IBSU-ში სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ ორგანიზებული კონკურსების გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვეს
2015 წლის 23 იანვარს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულ კონკურსების სერიაში გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოვება.
კონკურსები ხუთ სხვადასხვა მიმართულებაში 2014 წლის 10 დეკემბერს დაიწყო და ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. პროექტის ფარგლებში სხვადასხვა სახის შეჯიბრები გაიმართა მომავალი იურისტებისთვის, ჟურნალისტებისთვის, ეკონომისტებისთვის, საერთაშორისო ურთიერთობების და საჯარო მმართველობის სპეციალისტებისთვის. თბილისის და სხვა ქალაქების სკოლების მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ, მონაწილეობა მიეღოთ როგორც ინდივიდუალურ, ისე გუნდურ კონკურსებში. თითოეული მიმართულებით გამოვლინდნენ გამარჯვებულები და სხვადასხვა საპრიზო ადგილის მფლობელები.
უნივერსიტეტის ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, დაჯილდოვების ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდნენ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, ბატონი ილიას ჩილოღლუ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, თამარ პაპავაძე. მათ ასევე წიგნებით და სპეციალური სერთიფიკატებით დააჯილდოვეს მოსწავლეები, რომლებიც კონკურსების მიმდინარეობისას განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდნენ, ასევე სკოლების დირექტორები, რომელთა მოსწავლეებმაც კონკურსებში გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს.
პირველი ადგილის მფლობელმა ხუთმა მოსწავლემ საჩუქრად მიიღო პლანშეტი, ხოლო მეორე და მესამე ადგილის მფლობელები დაჯილდოვდნენ „ბიბლუსის“ 100 და 50-ლარიანი სასაჩუქრე ბარათებით. საპრიზო ადგილზე გასული ყველა მოსწავლე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩაბარების შემთხვევაში მიიღებს 25%-იან ფასდაკლებას სწავლის გადასახადზე.
ღონისძიება, ტრადიციულად, ტორტის გაჭრის ცერემონიალით დაგვირგვინდა.
- ამბის თხრობის ხელოვნება სოციალურ მედიაში – ვორქშოფი IBSU-ში by შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- „სამართალი ფილმებში“ – IBSU-ში აბიტურიენტებისთვის ზამთრის სკოლაში რეგისტრაცია დაიწყო by შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- დაპროგრამებაში უნივერსიტეტებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის (ACM ICPC) ნახევარფინალში IBSU-ს ორი გუნდი გადავიდა by შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი