GE

ჰოლანდიაში საკლასო ოთახებში მობილურები და სხვა ციფრული მოწყობილობები აიკრძალა

2024 წლის 1 იანვრიდან ნიდერლანდების სკოლების საკლასო ოთახებში მობილური ტელეფონები, ტაბლეტები და სმარტ საათები აიკრძალება. ამის შესახებ 4 ივლისს, ბრიტანული გამოცემა, The Guardian-ი წერს.

როგორც ნიდერლანდების მთავრობა განმარტავს, ამ გადაწყვეტილების მიზანი გაკვეთილის მიმდინარეობისას მოსწავლეების ყურადღების გაფანტვის შემცირებაა.

ციფრული მოწყობილობები საგაკვეთილო პროცესში მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში დაიშვება, მაგალითად, ციფრული უნარების გაკვეთილზე, სამედიცინო მიზნებისთვის ან შშმ პირებისთვის.

„მიუხედავად იმისა, რომ მობილური ტელეფონები გადაჯაჭვულია ჩვენს ცხოვრებასთან, მათი ადგილი კლასში არ არის. მოსწავლეებს კონცენტრაციისა და კარგად სწავლის საშუალება უნდა მიეცეთ. სამეცნიერო კვლევებმა აჩვენა, რომ მობილური ტელეფონი ხელისშემშლელია. ჩვენ მოსწავლეები ამისგან უნდა დავიცვათ“, – განაცხადა ნიდერლანდების განათლების მინისტრმა, რობერტ დიკგრააფმა.

აკრძალვა განათლების სამინისტროს, სკოლებისა და პროცესში ჩართული ორგანიზაციების ერთობლივი შეთანხმებაა.

დიკგრააფის თქმით, ახალი გადაწყვეტილების აღსრულების შესაძლებლობა თავად სკოლებს მიეცემათ, თუმცა, თუ ისინი 2024 წლის ზაფხულისთვის სასურველ შედეგს ვერ მიიღებენ, პროცესი სამართლებრივი წესით დარეგულირდება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური