GE

„4 მილიონი დოლარის გრანტები დავარიგეთ უნივერსიტეტებისთვის“ – რას ჰპირდებიან მომავალ სტუდენტებს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის განცხადებით, დღევანდელი აბიტურიენტები და მომავალი სტუდენტები ისეთი განათლებისა და დიპლომის მიღებას შეძლებენ, რა შესაძლებლობებიც ლონდონში, ვაშინგტონსა თუ ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში სტუდენტებისთვის არსებობს.

როგორც გიორგი ამილახვარმა 20 მაისს, პირდაპირ ეთერში, „განათლების მსოფლიო ფორუმიდან‘ საუბრისას განაცხადა, უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია იმის შესაძლებლობას მოგვცემს, რომ თბილისში ევროპული და ამერიკული განათლება მივიღოთ.

“აქ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია – დისტანციური და ონლაინ განათლება, ერთობლივი და ორმაგი დიპლომების პროგრამების ჰარმონიზაცია და სწორედ ეს არის, რაზეც  დღეს საქართველოს მთავრობა და განათლების სამინისტრო მუშაობს – ჩვენს სტუდენტებს შევთავაზოთ ზუსტად იგივე დონის განათლება, რომელიც შესაძლებელია დღეს მიიღონ ვთქვათ, ლონდონში, ვაშინგტონში თუ ევროპის სხვა ქალაქებში.

“ამ კუთხით ჩვენ კონკრეტული წარმატებები და მნიშვნელოვანი შედეგები გვაქვს, დღეს დაახლოებით 30 პროგრამა გვაქვს უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში, სადაც ერთობლივი და ორმაგი დიპლომების პროგრამები ხორციელდება. ამ პოლიტიკას ჩვენ ვაგრძელებთ, 4 მილიონი დოლარის გრანტები დავარიგეთ უნივერსიტეტებისთვის, რომ მათ თავიანთ პარტნიორ, ევროპულ თუ ამერიკულ უნივერსიტეტებთან ერთად, შექმნან და განახორციელონ ერთობლივი და ორმაგი დიპლომების პროგრამები და სწორედ ისეთი ხარისხის დიპლომები შევთავაზოთ ჩვენს სტუდენტებს თბილისში”, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

გარდა ამისა, განათლების მინისტრმა აღნიშნა, რომ “მნიშნვენოვანია, თანამედროვე ტექნოლოგიები, მათ შორის ხელოვნური ინტელექტი დავაინტეგრიროთ როგორც სასკოლო განათლებაში, ასევე უმაღლეს განათლებაში“. ამ მიზნით კი, როგორც გიორგი ამილახვარმა თქვა, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას პარტნიორებტან ერთად იწყებენ.

ცნობისთვის, ლონდონში მიმდინარე „განათლების მსოფლიო ფორუმის“ მთავარ განსახილველ საკითხებს წარმოადგენს განათლების მიმართულებით არსებული გამოწვევები, მათი გადაჭრის გზები, ხელოვნური ინტელექტი და თანამედროვე ტექნოლოგიები, როგორც განათლების სფეროს განვითარების მექანიზმები. განათლების მინისტრები მსჯელობენ, თუ როგორ უნდა გამოიყენონ და დანერგონ ეფექტიანად თანამედროვე მიღწევები სწავლა-სწავლების პროცესში.

ასევე იხილეთ:

კანონპროექტი ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის 10-წლამდე გაზრდის შესახებ უკვე პარლამენტშია – დეტალები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური