GE

ილიას უნივერსიტეტის პროგრამა უახლესი ისტორიის მიმართულებით და მემორანდუმი ეროვნულ ბიბლიოთეკასთან

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

უნივერსიტეტმა უახლესი ისტორიის მიმართულებით ახალი პროგრამა დაიწყო და როგორც ილიას უნივერსიტეტის რექტორმა გიგლა ზედანიამ განაცხადა, ამ მხრივ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობა მთავარი გადამწყვეტი ფაქტორია.

„კონკრეტულად ეს მემორანდუმი ეხება ერთ ახალ პროგრამას, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა დაიწყო, ეს არის პროგრამა უახლესი ისტორიის მიმართულებით, რისთვისაც ჩვენ ძალიან გვჭირდება ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული დოკუმენტები და წიგნები. ასევე ვაპირებთ, რომ ეს თანამშრომლობა გავავრცოთ და ძალიან საინტერესო გეგმები გვაქვს, მაგალითად, იმ არსებული ლიტერატურის დიგიტალიზაციასთან დაკავშირებით, რომელიც  ინახება ეროვნულ ბიბლიოთეკაში და  ილიას უნივერსიტეტი ძალიან დაინტერესებულია ამ მიმართულებით. დიგიტალური-ჰუმანიტარული მიმართულებები  გულისხმობს ტექნოლოგიების გამოყენებას ცოტა მოულოდნელი კუთხით და შესაბამისად, დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს თანამშრომლობა ძალიან ბევრ საინტერესო რამეს მოიტანს ჩვენი საკუთარი ისტორიის შესწავლის საქმეში“,  –  განაცხადა გიგა ზედანია.

პარლამენტის ეროვნული ბიბილიოთეკის  დირექტორ გიორგი კეკელიძის თქმით კი, მათი თანამშრომლობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ხანგრძლივად გაგრძელდება და პირველ რიგში, აქტიურად ითანამშრომლებენ უახლესი მასალების გამოკვლევისა და სამეცნიერო დამუშავების მიმართულებით.

„ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია, რომ საქართველოს ერთ-ერთი  საუკეთესო უნივერსიტეტი და ეროვნული ბიბლიოთეკა დღეიდან ითანამშრომლებენ და ეს თანამშრომლობა, ბუნებრივია, პირველ რიგში გულისხმობს უახლესი მასალების გამოკვლევას და ამავდროულად სამეცნიერო დამუშავებას. მეორე მხრივ, უფრო ფართო გეგმების მიმართულებით, ჩვენ გვინდა, რომ საერთო დიგიტალური პროგრამები გვქონდეს. ვგულისხმობ გაციფრულებას, ტექსტის ამომცნობს, სპეციალურ ლაბორატორიებს და ა.შ. დარწმუნებული ვარ, ამ ყველაფერს ერთობლივად, ძალიან ეფექტურად გავართმევთ თავს“, – განაცხადა გიორგი კეკელიძემ.

მემორანდუმის ფარგლებში, სრულყოფილი ინფორმაციის მოპოვებისა და მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადების მიზნით, მხარეები საგანმანათლებლო საქმიანობის განვითარებაზე მიმართულ ერთობლივ პროექტებს დაგეგმავენ და განახორციელებენ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური