GE

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამა წარმოადგინა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა სამედიცინო პროგრამა წარადგინა და თემაზე „დიალოგი: განათლება და ჯანდაცვა“ კონფერენცია გამართა.

კონფერენციის პირველი ნაწილი იმ გამოწვევების განხილვას დაეთმო, რომლებიც საქართველოში სამედიცინო განათლების წინაშე დგას, ხოლო მეორე ნაწილი – ქვეყნის ჯანდაცვის სფეროში არსებულ გამოწვევათა განხილვას.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის პროგრამის კოორდინატორის ივანე აბიატარის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სამედიცინო განათლებასა და ჯანდაცვის სფეროს შორის კომუნიკაცია გაძლიერდეს.

„ჯანდაცვის სამედიცინო იმპლემენტაცია ჩვენმა უნივერსიტეტმა დაიწყო მიმდინარე წელს და ჩვენ გვინდა განვავითაროთ მედიცინის სკოლის მიმართულება. გვაქვს ასევე მედიცინის სადოქტორო პროგრამა, გვაქვს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სადოქტორო პროგრამა და ზოგადად ეს მიმართულება ჩვენთვის პრიორიტეტულია. რაც შეეხება ჩვენ მიერ ორგანიზებულ კონფერენციას, მისი მიზანია სამედიცინო განათლებასა და ჯანდაცვის სფეროს შორის კომუნიკაციის გაძლიერება. დღეს გავაფორმეთ ასევე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ამ კონფერენციის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კლინიკა „პინეოს“ სამედიცინო ეკოსისტემას შორის და ასევე ჩვენს უნივერსიტეტსა და აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრს შორის“, – განაცხადა ივანე აბიათარმა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ქეთევან ლაკირბაიას განცხადებით, ადამიანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობა მათთვის პრიორიტეტულია, ხოლო კვლევითი გამოცდილება, რომელიც ილიაუნიში დაგროვდა, ახალი სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამის დანერგვის საშუალებას იძლეოდა.

„ილიას უნივერსიტეტი არის ერთ-ერთი ყველაზე მზარდი კვლევითი საგანმანათლებლო დაწესებულება საქართველოში. კვლევების თვალსაზრისით ჩვენი მიღწევები აღიარებულია არა მარტო საქართველოში, არამედ რეგიონშიც და საერთაშორისო რეიტინგებიც ამას ცხადყოფს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები. ამ მიმართულებით სხვადასხვა თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ლაბორატორიები გვაქვს უნივერსიტეტში, ასევე არსებობს მრავალი ცენტრი და ინსტიტუტი, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ  საკითხებზე მუშაობს. წლებია უკვე ვახორციელებთ სადოქტორო პროგრამებს მედიცინის მიმართულებით და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით. სწორედ იქედან გამომდინარე, რომ ეს კვლევითი გამოცდილება უნივერსიტეტში დაგროვდა და ამის გარდა ქვეყანაშიც მწვავედ  დგას სამედიცინო განათლების და ზოგადად ჯანდაცვის საკითხები, ბევრი გამოწვევა არსებობს ამ მიმართულებით, ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ უნივერსიტეტში გაგვეხსნა მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამა“, – განაცხადა ქეთევან ლაკირბაიამ.

კონფერენციაში მონაწილეობა დარგის წამყვანმა  ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა მიიღეს. მათი მსჯელობის საგანი თანამედროვე მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამებისა და  პრაქტიკის საკითხები, ასევე სამედიცინო მომსახურების ხარისხის, ადამიანური რესურსების, სერვისების ფინანსური ხელმისაწვდომობისა და დაზღვევის სისტემების წინაშე არსებული გამოწვევები იყო.

კონფერენციის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის სკოლასა და სამედიცინო ორგანიზაციებს „ევექსსა“ და „პინეოს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური