GE

IBSU-ს რექტორის მოთხოვნა შეზღუდვის მოხსნასთან დაკავშირებით და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პასუხი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი ილიას ჩილოღლუ უნივერსიტეტს სტუდენტების მიღებასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების მოხსნას დღის ბოლომდე მოითხოვს. როგორც რექტორმა განაცხადა დღეს ბოლო დღეა, როცა აბიტურიეენტები საბოლოო არჩევას აკეთებენ სასურველ პროგრამებსა და უმაღლესებზე.

“გადავიხადეთ დავალიანება. ჩვენ ვითხოვთ შეისწავლონ ეს მდგომარეობა, რადგან დღეს არის ბოლო დღე სტუდენტების მხრიდან არჩევანის გაკეთების. აბიტურიენტებმა, რომლებმაც შემოხაზეს შავი ზღვის უნივერსიტეტი, ელოდებიან, როგორი პასუხი იქნება. ჩვენ არ მიგვიღია ოფიციალური წერილი გადაწყვეტილების შესახებ, ამიტომ არ გვაქვს უფლება აპელაციის საბჭოს მივმართოთ”,- განაცხადა რექტორმა.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ დაკისრებული თანხა – 712 000 ლარის ოდენობით გუშინ დაფარა.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ეხმიანება შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სახელმწიფოს წინაშე არსებული ფინანსური დავალიანების დაფარვის შესახებ და განცხადებას ავრცელებს.

“განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი მიესალმება პროცესების მოწესრიგების მიმართულებით შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ გადადგმულ პირველ ნაბიჯს, კერძოდ, სახელმწიფოს მიმართ წლების განმავლობაში დაგროვილი ფინანსური დავალიანების დაფარვის შესახებ.

იმავდროულად ცენტრი ადასტურებს, რომ 2018 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილება მთელი რიგი სასწავლო დაწესებულებების, მათ შორის, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის მინიჭების და ერთი წლის ვადით სტუდენტთა მიღების შეზღუდვის შესახებ, შესაბამისმა საბჭომ მოქმედი კანონმდებლობის განუხრელი დაცვის პირობებში, საჯარო და კერძო ინტერესების გათვალისწინებით მიიღო.

ავტორიზაციის საბჭო არ არის უფლებამოსილი, მოახდინოს ამ გადაწყვეტილების რევიზია კანონითვე დადგენილი სააპელაციო პროცედურების გავლის გარეშე. შესაბამისად, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა, უწინარეს ყოვლისა, უნდა მიმართოს სააპელაციო საბჭოს და წარმოადგინოს მყარი არგუმენტები ბიზნეს პროცესის უწყვეტობის, ინსტიტუციური მდგრადობის და სტანდარტებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნების შესახებ, რათა მაქსიმალურად იქნას დაცული სტუდენტთა უფლებები”, – ვკითხულობთ უწყების განცხადებაში.

შავი ზღვის უნივერსიტეტის სტუდენტები დღეს 18:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციასთან კვლავ საპროტესტო აქციის გამართვას აპირებენ.

ამავე თემაზე:

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუდენტების ახალი ნაკადის მიღება შეუზღუდა – განცხადება

შავი ზღვის უნივერსიტეტისთვის სტუდენტების მიღების შეწყვეტის მიზეზი – სანიკიძის განმარტება

გამოცდების ეროვნული ცენტრი 2018 წლის აბიტურიენტებს შავი ზღვის უნივერსიტეტთან დაკავშირებით აფრთხილებს!

IBSU-ს სტუდენტები სწავლას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური