პროფესიულ უნარების ჩაბარების უფლება არ ექნებათ?

–როგორც ვიცით, სისტემაში არის გარკვეული რაოდენობა პედაგოგებისა, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ მასწავლებლისადმი წაყენებულ მოთხოვნებს და სწორედ ამის გამო არ აქვთ მინიჭებული სტატუსი. ეს ის პედაგოგებია, რომელთაც სკოლასთან შრომითი ხელშეკრულება გააფორმეს 2015 წლის 20 თებერვლის შემდეგ. ამ კატეგორიისთვის სტატუსის მოპოვების ორი გზა არსებობს: ამ მასწავლებლის მომზადების ერთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამის ან მაძიებლობის პროგრამის წარმატებით დასრულება. რადგან ეს ორივე პროგრამა უზრუნველყოფს პროგრამაში ჩართულ პირს განუვითაროს სწავლების უნარები, პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარება მათ არ მოეთხოვებათ.

მაძიებლობის პროგრამა – მასწავლებლის პროფესიაში შესვლის კიდევ ერთი გზა და მისი ამოქმედების ვადები

მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური