IBSU-ში კულტურის საერთაშორისო ფესტივალი წელს მეხუთედ გაიმართა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ტრადიციად ქცეული კულტურის საერთაშორისო ფესტივალი წელს უკვე მეხუთედ გაიმართა. ფესტივალში მონაწილეობას იღებს არაერთი ქვეყნის წარმომადგენელი ახალგაზრდა, რომლებიც ამავდროულად შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები არიან. ნაციონალურ ტანისამოსში გამოწყობილი მონაწილეები სხვა სტუდენტებს თავიანთი ქვეყნის კულტურისათვის დამახასიათებელი ხელოვნების ნიმუშებს, საკვებსა და ქვეყნის შესახებ საინტერესო ინფორმაციას აცნობენ.
როგორც უნივერსიტეტის რექტორი ილია ჩილოღლუ აღნიშნავს, ფესტივალის იდეა თავად სტუდენტებისგან გაჩნდა და ის მიზნად ისახავს სტუდენტების ერთმანეთთან დაახლოებას და სხვადსხვა ქვეყნების კულტურის გაცნობას.
„იდეა ხუთი წლის წინ გაჩნდა, როცა სტუდენტები მოვიდნენ ჩემთან და მითხრეს, რომ კარგი იქნებოდა ჩატარებულიყო ფესტივალი, სადაც სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტები წარმოადგენდნენ თავის სახეს.
„თავდაპირველად, დაახლოებით 15 ქვეყნიდან ჩამოსული სტუდენტი სწავლობდა ჩვენთან, წელს კი, უკვე 27 სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტი გვყავს, მათ შორის: აზერბაიჯანის, უკრაინის, ეგვიპტის, სომხეთის და სხვა ქვეყნის სტუდენტები. ამიტომ, წელს ფესტივალი მნიშვნელოვანია სტუდენტებისთვის, მისი მიზანი კი ისაა, რომ სტუდენტებმა ერთმანეთს თავიანთი ქვეყნების მუსიკა, კერძები და კულტურა აჩვენონ და გააცნონ. უნივერსიტეტის მისიაში გვიწერია, რომ ინტერკულტურული ურთიერთობები ჩვენი პრიორიტეტია. ეს ფესტივალი კი სტუდენტებს ხელს უწობს, რომ მათ ერთმანეთი გაიცნონ, პატივი სცენ ერთმანეთს და ერთად გაატარონ დრო, რომელიც მათთვის დაუვიწყარი იქნება“, – ამბობს უნივერსიტეტის რექტორი.
ფესტივალი გამორჩეულ დღესასწაულად იქცა IBSU-ს სტუდენტებისთვის. გარდა კულტურის გაცნობისა, ფესტივალის ფარგლებში სტუდენტებს შორის სხვადასხვა ტიპის თამაშები და შეჯიბრებები იმართება, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის კულტურიდან იქნა შერჩეული.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსტეტის მესამე კურსის სტუდენტი თამარ გეგენავა ფესტივალს ყოველწლიურად ესწრება და როგორც თავად ამბობს, ეს შესანიშნავი ფესტივალია, რომელში მონაწილეობასაც 20-ზე მეტი ქვეყნის სტუდენტი იღებს და რომელიც მთელ უნივერსიტეტს აერთიანებს.
„ეს არის სიჭრელის, მრავალეროვნების და ამავდროულად შემეცნების ადგილი. ყველა სტუდენტი ერთიანდება მულტიკლტურულ გარემოში იმისთვის, რომ თავიანთი ქვეყნების კულტურა ერთმანეთს გააცნონ“.
სამართლის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი ნინო წულაძე კი აღნიშნავს, რომ „ფესტივალი უნივერსიტეტის მიზნებს გამოარჩევს.
„ჩვენ ვამართლებთ ჩვენს სახელს, იმას, რომ ვართ საერთაშორისო უნივერსიტეტი, რადგან ამ დღეს ერთიანდება IBSU-ში მყოფი სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტები და ერთამეთს თავიანთი კულტურის ნიშან-თვისებებს აცნობენ. ეს არის დღე, როდესაც სხვადასხვა მიმართულებით სტუდენტების სოციალური ცხოვრების განვითარება ხდება. უკვე მესამედ ვესწრები ფესტივალს და შემიძლია გითხრათ, რომ ყოველწლიურად ვითარდება, იძენს ახალ მნიშვნელობებს და შესაძლებლობებს, რაც ძალიან კარგია.
„ყველაზე მთავარი კი, ჩემი აზრით, ის არის, რომ სტუდენტები თავად ცდილობენ თავიანთი ქვეყნების წარმოჩენას. ისინი არიან ელჩები საქართველოში, ჩვენ კი, როგორც მასპინძლები, ძალიან კმაყოფილები ვართ ამ ყველაფრით“.
- პედაგოგების წინასაარჩევნო განწყობა და მოთხოვნები – „მსურს პოლიტიკოსების სამოქმედო გეგმა უფრო ცხადი, დაპირებები კი უფრო გააზრებული იყოს“ by ARIS.GE-განათლება
- მეთორმეტეკლასელი ამომრჩეველი: „ვირჩევ ევროპულ განათლებას და მოვითხოვ, ჩემი ცოდნის რეალიზების საშუალება მქონდეს“ by ARIS.GE-განათლება
- „ნახეთ მეთორმეტეკლასელების ცხრილი? სრული კატასტროფა! როგორ უნდა მოასწრონ ბავშვებმა მეცადინეობა!“ by ARIS.GE-განათლება