GE

მაძიებლობის პროგრამა – მასწავლებლის პროფესიაში შესვლის კიდევ ერთი გზა და მისი ამოქმედების ვადები

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი  2019-2020 სასწავლო წლიდან მაძიებლობის პროგრამის ამოქმედებას გეგმავს, რომელიც მასწავლებლის პროფესიაში შესვლის და სქემაში ჩართვის ერთ-ერთი ყველაზე მოქნილი გზა იქნება. ამის შესახებ EDU.ARIS.GE-ს მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტი სოფიკო ლობჟანიძე ესაუბრა.

ლობჟანიძის თქმით, პირს, რომელსაც აქვს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით მინიმუმ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან/და სასპორტო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (სასპორტო საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლის შემთხვევაში), ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლების პარალელურად აქვს უფლება ჩაერთოს მაძიებლობის პროგრამაში. მაქსიმუმ ორი სასწავლო წლის განმავლობაში  მაძიებლობის პროგრამით განსაზღვრული აქტივობების წარმატებით განხორციელების შემთხვევაში მას ენიჭება უფროსი მასწავლებლის სტატუსი.

„მინდა აქვე დავძინო, რომ მაძიებლობის პროგრამას ექნება მთელი რიგი უპირატესობები. კერძოდ, მასწავლებლის სტატუსის მოპოვება დასაქმების პარალელურად; პროფესიაში შესვლისა და მასწავლებლობის უფლების მოპოვების სწრაფი გზა და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მაძიებელი თავად დაგეგმას საკუთარი სწავლის პროცესს, პროგრამა იქნება ნაკლებ ხარჯიანი და სწავლების ფორმატი ძირითადად ონლაინ“, -აღნიშნა სოფიკო ლობჟანიძემ.

როგორც მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტი ამბობს, საქართველოს კანონში ზოგადი განათლების შესახებ შესულია ცვლილება, რომლის თანახმად საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს შუძლია სკოლაში დაიწყოს შესაბამისი საგნის სწავლება და 2 წლის ვადაში გაიაროს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა ან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დისტანციური კურსი.

„კანონმა ასევე განსაზღვრა მასწავლებლობის მაძიებელი – პირი, რომელსაც აქვს სულ მცირე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან/და სასპორტო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (სასპორტო საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლის შემთხვევაში) და რომელიც, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროებიდან გამომდინარე, არაუმეტეს 2 წლისა დასაქმებულია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში.

მაშასადამე, კანონი გვაძლევს სკოლაში სწავლების პარალელურად მასწავლებლისადმი წაყენებული მოთხოვნების დაკმაყოფილების შესაძლებლობას მაქსიმუმ ორი წლის ვადაში ან მაძიებლობის პროგრამაში ჩართვით, ან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებით“, – განაცხადა სოფიკო ლობჟანიძემ.

განათლების სამინისტროს და მასწავლებლის სახლს ერთხელ უკვე ჰქონდა მაძიებლობის პროგრამა, რომელიც გაუქმდა. რით იქნება განსხვავებული ახალი პროგრამა ძველისგან? ვის შეუძლია გახდეს მაძიებელი და რა უნდა გააკეთოს მან ამისთვის“ –  ჯერჯერობით ამ კითხვებზე ზუსტი პასუხები არ გვაქვს.

როგორც სოფიკო ლობჟანიძემ აღნიშნა, მაძიებლობის პროგრამასთან დაკავშირებით, ისევე როგორც მასწავლებლის სქემასთან დაკავშირებით სხვა სიახლეები ცნობილი გახდება იანვრის დასაწყისში, მაშინ როცა განათლების მინისტრი ახალ რეფორმას წარმოგვიდგენს.

რაც შეეხება კანონმდებლობას, „ზოგადი განათლების შესახებ კანონში“ 2018 წლის 20 ივლისს  შეტანილი ცვლილებების საფუძველზე მასწავლებლობის მაძიებლობას განსაზღვრავს 214-ე მუხლი, რომელიც მდგომარეობს შემდეგში:

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის თანხმობით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება მასწავლებლობის მაძიებელთან აფორმებს შრომით ხელშეკრულებას.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდში მასწავლებლობის მაძიებელს აუნაზღაუროს შრომა საჯარო სკოლის მასწავლებლის შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების შესაბამისად.

მასწავლებლობის მაძიებელი სარგებლობს ამ კანონით მასწავლებლისათვის გათვალისწინებული ყველა შეღავათითა და უფლებით, გარდა საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის უფლებისა.

მასწავლებლობის მაძიებლის სტატუსით პირმა სკოლაში შეიძლება იმუშაოს არაუმეტეს 2 წლისა. ამ პერიოდში მან უნდა გაიაროს მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამა. მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამის წარმატებით გავლის შემთხვევაში პირს ამ კანონის 213 მუხლით მასწავლებლის განათლებისათვის დადგენილი შესაბამისი მოთხოვნები დაკმაყოფილებულად ეთვლება.

მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამას ამტკიცებს და წარმართავს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდში მასწავლებლობის მაძიებლის ზედამხედველობისთვის პასუხისმგებელია ის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელშიც იგი ასწავლის.

თუ მასწავლებლობის მაძიებელი ვერ დაძლევს მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამას, მას უწყდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება.

მასწავლებლობის მაძიებელთა რეგისტრაციის და მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის წესს, აგრეთვე მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუშსა და გაცემის წესს ამტკიცებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

ამავე თემაზე:

„მაძიებელი მასწავლებლის სკოლაში შესვლა იქნება ადვილი, ამ ადგილის შენარჩუნება – რთული“, – დეტალები სიახლის შესახებ

მოწვეული და შემცვლელი მასწავლებლის სტატუსები განისაზღვრა

მასწავლებლის პროფესიაში შესვლის ახალი გზები – სკოლაში მოწვეული პედაგოგის სტატუსი შემოდის

მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური