GE

ილიაუნის სამართლის სკოლამ ესეების კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები სწავლის დაფინანსებით დააჯილდოვა – გამარჯვებულთა კომენტარები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულების მიერ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამოცხადებულ ესეების კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდნენ, რომლებიც სამართლის სკოლის დეკანთან ონლაინ შეხვედრაზე შესაბამისი სიგელებით, სწავლის დაფინანსებითა და სხვადასხვა პრიზით დაჯილდოვდნენ.

კონკურსი თემაზე „რა გავლენა მოახდინა კორონავირუსის პანდემიამ შენს უფლებებზე?”  2020 წლის 10 დეკემბერს გამოცხადდა და ნამუშევრების წარდგენა თვის ბოლომდე იყო შესაძლებელი. მასში მონაწილეობას საშუალო საგანმანათლებლო დაწესებულებების X-XII კლასის მოსწავლეები იღებდნენ. კონკურსით ბევრი ახალგაზრდა დაინტერესდა და როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, მათ მიერ წარმოდგენილი საკონკურსო ნამუშევრები იმდენად მაღალპროფესიონალურ დონეზე იყო შესრულებული, რომ გამარჯვებულების გამოვლენა საკმაოდ გართულდა, რადგან თითოეული მონაწილე გამოირჩეოდა კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნებით.

ორგანიზატორები ვარაუდობენ, რომ კონკურსით დაინტერესება გამოიწვია პრობლემამ, რომელიც თითოეულ მოსწავლეს, პანდემიის გამო, მეტნაკლებად შეეხო, რადგან მან დიდი გავლენა მოახდინა ბავშვებზე, განსაკუთრებით მათი ჯანმრთელობის, განათლებისა და ძალადობისგან დაცვის უფლებებზე.

საგანგებოდ შედგენილი ჟიურის მიერ გამოვლენილმა გამარჯვებულებმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში სწავლისთვის სხვადასხვა ტიპის დაფინანსება მოიპოვეს:  I ადგილზე გასულმა კონკურსანტმა – 1000-ლარიანი ვაუჩერი, II ადგილზე გასულმა კონკურსანტმა – 800-ლარიანი, ხოლო III ადგილზე გასულმა კონკურსანტმა – 500-ლარიანი ვაუჩერი მიიღო.

პირველი ადგილი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალეს თემის #1 საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლემ, თამარ აქუბარდიამ დაიკავა. თამარის სოფელი კონფლიქტის ზონაში, გამყოფი ხაზის პირას მდებარეობს და ამბობს, რომ სწორედ ამიტომ, მისთვის კონკურსში მონაწილეობასაც და გამარჯვებასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

„ჩემი ესეს სათაური იყო „50 400“. ეს იმ ბავშვების რაოდენობაა, რომელთაც, ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში, განათლების უფლება დაერღვათ. თუმცა, ეს მხოლოდ სტატისტიკაა და რეალურად, ამ რიცხვების მიღმა უამრავი ჩემი მსგავსი ადამიანია. ბავშვები, რომლებსაც სწავლა უნდათ, მაგრამ ასეთ რთულ მდგომარეობაში ძალიან მოულოდნელად და მოუმზადებლად აღმოჩნდნენ. მთელი ჩემი ესე ამას ეძღვნებოდა. ეს პლატფორმა გამოვიყენე, რათა მესაუბრა არა მხოლოდ ჩემი და ჩემი მეგობრების, არამედ ამ 50 400 ბავშვის სახელით, რომელთაც განათლების უფლება შეეზღუდათ.

„სოფლად და განსაკუთრებით, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსწავლეების გამოწვევები კიდევ უფრო მეტი და კიდევ უფრო მძიმეა. ჩვენთვის ბევრად რთულია, თუნდაც, სხვადასხვა კონკურსში მონაწილეობა, საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა, აზრის გამოხატვა. მგონია, რომ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ბავშვების პრობლემები ნაკლებად ისმის. ამას კი ემატება მუდმივი სტრესი და დაძაბულობა, რომელშიც ისინი იმყოფებიან. ჩემი სურვილი იქნებოდა მეტი პროექტი, მეტი დაინტერესება იყოს საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსწავლეების მიმართ, რათა ჩვენც შევძლოთ შესაძლებლობების წარმოჩენა“, – განუცხადა EDU.ARIS.GE-ს პირველადგილოსანმა თამარ აქუბარდიამ.

მეორე ადგილზე ბორჯომის მუნიციპალიტეტის, სოფელ ტაძრისის გიორგი მთაწმინდელის სახელობის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე მარიამ ბალახაძე გავიდა, რომელმაც კონკურსში მონაწილეობა იმის გამო გადაწყვიტა, რომ სამართლის სპეციალობითაა დაინტერესებული. სამომავლო პროფესიადაც სწორედ სამართალს განიხილავს. ამბობს, რომ მეორე ადგილზე გასვლას არ ელოდა და ეს მისთვის მოულოდნელი სიურპრიზი იყო.

„ესეში ჩემი პირადი აზრი და დამოკიდებულება გადმოვეცი. თუ რა დაბრკოლებებს წავაწყდი და როგორ გადავლახე ისინი. ვისაუბრე იმაზე, რაც ყველას აწუხებს – ხარვეზები საგაკვეთილო პროცესში, ჩართვების დროს. მე სოფელში ვცხოვრობ, სადაც ინტერნეტი არ არის. ამიტომ, ჩვენი გაკვეთილებზე ჩართვა მუდმივი პრობლემა იყო. ვიცი, რომ საქართველოში ბევრი სოფელია ასეთი და მათი სახელითაც ვისაუბრე. ყურადღება ასევე გავამახვილე ძალადობის მსხვერპლ ბავშვებზე, რომელთაც, შესაძლოა, სახლში არ ექმნებათ ისეთი პირობები, რომ საგაკვეთილო პროცესში სრულყოფილად ჩაერთონ. მათთვის სახლში დარჩენა ორმაგი სტრესია“,  – აღნიშნა მარიამმა.

მესამე ადგილის მფლობელი კი გვანცა ფირცხალავაა, თბილისის 67-ე სკოლის მეათე კლასის მოსწავლე, რომელსაც ილიაუნისთან საკუთარი მომავლის დაკავშირება მანამდეც გადაწყვეტილი ჰქონდა. კონკურსში გამარჯვებამ კი იგი საკუთარ შესაძლებლობებში კიდევ უფრო მეტად დაარწმუნა და ახლა სჯერა, რომ უნივერსიტეტის სამართლის სკოლასთან თანამშრომლობით მომავალში ბევრად მეტს მიაღწევს.

„ეს კონკურსი, ჩემთვის, ერთგვარი გამოწვევა იყო ყოველდღიურ დამღლელ რუტინაში. მიმაჩნია, რომ განათლება საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა არა მხოლოდ პანდემიის დროს, არამედ ზოგადად.  ესეზე მუშაობის პროცესი ძალიან საინტერესო იყო. მეტი რამ გავიგე ჩვენი უფლებების შესახებ, კონკრეტულად განათლების უფლებაზე და იმაზე, თუ რა შეზღუდა პანდემიამ. წერის პროცესში უამრავი ინფორმაცია მოვიძიე სხვადასხვა საკითხზე და ბევრი რამ ჩემთვის აღმოჩენა იყო“, – გვითხრა გვანცამ.

ორგანიზატორების თქმით, კონკურსის მიზანი ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საკითხების პოპულარიცაზია იყო და ეს მიზანი მან სრულყოფილად შეასრულა. ილიაუნის სამართლის სკოლის დეკანის, ირაკლი ფორჩხიძის თქმით, ადამიანის უფლებებზე საუბარი ყოველდღიურობაში ყველას ესმის, თუმცა იგი სათანადოდ გააზრებული და აღქმული არ არის და სწორედ ამის შეცვლას ემსახურებოდა კონკურსი.

რაც შეეხება შეფასების კრიტერიუმებს, დეკანის თქმით, მთავარი აქცენტი მსჯელობის უნარზე გაკეთდა – რამდენად კარგად იყო თემაში მიმოხილული ქვეყანაში არსებული პრობლემები, როგორ ხედავენ მოსწავლეები უფლებების შეზღუდვას და რამდენად არგუმენტირებულად ასაბუთებენ საკუთარ აზრს. ასევე, რამდენად გამართულად აყალიბებენ ისინი სათქმელს, რამდენად კარგად იყენებენ სტატისტიკურ მონაცემებს და რამდენად ორიგინალურად გადმოსცემენ შინაარსს.

„ესეებში ძირითადი ხაზგასმა განათლების მიღებასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებსა და უფლებების შეზღუდვაზე იყო, თუმცა, ამასთან იყო მიბმული ის უსამართლო და უთანასწორო სოციალური მდგომარეობაც, რომელიც არსებობს. ასევე, ოჯახური ძალადობის საკითხები. არსებულმა შეზღუდვებმა, განსაკუთრებით კი გადაადგილებასთან დაკავშირებულმა შეზღუდვამ, ადამიანებში სხვადასხვა ტიპის აშლილობა გამოიწვია, რაც ოჯახურ ძალადობას უკავშირდება. ეს თემა ბევრ ესეში იყო გამოკვეთილი.

„სათქმელი ბევრმა მონაწილემ ძალიან კარგად ჩამოაყალიბა. ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო იმ განცდების წაკითხვა, რომელიც თითოეულ მათგანს ჰქონდა. ვულოცავ გამარჯვებულებს და დარწმუნებული ვარ, მათ წინ კიდევ არაერთი გამარჯვება და წარმატება ელით“, – განაცხადა ირაკლი ფორჩხიძემ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური